კავშირი „ინვალიდთა ლიგა“, მიხეილ სანდუხაძე და ვიტალი რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/329 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 2 ივნისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე _ თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი _ მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: კავშირი „ინვალიდთა ლიგა“, მიხეილ სანდუხაძე და ვიტალი რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის, 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, 92-ე და 921 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების წარმომადგენლები – კახა კუკავა და ნინო გოგუაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2005 წლის 13 მაისს გადმოეცა კავშირ „ინვალიდთა ლიგის“, მიხეილ სანდუხაძისა და ვიტალი რობაქიძის 329-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 20 მაისს.
კავშირ „ინვალიდთა ლიგამ“, მიხეილ სანდუხაძემ და ვიტალი რობაქიძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 6 მაისს შემოიტანეს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15 და მე-16 მუხლების საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-21 მუხლი, 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, 92-ე და 921 მუხლები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 21-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. სადავო ნორმები არ აძლევენ მათ საშუალებას სრულად და დროულად დაიკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნიათ სახელმწიფოს წინაშე. სახელმწიფო, როგორც მოვალე, პრიორიტეტულ მდგომარეობაშია ჩაყენებული სხვა მოვალეებთან შედარებით. სადავო 21 მუხლი ითვალისწინებს აღსრულების შეზღუდვებს იმ ენერგოკომპანიების მიმართ, რომელშიც სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს ფლობს, მაშინ როცა კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ ასეთი შეზღუდვები არ არის დაწესებული. სხვა სადავო ნორმები, სახელდობრ, 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, 92-ე და 921 მუხლებიც ასევე ითვალისწინებენ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების განსხვავებულ მექანიზმს, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას. აღსრულების ფონდით, რაც სადავო ნორმებითაა გათვალისწინებული, შეზღუდულია ის ქონება, რაზეც შეიძლება გადახდევინების მიქცევა. მართალია, კანონი ითვალისწინებს ამ ფონდის გაზრდის შესაძლებლობას, მაგრამ პრაქტიკულად ეს არ ხორციელდება. აღსრულების ფონდის გარდა, სახელმწიფოს სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესაძლებლობა, მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, არ ამსუბუქებს მდგომარეობას. ამდენად, სახელმწიფოზე დაკისრებული თანხების გადახდა მის კეთილგანწყობაზე და რთულ საკანონმდებლო პროცესზეა დამოკიდებული. მოსარჩელეები თვლიან, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რიგითობა ასევე უარყოფითად აისახება მათ უფლებებზე. ამ გარემოებათა გამო ადგილი აქვს მათ დისკრიმინაციას, საკუთრების უფლებისა და უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების ხელყოფას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას.“ ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას.“ კანონმდებლობის ამ მოთხოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და ამ მიზნით მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მიმანიშნებელი. სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელეთა მცდელობის მიუხედავად, კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებები არ მიანიშნებენ, რომ სადავო აქტით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მოსარჩელეთა ის უფლებები, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით.
საქმეში არსებული მასალებიდან არ ჩანს მოსარჩელე ფიზიკური პირების უფლებათა დარღვევა აღსრულების პროცესში, კერძოდ, აღსრულებას ქვემდებარე აქტებით, რომლებიც გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით. საქმეში გვაქვს მხოლოდ სოციალური დაზღვევის დაწესებულებათა მიერ გაცემული ცნობები მათ მიმართ საპენსიო დავალიანებათა შესახებ. მართალია, კავშირ „ინვალიდთა ლიგის“ სახელზე 2003 წლის 11 მარტს გაცემულია „სააღსრულებო ფურცელი“, სადაც აღსრულების კონკრეტული ვადებიცაა დადგენილი, მაგრამ სარჩელიდან არ ჩანს, რომ მისი უფლებები სავარაუდოდ სადავო აქტებით დაირღვა.
სადავო ნორმებიდან არ ჩანს, რომ „სააღსრულებო ფონდის“ შექმნით სახელმწიფო იხსნის სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ვალდებულებას. სადავო 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში დაფიქსირებულია სახელმწიფოს პოზიტიური დამოკიდებულება აღსრულებისადმი. ის ფაქტი, რომ აღსრულების ფონდში გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი სახელმწიფოს დავალიანებათა გასასტუმრებლად, რაზედაც მიუთითებს მოსარჩელეთა წარმომადგენელი, არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს სადავო ნორმის გამო ხდება. რადგანაც სახელმწიფომ საჭიროდ ჩათვალა სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად სააღსრულებო ფონდის შექმნა, ის კიდეც ვალდებულია უზრუნველყოს ამ ფონდის გადახდისუნარიანობა. მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის ის განმარტება, რომ სააღსრულებო ფონდი არ გამორიცხავს სახელმწიფოს სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევას. ასე რომ, სააღსრულებო კანონმდებლობა არ უარყოფს სასამართლო გადაწყვეტილებათა სრული აღსრულების შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში ნაკლებად დამაჯერებელია მოსარჩელე „ინვალიდთა ლიგის“ მტკიცება, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით მისი უფლებების დარღვევა უშუალოდაა დაკავშირებული სადავო 21 მუხლით გათვალისწინებულ ნორმასთან.
სადავო ნორმებიდან არ ჩანს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, როგორც ამას ამტკიცებს მოსარჩელეთა წარმომადგენელი. სადავო ნორმებიდან არ გამოირიცხება იძულებითი აღსრულება, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ბოლო სტადია. სადავო 921 მუხლი იძულებით აღსრულებას ეხება და ადგენს ამგვარი აღსრულების წესს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ მოტანილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება საკმარისი დამაჯერებლობით მათი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევა სადავო ნორმებით, ასეთ ვითარებაში საფუძველი ეცლება ამ ნორმების შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით ამ კონკრეტული მოსარჩელეების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ირკვევა, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნას და შეტანილი არ არის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. ამის გამო კი იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების ძალით, ვერ იქნება განსახილველად მიღებული.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციასთან მიმართებით შეფასების მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მათი სრული და დროული აღსრულების გარანტიებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აღსრულებაზე ვადებული პირი.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად კავშირ „ინვალიდთა ლიგის“, მიხეილ სანდუხაძისა და ვიტალი რობაქიძის კონსტიტუციური სარჩელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის, 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, 92-ე და 921 მუხლების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)