საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მენაბდე და ირაკლი ბუთბაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/424 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 9 ოქტომბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მენაბდე და ირაკლი ბუთბაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №424) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ვახტანგ მენაბდემ და ირაკლი ბუთბაიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა 2007 წლის 15 მაისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ სინდისისა და რწმენის თავისუფლებებს.
მოსარჩელეთა აზრით, სინდისის თავისუფლება გულისხმობს პირის შეხედულებებს „კარგსა“ და „ცუდზე“, რაც განაპირობებს ინდივიდის შესაბამის ქმედებას. ხოლო რწმენის თავისუფლება, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს პირის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს და ჰქონდეს რელიგიური ან არარელიგიური მრწამსი და იმოქმედოს მის შესაბამისად. რწმენის თავისუფლება მოიცავს პირის უფლებას, არ დაექვემდებაროს ისეთ მოპყრობას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება მის აზროვნებას. მოსარჩელეთა აზრით, ადამიანის რწმენისა და სინდისის თავისუფლებაში ჩარევად აღქმული უნდა იქნეს ნებისმიერი ქმედება, რომლითაც სახელმწიფო შეეცდება, პირი აიძულოს იმოქმედოს თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სიკეთეებს შორის მოიაზრება ასევე პაციფიზმი. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად მიუთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებზე („X გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, „ცირლსი და კულუმპასი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „ბრინკოფი ნიდერლანდების წინააღმდეგ“, „თლიმენოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“).
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა იმპერატიულად მოითხოვს სტუდენტების მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის ერთჯერადად გავლას, რის გამოც ირღვევა იმ სტუდენტების უფლებები, რომლებსაც საკუთარი რწმენის გამო არ სურთ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა. მართალია, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირები, რომლებმაც უკვე გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, გათავისუფლებულნი არიან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან, მაგრამ, მოსარჩელეთა განმარტებით, ეს ნორმა წარსულისკენაა მიმართული. კერძოდ, სტუდენტს, რომელსაც სურს სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლება, გაწვევის დროს უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ეს კი, მათი აზრით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, რის გამოც ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. მათი აზრით, სადავო ნორმით დარღვეულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესაბამისი დებულებები.
4. განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2007 წლის 28 სექტემბერს. სასამართლო კოლეგიამ საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევის მიზნით გადაწყვიტა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილი წესით შეატყობინა მოსარჩელე მხარეს განმწესრიგებელი სხდომის თარიღისა და მისი ზეპირი მოსმენით გამართვის თაობაზე. მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა მხარის დაუსწრებლად.
II
1. კონსტიტუციური სარჩელიდან არ ირკვევა სადავო ნორმით მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტი. მოსარჩელეები ზოგადად მიუთითებენ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით სინდისის და რელიგიის თავისუფლებების დარღვევის აბსტრაქტულ შესაძლებლობაზე. სარჩელში არ არის აღნიშნული და მით უფრო, დასაბუთებული, რომ მოსარჩელეები სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის სუბიექტები არიან; არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება, რომ სადავო ნორმით მათი კონსტიტუციური უფლება უკვე დაირღვა ან ისინი უფლების დარღვევის რეალური შესაძლებლობის პირისპირ დგანან. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი მოსარჩელეს ევალება ამ გარემოებებზე მითითება, რადგან მხოლოდ ასეთი გარემოებების არსებობა ანიჭებს საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილნი არიან კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილევლად მიღების საკითხის გარკვევისას არაერთხელ მოუწია ამ ნორმის განმარტება. მაგალითად, 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინებაში მითითებულია: „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური.
პირველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებითაც უფლებებში შეჭრის ფაქტი დადასტურდება.
მეორე შემთხვევაში ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობების მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“.
2005 წლის 25 ივლისის განჩინებაში კი სასამართლომ აღნიშნა, რომ „ ... პირს, როგორც მოსარჩელეს უფლება აქვს იდაოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე. ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმატიულ აქტსა და მოსარჩელის უფლებებს შორის. იმ ვითარებაში, როცა სარჩელიდან არ დასტურდება სადავო ნორმატიული აქტების, კონსტიტუციური უფლებებისა და მოსარჩელე სუბიექტის კავშირ-ურთიერთობა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ დაცულია ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები“.
კონსტიტუციური სარჩელი ზემოდასახელებულ პირობებს არ აკმაყოფილებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ცნობები იმის თაობაზე, რომ ისინი ნამდვილად სწავლობენ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2006-2007 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებულნი არიან იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე და გავლილი აქვთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის 6 სემესტრი.
ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არიან სტუდენტები, არ არის საკმარისი მათი სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობების სუბიექტებად მიჩნევისთვის. კერძოდ: „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი პირისათვის, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, განისაზღვრება 23 წლიდან .....“. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის მიხედვით კი „წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ... არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე“. მაშასადამე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება 23 წლიდან.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის მოსარჩელეთა პირადობის მოწმობების ასლები, რომელთა მიხედვითაც ირაკლი ბუთბაია ამჟამად არის 21 წლის, ხოლო ვახტანგ მენაბდე – 20 წლის. შესაბამისად, ბუთბაია სარჩელში დაყენებული პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ორი წლის, ხოლო მენაბდე – სამი წლის შემდეგ.
სასამართლოსთვის უცნობია და წინასწარ ზუსტი დამაჯერებლობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ თითოეული მათგანი 23 წლის ასაკში აუცილებლად იქნება სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის სუბიექტი, მეტიც, სარჩელში არ არის ამის მტკიცების მცდელობაც კი. მოსარჩელეები არ თვლიან საჭიროდ იმის დასაბუთებას, რომ უფლების სავარაუდო დარღვევის საფრთხე მათთვის უშუალო, რეალური და პირდაპირია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – კონსტიტუციური სარჩელი არ არის შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების ვახტანგ მენაბდისა და ირაკლი ბუთბაიას 424-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე