საქართველოს მოქალაქეების – (1) რევაზ გოგელიას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №358) და (2) ანრი ზურიკაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №360) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/358,360 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 10 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეების – (1) რევაზ გოგელიას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №358) და (2) ანრი ზურიკაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №360) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის (358-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში) და ამავე კანონის მე-7, 36-ე და 42-ე მუხლების (360-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5-ე პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი – მოსარჩელეები: რევაზ გოგელია დაანრი ზურიკაშვილი. საქართველოს მოქალაქეების – რევაზ გოგელიას და ანრი ზურიკაშვილის კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა მათი არსებითად განსახილველად მიღებისა და გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვალს (რეგისტრაციის №358) და 2006 წლის 13 თებერვალს (რეგისტრაციის №360)
სასამართლო კოლეგიამ ცალ-ცალკე იმსჯელა განმწესრიგებელ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების შესახებ. ორივე მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად უთითებს საქართველოს კონსტიტუციით 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტს.
მოქალაქე რევაზ გოგელია კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების საფუძველზე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, კერძოდ, თბილისის დიდუბე – ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით მას დაენიშნა პენსია 695 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.
მოსარჩელე ანრი ზურიკაშვილიც თავის კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ ასევე დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და დაენიშნა 805 ლარის ოდენობით პენსია. ორივე მოსარჩელის მტკიცებით, თადარიგში გასვლიდან ძალიან მოკლე, ხანში, კერძოდ, 2005 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, რომლითაც დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები. კერძოდ, ამ კანონმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 39-ე მუხლისა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, შეიძინა უკუძალა და გააუარესა მათი მდგომარეობა – ადრე დანიშნული პენსია შეუმცირდათ 560 ლარამდე.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე რევაზ გოგელია მოითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობას, ხოლო მოსარჩელე ანრი ზურიკაშვილი კი მისი მხოლოდ მე-7, 36-ე და 42-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელებისა და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეების განმარტებების საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებისათვის. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ...“ აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“. ანალოგიურ დებულებას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნაში, სხვა გარემოებებთან ერთად იგულისხმება სადავო ნორმების მართებული (საგნობრივი) მიმართება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა შემოწმდეს მათი კონსტიტუციურობა. არც სარჩელებიდან არ ჩანს და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე აჩვენეს მოსარჩელეებმა საკმარისი დამაჯერებლობით სადავო ნორმების ამგვარი მიმართება კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან.
კერძოდ, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებიდან გამოჩნდა, რომ მათ სადავოდ და არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ თავად პენსიის შემცირების ფაქტი - ის, რომ ახალი კანონი გავრცელდა ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამ კონტექსტში მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით არ დასტურდება სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან, რომელიც ეხება კანონის უკუძალის საკითხს ადამიანის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომით მოსარჩელეებმა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის კავშირ-ურთიერთობაც ვერ აჩვენეს.
სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში არც დავის საგანია სრულყოფილად გამოკვეთილი. კერძოდ, მოსარჩელე რევაზ გოგელია აყენებს მთლიანად კანონის კონსტიტუციურობის საკითხს, რაც სცილდება მასთან დაკავშირებული უფლებების სფეროს. ნაწილობრივ მსგავსი ხარვეზიანობით ხასიათდება ანრი ზურიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნაც. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ძალით კი კონსტიტუციურობის კუთხით შეფასების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ „მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – რევაზ გოგელიას 358-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის კონსტიტუციურობისა და ანრი ზურიკაშვილის 360-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-7 36 და 42-ე მუხლების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5-ე პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე