თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/19/1382 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 13:01 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1382) მომართა საქართველოს მოქალაქე თენგიზ ორჯონიკიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 17 დეკემბერს. №1382 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“.
4. №1382 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1988 წელს აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა ხელისფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ერთ-ერთი აქციის დროს იგი დააკავეს და პირთა ჯგუფთან ერთად გაასამართლეს ქ. ქუთაისის ავტოქარხნის რაიონულ სახალხო სასამართლოში და ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობისთვის იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2063 მუხლის საფუძველზე, მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 28 თებერვალს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და შესაბამისი კომპენსაციის გადახდის დაკისრება. სასამართლომ 2017 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ვინაიდან სარჩელი წარდგენილი იყო „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინება უცვლელად დარჩა.
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა კონკრეტული ვადით შემოფარგლავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას და ზღუდავს მის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებს. სადავო ნორმის მოქმედებით კი მას ეზღუდება დარღვეული უფლების სასამართლოსადმი მიმართვის გზით აღდგენის შესაძლებლობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
6. №1382 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე თავს მიიჩნევს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ხოლო აღნიშნული სტატუსის მინიჭებისთვის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის კონკრეტული ვადით შეზღუდვა, მისი მტკიცებით, ხელს უშლის დარღვეული უფლებების აღდგენაში.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
8. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა ზღუდავს მისი სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება. ამდენად, სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, იგი განსაზღვრავს ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს, თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.
9. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა კონკრეტული ვადით შემოფარგლავს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის მიმართვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცედურის ნაწილია და, ამავე დროს, ხსენებული სტატუსის მიღების ერთადერთი საშუალება. ამ პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლო მონაწილეობს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. ამ თვალსაზრისით, სასამართლოსათვის მიმართვა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებას, არამედ თავად სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, სადავო ნორმით არ დგინდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებიდან დაცვის საპროცესო წესრიგი. ამ შემთხვევაში სახეზეა თავად მატერიალური უფლების რეალიზების დროით შემოფარგვლა. სადავო ნორმა არსობრივად ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ პირს აღარ აქვს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის მოთხოვნის უფლება.
10. ამრიგად, აშკარაა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესაძლებლობის ვადით შემოფარგვლა, თავისი არსით, მატერიალური რეგულირებაა და არა საპროცესო წესი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის საპროცესო უფლების შეზღუდვა და დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1382 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1382 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი