საქართველოს მოქალაქე ამირან ნორაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/429 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 7 დეკემბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი – წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ამირან ნორაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე ამირან ნორაკიძე
I
1. საქართველოს მოქალაქის ამირან ნორაკიძის 429-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2007 წლის პირველ ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2007 წლის 7 ივნისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. სადავო ნორმა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, შემდეგი შინაარსისაა: „ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით“.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც კრძალავს ორი განსხვავებული საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, მე-15 მუხლის პირველ პუნქტს, მე-17 მუხლის პირველ პუნქტს და 39-ე მუხლს. მისი განცხადებით, ერთადერთი მარჩენალი შვილი დაეღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს. შესაბამისად, სადავო ნორმის შემოღებამდე იგი იღებდა ორი სახის პენსიას – ასაკის გამო და მარჩენალის გარდაცვალების გამო. მოსარჩელე დგება არჩევანის წინაშე აირჩიოს ან მისი შრომით მოპოვებული პენსია, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს მარჩენალი შვილის დაკარგვის გამო დანიშნული პენსია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს მას ის მატერიალური დანაკარგი, რომლის გადახდის უზრუნველყოფაც მისი შვილის მოვალეობა იყო, რომ არ დაღუპულიყო. აღნიშნული მოვალეობა არ წარმოშობს სახელმწიფოს უფლებას წაართვას ან შეუზღუდოს მოსარჩელეს მისი შრომით მოპოვებული პენსია და შესაბამისად, შელახოს მისი ღირსება. მოსარჩელის აზრით, მოქალაქეთა სოციალური დაცვა სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს და ის არ უნდა განვიხილოთ მისი მხრიდან კეთილი ნების გამოვლინებად. სახელმწიფო ვალდებულია, ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად, უზრუნველყოს მოქალაქეთა მინიმალური საარსებო უფლებების დაცვა. სადავო ნორმის შემოღებამ მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა გააუარესა და ეს ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2007 წლის 25 ოქტომბერს. კოლეგიამ მოისმინა მოსარჩელის განმარტება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსარჩელემ განმარტა და დააზუსტა კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი გარემოებები. მისი აზრით, იგი ერთი სახის პენსიას იღებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასაკის გამო 28 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე სახის პენსიას - „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების გამო, 52 ლარის ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პენსიის მიღების სხვა რაიმე საფუძველი მოსარჩელეს არ აქვს. ასაკის გამო პენსიის ოდენობა გაიზარდა, მაგრამ მოსარჩელის მიმართ არ განხორციელდა თანხის გადაანგარიშება.
6. მოსარჩელეს განმწესრიგებელ სხდომაზე ეცნობა იმის თაობაზე, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი, ამ კანონსა და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ითვალისწინებს არა პენსიის, არამედ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისთვის გაგზავნილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 3 ნოემბრის №02დ0/07-12909 წერილი, სადაც დასაბუთებულია ის, თუ რატომ არ ხდება ა. ნორაკიძისათვის ასაკის გამო მინიმალური პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით კომპენსაციის გადაანგარიშება. მოსარჩელემ, ასევე, დამატებით წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის აპარატის თავმჯდომარის 2006 წლის 20 ივნისის №88 წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი იწვევს ადრე დაწესებული შეღავათების შემცირებას.
II
1. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი არ განაცხადოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. მოსარჩელე, ა. ნორაკიძე არის საქართველოს მოქალაქე და მას მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს ნორმის ცნობა არაკონსტიტუციურად, როდესაც ამ ნორმამ დაარღვია ან შესაძლებელია უშუალოდ დაარღვიოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული მისი უფლებები და თავისუფლებები.
2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ კანონის ამოქმედების დღიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდება კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდება სახელმწიფო კომპენსაციის სახით.
3. როგორც ირკვევა, მოსარჩელეს აქვს მარჩენალის დაკარგვის გამო არა პენსიის, არამედ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. სადავო ნორმა კი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ზღუდავს არა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობას, არამედ ორი საფუძვლით სახელმწიფო პენსიის მიღებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მას აქვს ან მომავალში ექნება სახელმწიფო პენსიის მიღების ორი ან მეტი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ნორმით დარღვეულია ან არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მომავალში უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები. ამდენად, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – კონსტიტუციური სარჩელი არ არის შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №429 (საქართველოს მოქალაქე ამირან ნორაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი