საქართველოს მოქალაქეები ზურაბ ცაბაძე, ციალა კუტალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/430 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 29 ოქტომბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ბესარიონ ზოიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ზურაბ ცაბაძე, ციალა კუტალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - ზურაბ ცაბაძე და ციალა კუტალაძე და მოსარჩელეების წარმომადგენელი ზაალ ქადაგიშვილი.
I
1. მოქალაქეებმა ზურაბ ცაბაძემ და ციალა კუტალაძემ 2007 წლის 2 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №430) მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 2007 წლის 10 ივლისს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2007 წლის 9 ოქტომბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და უარი თქვა დავის საგანზე იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მთავრობის სადავო დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს. მისი განცხადებით, აღნიშნული ნორმა აწესრიგებს მოსარჩელეთაგან განსხვავებულ რეჟიმში მყოფი პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებს.
4. მოსარჩელეთა განცხადებით, ისინი არიან შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების მიმღები ე. წ. „რეგრესის პენსიონერები“. ციალა კუტალაძეს შესაბამისი ტრავმა მიღებული აქვს 1985 წელს, ხოლო ზურაბ ცაბაძეს კი _ 1970 წელს. ციალა კუტალაძემ და ზურაბ ცაბაძემ განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინეს სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ გენერალური დირექტორის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები მართლაც იღებდნენ „ვნებით მიყენებული ზიანის საზღაურს“.
5. კონსტიტუციური სარჩელისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა განცხადებების თანახმად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების გასაჩივრებული დებულებებით, არსებითად გაუარესდა მათი მდგომარეობა, რაც, მათი აზრით, შემდგომში გამოიხატება: სადავო დადგენილების „მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ ნაცვლად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გასცეს ერთჯერადი კომპენსაცია,...“; ხოლო, დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „დამსაქმებლის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საერთოდ წყდება უკვე დანიშნული „ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს“ გაცემის ვალდებულება.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებული მათი შრომითი უფლებები, კერძოდ, უფლება სამართლიან ანაზღაურებაზე. მოსარჩელეთა განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო ისეთი დადგენილება, რომლითაც აბსოლუტური უფლება მიანიჭა დამსაქმებელს.
II
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №93 ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“. №93 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას დაევალა, 2007 წლის პირველ მარტამდე უზრუნველეყო შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალი ნორმატიული აქტის მიღება.
2. 2007 წლის 24 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №53 დადგენილება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“, რომელიც ადგენს საწარმოში, დაწესებულებაში და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს.
3. მოსარჩელეები „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ იღებდნენ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების საფუძველზე.
ამჟამად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მათ აქვთ სადავო დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
4. სადავო აქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან არ ჩანს უკვე დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტა. სადავო ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ დამსაქმებლის დამატებით უფლებას, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ ნაცვლად გასცეს ერთჯერადი კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმღებთან შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, სადავო დადგენილებაში გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურების ალტერნატიული მექანიზმი და შესაბამის მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, შეთანხმდნენ ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ ჩანაცვლებაზე ერთჯერადი კომპენსაციით.
განმწესრიგებელ სხდომაზე გამოვლინდა, რომ სადავო ნორმა მოსარჩელე მხარესაც ანალოგიურად ესმის. მათი განმარტებით, პრობლემა მდგომარეობს არა თავად სადავო ნორმაში, არამედ მისი დამსაქმებლის მიერ გამოყენების პრაქტიკაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, განიხილავს სადავო აქტის შინაარსის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებაში.
5. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს შესაბამისი საწარმოს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში „ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს“ გაცემის ვალდებულების შეწყვეტას. რაც ნიშნავს არა კომპენსაციის გაცემის ყოველგვარი ვალდებულების, არამედ მხოლოდ „ყოველთვიური სარჩოს“ გაცემის ვალდებულების გაუქმებას. ამასთანავე, სადავო ნორმა ვერ გამორიცხავს, საწარმოს ლიკვიდაციის ან გაკოტრების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 23-ე პუნქტი ითვალისწინებდა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, დამქირავებლის ვალდებულებას, დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად, გადაეხადა „კომპენსაცია“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ადრე მოქმედი პრეზიდენტის ბრძანებულებაც, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეები იღებდნენ შესაბამის სარჩოს, საწარმოს გაკოტრების ან ლიკვიდაციის შეთხვევაში, არ ითვალისწინებდა „ყოველთვიური სარჩოს“ გაცემის ვალდებულებას, არ ადგენდა ანაზღაურების სპეციალურ წესს. ის შეიცავდა მხოლოდ მითითებას აღნიშნული ურთიერთობის მოქმედი კანონმდებლობით მოწესრიგების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულების 23-ე პუნქტთან შედარებით არ აუარესებს მოსარჩელეთა მდგომარეობას.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ, ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე, ვერ წარმოადგინა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
III
იხელძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების _ ზურაბ ცაბაძისა და ციალა კუტალაძის 430-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ვახტანგ გვარამია;
ქეთევან ერემაძე;
ბესარიონ ზოიძე.