საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/400 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 3 ნოემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
ქეთევან ერემაძე;
ბესარიონ ზოიძე.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 475-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქის ლევან ჯოხაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 3 აგვისტოს (რეგისტრაციის №400). სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 18 ოქტომბერს, 30 ოქტომბერს გაიმართა კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის მოსარჩელე ლევან ჯოხაძის განცხადება განმწესრიგებელ სხდომაზე დასწრების თაობაზე. მოსარჩელეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ეცნობა განმწესრიგებელი სხდომის შესახებ, მაგრამ იგი არ გამოცხადდა.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ყოველ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მას გარანტირებული აქვს დაცვის უფლება. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ავალდებულებს დაცვის მხარეს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სია), რის გამოც სასამართლო პროცესში მოგვიანებით ჩართული დაცვის მხარე (ადვოკატი) მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული დაცვის უფლება, წარადგინოს ახალი მტკიცებულება ან შუამდგომლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს ... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. სარჩელიდან და თანდართული დოკუმენტებიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ იკვეთება მოსარჩელის უფლებრივი კავშირ-ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. სარჩელში მხოლოდ ზოგადად არის მინიშნებული, რომ მოსარჩელეს, როგორც ადვოკატს, სადავო ნორმით არ მიეცა შესაძლებლობა სრულად განეხორციელებინა თავისი პროფესიული საქმიანობა. სარჩელის შინაარსიდან კი არ ჩანს, რომ დასახელებული ნორმით შეიზღუდა პირადად მისი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, იგი ვერ ჩაითვლება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემოტანის უფლებამოსილ სუბიექტად. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 18-მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, „კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.“
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ლევან ჯოხაძის მე-400 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 475-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კ. ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე