ლევან ბოგველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/398 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 13 ნოემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარეა
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: ლევან ბოგველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა იმ ნაწილში, რომელიც მას დაემატა „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონით (კერძოდ წინადადება „აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი;“) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ლევან ბოგველი
I.
1. საქართველოს მოქალაქე ლევან ბოგველის 398-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 19 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით სარჩელი გადაეცა 2006 წლის 18 ოქტომბერს.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-10 მუხლები.
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში შეტანილი დამატება ეწინააღმდეგება, არ შეესაბამება და გამორიცხავს ამავე ქვეპუნქტში დამატების შეტანამდე არსებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. ამ დამატების მიღებიდან დღემდე ის არ გამოიყენება საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით განახორციელა კანონსაწინააღმდეგო ინტერპრეტაცია და არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული დამატება. მოსარჩელის აზრით, ამას შედეგად მოჰყვა მისი კონსტიტუციით მინიჭებული შრომითი უფლებების დარღვევა და აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
3. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 30 ოქტომბერს. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსარჩელემ ძალაში დატოვა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მოთხოვნა. მოსარჩელის განმარტებიდან ასევე დადასტურდა, რომ საერთო სასამართლოსათვის მიმართვისას ის იყენებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს.
II.
1. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებანი იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება სადავო ნორმის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან. მოსარჩელემ ვერ შესძლო ნათლად წარმოეჩინა, რა არსობრივი წინააღმდეგობაა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემულ ადმინისტრაციული აქტის დეფინიციასა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შრომითი უფლებების დაცვას შორის და საერთოდ, რა ურთიერთმიმართებაა მათ შორის. აქედან გამომდინარე, არ შესრულდა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, არ იქნა წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას.
2. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში და განწესრიგებელ სხდომაზე მოყვანილ განმარტებაში ვერ მოიყვანა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები. პირიქით, საერთო სასამართლოში ის ახდენდა აპელირებას სადავო ნორმაზე და აქტიურად იყენებდა მას თავისი მოთხოვნების დასასაბუთებლად. ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთო სასამართლომ მოახდინა ნორმის მოსარჩელისათვის არასასურველი ინტერპრეტაცია და მოსარჩელემ ვერ მოახერხა მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა, არ ნიშნავს, რომ სადავო ნორმამ შელახა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები. ამდენად, არ არსებობს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობა, არ იკვეთება სადავო ნორმით მოსარჩელის უფლების შელახვის სავარაუდო ფაქტი და შედეგად, ამ შემთხვევაში მოსარჩელე არ გვევლინება კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირად.
3. მოსარჩელის არგუმენტაცია, ეყრდნობა იმას, რომ არსებობს კონკრეტულ შემთხვევებში სადავო ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და განსხვავება სადავო ნორმის ძველ და ახალ რედაქციებს შორის. ამ საკითხებზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.
III.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №398 (ლევან ბოგველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი