საქართველოს მოქალაქე იგორ ბოჯგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/333 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 23 ივნისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იგორ ბოჯგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელე იგორ ბოჯგუა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2005 წლის 7 ივნისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის იგორ ბოჯგუას 333-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 15 ივნისს.
იგორ ბოჯგუამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2005 წლის 3 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით მოსარჩელე იგორ ბოჯგუა მუშაობდა სენაკის მე-7 საშუალო სკოლის დირექტორად. ამასთან ერთად იყო ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა ,,ჭყონდიდელის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ,,მრგვალი მაგიდის” წევრი. 1993 წლის 4 დეკემბერს იგი დაპატიმრებული იქნა და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მისი აზრით, მოხდა საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი მუხლების დარღვევით. იმისათვის, რომ აღედგინა კონსტიტუციური უფლებები და ცნობილი ყოფილიყო რეპრესირებულად, მან მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, რაზედაც უთხრეს უარი იმ საფუძვლით, რომ სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე იგორ ბოჯგუასათვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტი იხილავს კანონპროექტს ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებულია ორი მოსმენით და ეხება სადავო პირველი მუხლის მე-2 პუნქტსაც. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია ამ გარემოებით და მისი გათვალისწინებით უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე.
ასეთ ვითარებაში სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე. ამ პუნქტის მიხედვით, ,,მოსარჩელეს უფლება აქვს ... უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ... იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქართველოს მოქალაქის იგორ ბოჯგუას კონსტიტუციურ სარჩელზე ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე(თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)