ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/17/1396 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 12:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1396) მომართა საქართველოს მოქალაქე ლეონიდე მიქაბერიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 7 თებერვალს. №1396 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1396 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში, სსსკ) 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმას ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის, ჩადენილია არაერთგზის ან რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ხსენებული მუხლის მე-5 ნაწილი კი მოიცავს სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვისაა მსჯავრდებული და სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ლეონიდე მიქაბერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით გასამართლებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ლეონიდე მიქაბერიძეს 2017 წლის 14 აგვისტოს წარედგინა ბრალი სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების დადგენილების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 5 ივნისს მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე წლის 4 დეკემბერს ლეონიდე მიქაბერიძემ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. ორივე შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა გამოიხატა სახის არეში ხელის დარტყმაში. ხსენებული დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს მოსარჩელემ ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ამ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს ელექტომადუღარიდან შეასხა ცხელი წყალი, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმის ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან რვა წლამდე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური ქმედება ჩადენილია მძიმე ან განსაკუთებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ სასჯელის ზომას წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნებს, რამდენადაც სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მოიაზრებს პირის მიერ წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული შეიძლება იყოს როგორც ძალადობრივი, ისე არაძალადობრივი ხასიათის, თუმცა სადავო ნორმის მიხედვით, ეს ფაქტი არ მიიღება მხედველობაში. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამძიმება ხდება ავტომატურად და ბლანკეტურად, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გაუგებარია, თუ რატომ გამოყო კანონმდებელმა დამამძიმებელ გარემოებად 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მიერ, რამდენადაც შესაძლოა, ამ პირებზე უფრო დიდ აგრესიას იჩენდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი და გაცილებით საშიში იყოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის. აქედან გამომდინარე, არალოგიკურია ბევრად უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრების შესაძლებლობა დაკავშირებული იყოს პირის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიასთან. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად, შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამის საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი სანქცია.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი სასჯელის ზომა − თავისუფლების აღკვეთა ათიდან თორმეტ წლამდე წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არ შეესაბამება დასჯადი ქმედების ჩადენიდან მომდინარე საფრთხეებს. ის, თუ რომელი კატეგორიის დანაშაულისთვისაა პირი მსჯავრდებული, ავტომატურად არ ზრდის მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხს და ამგვარი ბლანკეტური მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1396 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1396 კონსტიტუციური სარჩელი („ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. №1296 და №1396 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი