სამართალდარღვევათა შემსწავლელი ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/369 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი-სხდომის თავმჯდომარე;
2.ოთარ ბენიძე-წევრი;
3.ლამარა ჩორგოლაშვილი-მომხსენებელი მოსამართლე;
4.ზაურ ჯინჯოლავა-წევრი.
სხდომის მდივანი : ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: სამართალდარღვევათა შემსწავლელი ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 და 533 მუხლები საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: სამართალდარღვევათა შემსწავლელი ასოციაციის წარმომადგენელი-რევაზ აბზიანიძე.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2006 წლის 13 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის #369) მომართა სამართალდარღვევათა შემსწავლელმა ასოციაციამ და მოითხოვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 და 533 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ასევე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია სავალდებულო სატენდერო შემოთავაზება და მუხლი 533-ით, რომელიც ეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვას, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლითაც კერძო საკუთრება უზრუნველყოფილია.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება კანონი აქციების მფლობელს ავალდებულებდეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აქციების საკუთრებაზე უარის თქმას და არ შეიძლება კანონმა სავალდებულო გაყიდვის წესი შემოიღოს, თუ მესაკუთრე არ არის თანახმა აქციების გასხვისებაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ კანონს შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებისათვის გამოუსწორებელი შედეგები, ამიტომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული კანონის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებას.
მოსარჩელის აზრით, კანონის აღნიშნული მუხლი ლახავს აქციონერთა კონსტიტუციურ უფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამდენად, მოითხოვს სადავო ნორმების გაუქმებას.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 39-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, როგორ არღვევს ან შესაძლებელია მომავალში დაარღვიოს სადავო ნორმამ ასოციაციის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, რომელიც, მისივე წესდების თანახმად, წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს და არავითარი შეხება არა აქვს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის სადავო მუხლებთან, რომლებიც სააქციო საზოგადოებაში აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესს განსაზღვრავენ.
ის გარემოება, რომ ასოციაცია სამართალდარღვევათა შესწავლას და კანონების სრულყოფაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად, არ ცვლის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე სუბიექტთა მტკიცედ დადგენილ წრეს.
ამ კანონის 39-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით, სხვა პირთა ინტერესების დასაცავად კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა (ე.წ. აბსტრაქტული კონტროლი).
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად სამართალდარღვევათა შემსწავლელი ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 და 533 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2.ოთარ ბენიძე
3.ლამარა ჩორგოლაშვილი
4.ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე