საქართველოს მოქალაქეები - ვიტალი მიხელიძე და ავთანდილ გორგილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/368 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 4 აპრილი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2.ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3.იაკობ ფუტკარაძე;
4.ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ვიტალი მიხელიძე და ავთანდილ გორგილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-7, 36-ე მუხლების და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელეთა წარმომადგენელი გიორგი თითბერიძე.
საქართველოს მოქალაქეების-ვიტალი მიხელიძისა და ავთანდილ გორგილაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 13 მარტს (რეგისტრაციის №368). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 16 მარტს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2006 წლის 23 მარტს გაიმართა კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის პირველი მუხლი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-7 და 36-ე მუხლები, ასევე 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ხელყოფენ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებს და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ დებულებებს იმ გაგებით, რომ ისინი-სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, სადავო ნორმებით განისაზღვრა სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარის ოდენობით), მანამდე რიგი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ პენსიებს ეწოდა კომპენსაცია და მოსარჩელეთა პენსიების, ამჟამად კი კომპენსაციების ოდენობა 560 ლარამდე შემცირდა.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპია სოციალური დაცვის და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა. სადავო ნორმები კი აკანონებენ დისკრიმინაციას და უგულებელყოფენ კანონის წინაშე თანასწორობას. ამის მაჩვენებლად მოსარჩელეებს მიაჩნიათ ის, რომ სადავო ნორმით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე. აამგვარი დისკრიმინაცია, მოსარჩელეთა აზრით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო აქტებით აღიარებულ პრინციპებს. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტებისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითი განხილვისათვის.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას”. აანალოგიურ დებულებას შეიცავს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნაში, სხვა გარემოებებთან ერთად, იგულისხმება სადავო ნორმების მართებული (საგნობრივი) მიმართება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა შემოწმდეს მათი კონსტიტუციურობა. არც სარჩელიდან არ ჩანს და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ვერ აჩვენა საკმარისი დამაჯერებლობით სადავო ნორმების ამგვარი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილია ის ნიშნები, რომელთა მიხედვითაც დაუშვებელია აადამიანის დისკრიმინაცია: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია საქართველოს მოქალაქეების თანასწორობა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთეს სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მითითებულ დებულებებთან. სადავო ნორმებით გათვალისწინებულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება და კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. აღნიშნული გარემოებანი, სადავო ნორმით დადგენილი კომპენსაციის ოდენობის გაუვრცელებლობა განსაზღვრული კატეგორიის სახელმწიფო მოხელეებზე, მოსარჩელეებისა და მათი წარმომადგენლის განცხადებათა საწინააღმდეგოდ, არ მიანიშნებს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაუშვებელი დისკრიმინაციის რომელიმე სახეზე და 38-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობის რაიმე დარღვევაზე.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მასთან მიმართებით მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება გამორიცხულია. აღნიშნული მუხლის მიხედვით, “საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან’’. მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეეხება დისკრიმინაციის დაუშვებლობას, რაც კონსტიტუციურ დონეზე მოწესრიგებისა და, მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში, პირდაპირ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების- ვიტალი მიხელიძისა და ავთანდილ გორგილაძის 368-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-7, 36-ე მუხლების და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მმუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი