ერმილე თორთლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/17/399 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 27 ნოემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: ერმილე თორთლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების, ამავე კოდექსის 6806 მუხლის მე-3 ნაწილისა და 162-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: ერმილე თორთლაძის ინტერესების დამცველი _ ადვოკატი ვახტანგ ცხომელიძე.
I
1. საქართველოს მოქალაქის ერმილე თორთლაძის 399-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 31 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სარჩელი გადმოეცა 2006 წლის 24 ოქტომბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგა დაკავებიდან 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-7 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს, რადგანაც ის ითვალისწინებს დაპატიმრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოსათვის მხოლოდ შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენას და იმავდროულად არ ითვალისწინებს ბრალდებულის წარდგენას.
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილები, ასევე 6806 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, რადგანაც ამ ნორმებით ხდება პატიმრობის ვადის გაგრძელება ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებისა და კონტროლის გარეშე. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მეორე წინადადება, მე-10 ნაწილის მეორე წინადადება, მე-11 ნაწილის მეორე წინადადება, 6806 მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადება და 162-ე მუხლის მე-8 ნაწილი არღვევს მართმსაჯულების მიუკერძოებლობის კონსტიტუციურ პრინციპს, რადგანაც საქმის განმხილველ სასამართლოს უხდება დაასაბუთოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შენარჩუნებისა და გაგრძელების საფუძვლიანობა. სადავო ნორმები არღვევს დაცვის უფლებას, ვინაიდან სასამართლოს წარდგინებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და გასაჩივრების შემთხვევაში დაცვა ფაქტობრივად პოლემიკაში შევიდოდა სასამართლოსთან. საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-8 ნაწილით ირღვევა პროცესის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და დაცვის უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსასჯელისთვის აღკვეთის ღონისძიების ზეპირი მოსმენის გარეშე შერჩევისას განსასჯელი უძლურია, გამოხატოს თავისი პოზიცია და უარყოს ბრალდება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 3 ნოემბერს. განმწესრიგებელ სხდომაზე გაირკვა, რომ მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების, ასევე 6806 მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება მოსარჩელეზე და ამის შესახებ მან იცოდა, მაგრამ მათი არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკითხი სარჩელში დადგა მოსარჩელის მოთხოვნით. მოსარჩელის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში 6806 მუხლის პირველი ნაწილის მითითება იყო ტექნიკური შეცდომა. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის ინტერესების დამცველმა დააზუსტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-7 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოქმედი რედაქცია, მართალია, მოსარჩელეზე ამჟამად არ ვრცელდება, მაგრამ შეტანილი იქნა კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მოთხოვნით, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, შემდგომი დაკავებისას, ამ ნორმის შესაძლო გამოყენების არგუმენტაციით. მოსარჩელის ინტერესების დამცველმა განმწესრიგებელ სხომაზე დაადასტურა, რომ მისი აზრით, ყველა სადავო ნორმა მოქმედებს.
II
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-7 ნაწილი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, 2006 წლის 12 იანვარს და არ აქვს უკუძალა. მოსარჩელის მიმართ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა 2005 წლის 28 აგვისტოს - სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის ძალაში შესვლამდე. აქედან გამომდინარე, ფორმალური თვალსაზრისით, 140-ე მუხლის მე-7 ნაწილის დღევანდელი რედაქცია ვერ იმოქმედებდა მოსარჩელის მიმართ.
სადავო ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც არსებითად იგივე იყო მოსარჩელისათვის დაპატიმრების შეფარდების დროს, შეეხება არა დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის წარდგენას სასამართლოში, არამედ იმ ვადას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ უნდა განიხილოს აღკვეთის ან საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების საკითხი. ამდენად, არ არის შინაარსობრივი კავშირი მოსარჩელის არგუმენტაციასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-7 ნაწილს შორის. ასეთი კავშირის არარსებობის გამო, სადავო ნორმის შესაძლო ძალადაკარგულად ცნობა არ გამოიწვევს იმ შედეგს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს. მოსარჩელის ინტერესების დამცველმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მოსარჩელე სასამართლოს წარედგინა მისი დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, თუმცა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ეს მოხდა სადავო ნორმაზე დაყრდნობით, არ იქნა წარმოდგენილი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 162-ე მუხლის პირველი, მე-2-მე-4, მე-6-მე-8 და მე-11 ნაწილების ამოქმედებამდე. 6804 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია ჩამოაყალიბა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის 64-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტმა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მე-9 ნაწილი ითვალისწინებს 162-ე მუხლის პირველი, მე-2-მე-4, მე-6-მე-8 და მე-11 ნაწილების ამოქმედებას 2006 წლის 1 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები არ მოქმედებდნენ. ხოლო იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად იმსჯელოს ნორმის კონსტიტუციურობაზე, ნორმა უნდა მოქმედებდეს. მართალია, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საქმის განხილვის გაგრძელებას სადავო ნორმის გაუქმებისას, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი უკვე მიღებულია არსებითად განსახილველად და ის ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. №399 კონსტიტუციური სარჩელი არ არის მიღებული არსებითად განსახილველად და შესაბამისად, არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გარემოება.
3. 6804 მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედება ვრცელდება იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ ჩაბარდა 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე. ამავე მუხლის მე-11 ნაწილი შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ ჩაბარდა 2006 წლის 1 ივნისიდან. სისხლის სამართლის საქმეზე 6806 მუხლის მე-3 ნაწილის გასავრცელებლად ასევე საჭიროა, რომ ის პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული იყოს 2006 წლის 1 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, 6804 მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილები და 6806 მუხლის მე-3 ნაწილი არ შეეხება მოსარჩელეს და პოტენციურად ვერ მოახდენდა მისი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, რადგანაც მისი სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა 2006 წლის 1 იანვრამდე, კერძოდ, 2005 წლის ნოემბერში. მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე და მას მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს ნორმის ცნობა არაკონსტიტუციურად, როდესაც ამ ნორმამ დაარღვია ან შესაძლებელია უშუალოდ დაარღვიოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული მისი უფლებები და თავისუფლებები. ამ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელიდან, თანდართული მასალებიდან და მოსარჩელის ინტერესების დამცველის განმარტებიდან ეს არ დასტურდება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოქმედი რედაქცია, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს მოსარჩელე, მიღებულ იქნა საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონით, ძალაშია 2006 წლის 31 მაისიდან და არ აქვს უკუძალა. სადავო ნორმა შეეხება განსასჯელის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტას სასამართლოში საქმის შესვლისას და ვერ დაარღვევდა მოსარჩელის უფლებებს, რადგანაც, როგორც აღინიშნა, მისი სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა 2005 წლის ნოემბერში. ასევე არ არსებობს მოსარჩელის უფლებებისა და თავისუფლებების უშუალო დარღვევის შესაძლებლობა, ხოლო მომავალში მათი დარღვევის შესახებ მსჯელობა ატარებს აბსტრაქტულ ხასიათს. მოსარჩელის ინტერესების დამცველის მიერ ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი მოსაზრება არის დაუსაბუთებელი და ზოგადი ვარაუდი და არა მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საფრთხის უშუალობასა და რეალობაში.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №399 (ერმილე თორთლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი