საქართველოს მოქალაქეები - ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/334 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 22 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
334-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 16 ივნისს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად, “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. ასევე 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას - “კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”.
სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებზე, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (გარდა საქართველოს პრეზიდენტის სხვა სათათბირო ორგანოს წევრებისა და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირებისა), აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებზე და მათ მოადგილეებზე, იმ პირებზე, რომლებსაც 1997 წლის 17 ოქტომბრიდან ჰქონდათ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, რომლის საწესდებო კაპიტალი აღემატება (აღემატებოდა) 1 მილიონ ლარს და რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს (ფლობდა) წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს იმავე მუხლის 21-ე, 211 და 212 ნაწილებით განსაზღვრულ ახლო ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და დაკავშირებულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, “ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებზე (ასევე მათი ოჯახის წევრებზე, ახლო ნათესავებზე და დაკავშირებულ პირებზე) ამ კანონით განსაზღვრული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ ქმედებებზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო კანონის მე-5 მუხლი ახდენს სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობის გაუქმებას გარკვეულ პერიოდამდე (2004 წლის 1 იანვარი) ჩადენილი ქმედებებისათვის, რასაც კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, აქვს უკუქცევითი ძალა, სადავო ნორმები კი, პირთა გარკვეული წრის პასუხისმგებლობის გაუქმებას არ აძლევს უკუქცევით ძალას, ვინაიდან პირდაპირ არ ავრცელებს მათზე და ამისათვის აწესებს დამატებით პირობას (ქონების ინვესტირება), რაც ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დეკლარირებულ ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული მასალების და მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე, გამოარკვია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები.
334-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დაწყებამდე მოსარჩელეებმა - ლილი თელიამ, არჩილ მეფარიძემ და გურამ თოხაძემ შუამდგომლობით მომართეს საკონსტიტუციო სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე - ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ოთარ ბენიძე
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა