„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/19/1436 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 13:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლისა და ამავე ბრძანების №1 დანართის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1436) მიმართა „შპს ეპიცენტრმა“. №1436 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 7 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1436 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 34-ე მუხლები და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლი მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამავე ბრძანების №1 დანართით. თავად №1 დანართი არეგულირებს აკრედიტაციის დამატებით პირობებს, მათ შორის, ადგენს შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, განსაზღვრავს აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურსა და სხვა საკითხებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „შპს ეპიცენტრმა“ 2019 წლის 27 მაისს მიმართა აკრედიტაციის ცენტრს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოსაპოვებლად. აკრედიტაციის ცენტრის 2019 წლის 2 ივლისის წერილიდან დგინდება, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, რამდენადაც დარღვეული იყო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები.
7. მოსარჩელის განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში ერთმანეთისაგან გამიჯნულია საქართველოს მთავრობისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციები. საქართველოს კანონმდებლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული მეწარმე სუბიექტები, ხოლო აკრედიტაციის სისტემის წესების, პროცედურების და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა არის აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება. საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების დადგენა.
8. მოსარჩელის პოზიციით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის აკრედიტაციის მოსაპოვებელი მოთხოვნები და წესი უნდა განესაზღვრა აკრედიტაციის ცენტრს და სხვა არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო კანონქვემდებარე აქტით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები და აკრედიტაციის დამატებითი მოთხოვნების დადგენის უფლება მიანიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს მთავრობას კანონმდებლობით არ გააჩნდა აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, ამ საკითხის მოწესრიგების უფლების დელეგირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის, თავისთავად, კანონის დარღვევაა.
10. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო კანონქვემდებარე აქტები ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტებით კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სადავო ბრძანებით, დროში შეიზღუდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოპოვების უფლება. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით, ახალ კომპანიებს არ ეძლევათ აკრედიტაციის მიღების, ხოლო არსებულ ცენტრებს ახალი აკრედიტაციის მოპოვებისა და აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია და მისი მოპოვება, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლისა და ამავე ბრძანების №1 დანართის კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
3. კონსტიტუციის ხსენებული დებულების თანახმად, „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. მოსარჩელეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ არღვევს სადავო ნორმები მომხმარებელთა უფლებებს. შესაბამისად, №1436 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლი კი უთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამავე დებულების №1 დანართით.
6. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტაციის მოპოვების წესებისა და მოთხოვნების დადგენა აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. შესაბამისად, სადავო აქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ეწინააღმდეგება საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლების უფლებებს.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის წარმოჩენისკენ მიმართული არგუმენტაცია თვისობრივად განსხვავდება კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასაბუთებისგან. შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე მითითება ვერ გამოდგება უფლების შეზღუდვის დასაბუთების თვითკმარ საფუძვლად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1/9/1343 განჩინება საქმეზე, „„სს ტრანსსერვისი“ და ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მიუთითებს კანონსა და კანონქვემდებარე აქტს შორის არსებულ შეუსაბამობაზე, რაც შესაძლებელია, გახდეს მისი კანონიერების თაობაზე დავის საფუძველი საერთო სასამართლოში, თუმცა დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ეს დასაბუთება, თავისთავად, არ გამოდგება ძირითადი უფლების შეზღუდვის/დარღვევის სამტკიცებლად. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას დასახელებულ სადავო ნორმებსა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებს შორის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1436 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია აკრედიტაციის მოპოვებისათვის კონკრეტული ვადის დადგენა, რომლის შემდეგაც პირებს აღარ შეუძლიათ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მიღება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აკრედიტაციის მოპოვება არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე ვადასთან და პირს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს ამ უფლების რეალიზაცია.
10. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართი აწესრიგებს ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავს აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენს შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, აუცილებელია იმ ნორმების იდენტიფიცირება, რომლებიც კონკრეტული ვადის გასვლის გამო ზღუდავს აკრედიტაციის მოპოვების უფლებას.
11. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს სურს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოპოვება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაციას ექვემდებარებიან 2017 წლის 11 დეკემბრისათვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“, „ა.ბ.“ და „ა.გ.“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს (მაგალითად, 2017 წლის 11 დეკემბრამდე სათანადო აღჭურვილობის შეძენის მიზნით განხორციელებული აქვთ ანგარიშსწორება, სულ მცირე, 10% ოდენობით, ამავე ვადამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების/სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობაზე და ა.შ.). ზემოხსენებული პირების გარდა, №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის მოპოვების უფლება აქვთ ასევე იმ პირებს, რომლებიც, მართალია, ვერ აკმაყოფილებენ ზემოხსენებულ წინაპირობებს, თუმცა მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს („დაინტერესებული პირები“).
12. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ წინაპირობებს (2017 წლის 11 დეკემბრამდე ფლობდა აკრედიტაციას, ამ პერიოდამდე მოიპოვა საკუთრების/სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობაზე და სხვა). აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოპოვების მიზნებისათვის შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს დაინტერესებულ პირად. №1 დანართის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიერ შერჩევის პროცესში მონაწილეობის კონკრეტულ პირობებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულმა პირმა სამინისტროს განცხადება უნდა წარუდგინოს ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში. №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება და მთავრდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. ვადასთან დაკავშირებულ მსგავს შეზღუდვას შეიცავს ასევე ამავე დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის და დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით.
13. აქედან გამომდინარე, დაინტერესებული პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოპოვების ვადაში შეზღუდვის შესაძლებლობას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. ხსენებული დანართის სხვა ნორმები საერთოდ არ შეეხება აკრედიტაციის მოპოვების ვადის განსაზღვრის საკითხს და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ვერ შეზღუდავს მოსარჩელის უფლებებს. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში, აკრედიტაციის მოპოვების ვადით შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის მტკიცების გარდა, წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რა კონტექსტში შეიძლება შეზღუდოს სხვა ნორმებმა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1436 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
16. როგორც უკვე აღინიშნა, დასახელებული სადავო ნორმები განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიერ შესაბამის ორგანოში აკრედიტაციის მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ვადას და ამ ვადის დარღვევის სამართლებრივ შედეგს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის მოპოვებისათვის ვადის დაწესება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის N2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა სახეზე იქნება ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად გამოყენება, განკარგვა ან ქონების შეძენა.
18. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მისაღებად აუცილებელ ერთ-ერთ წინაპირობას, განცხადების წარდგენის ვადას. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით, ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირაა განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.
19. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა განხორციელდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრში. ამასთან, ზოგადად ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს. ცენტრის აკრედიტაცია კი დაკავშირებულია ინსპექტირების შედეგების სახელმწიფოს მიერ აღიარებასთან (ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის ვარგისად ცნობასთან).
20. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, ძირითადად, უკავშირდება იმის დასაბუთებას, რომ სადავო ნორმის გამო მოსარჩელე ვერ ახერხებს აკრედიტაციის მოპოვებას და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, გაუწიოს მომსახურება სხვა პირს და სანაცვლოდ მიღოს ანაზღაურება. თუმცა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი არ არის, რომ ხსენებული უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, რაიმე ფორმით ცნოს პირის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და მის მიერ განხორციელებულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაუკავშიროს რაიმე სამართლებრივი შედეგები. ამავე დროს, არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული, რატომ არსებობს კავშირი ქონებით სარგებლობას, ამ ქონების სარგებლობის შედეგად შემოსავლის მიღებასა და სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგების ცნობას შორის.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, დაუსაბუთებულია.
22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1436 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1436 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1436 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1436 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლის და ამავე ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი