კავშირი ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/335 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 25 ივლისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი - (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: კავშირი ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 35-ე მუხლებთან, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” და ,,კ” ქვეპუნქტებთან მიმართებით (1) ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის 87-ე მუხლი, (2) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი და (3) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულება.
საქმის განხილვის მონაწილენი: კავშირ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” წარმომადგენლები - კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დენიზა სუმბაძე, პროფესორი ვალერი ლორია და იურისტი მალხაზ პატარაია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2005 წლის 28 ივნისს გადმოეცა კავშირ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” 335-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 13 ივლისს.
კავშირ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 21 ივნისს შემოვიდა. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-15 და მე-16 მუხლების საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 87-ე მუხლი ითვალისწინებს უნივერსიტეტის საქმიანობის ორგანიზაციის (მართვის) ისეთ ფორმას, რაც საპრეზიდენტო მმართველობის გამოცხადების ტოლფასად უნდა ჩაითვალოს. ეს გამოიხატება იმით, რომ უფლებამოსილება შეუწყდათ კანონიერად არჩეულ რექტორსა და ფაკულტეტების დეკანებს, გაუქმდა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო. უნივერსიტეტის მართვა რექტორისა და დეკანების მოვალეობის შემსრულებელთა მეშვეობით ვერ პასუხობს მისი დემოკრატიული მართვის პრინციპებს.
მოსარჩელის აზრით, უნივერსიტეტის საპრეზიდენტო მმართველობის გასაღრმავებლად საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის 8 ივნისს გამოსცა სადავო ბრძანებულება №473, რომელიც დამატებით საგანგებო უფლებამოსილებას ანიჭებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული სადავო აქტების გარდა, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ პასუხობს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც გახდა სადავო ბრძანებულების გამოცემის ერთ-ერთი საფუძველი. პრეზიდენტს კონსტიტუციის თანახმად, ბრძანებულების გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე. სადავო პუნქტი კი მაშინაც აძლევს პრეზიდენტს ამის უფლებამოსილებას, როცა საკანონმდებლო აქტით შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმატიული აქტები ხელყოფენ უნივერსიტეტის თანამშრომელთა შრომით უფლებებსა და განათლების უფლებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა კიდევ უფრო განავრცეს კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული მოტივაცია, დააზუსტეს როგორც დავის საგანი, ისე საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებსაც, მათი აზრით, ეწინააღმდეგება სადავო ნორმატიული აქტები. მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სადავო აქტებით ასევე დარღვეულია პროფესორ-მასწავლებელთა საკუთრებისა და თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში მონაწილეობის უფლება, აზრის გამოთქმის თავისუფლება, პატივისა და ღირსების უფლება. საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის თანახმად უნდა გაირკვეს - კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, მე-19, 21-ე, 23-ე მუხლებთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე, 30-ე, 35-ე, 39-ე და 46-ე მუხლებთან მიმართებით (1) ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის 87-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტები, (2) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, (3) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულება.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული ... უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს ,,მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას”. კანონმდებლობის ამ მოთხოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და ამ მიზნით მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მიმანიშნებელი. სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელეთა მცდელობის მიუხედავად, კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება.
1. საქმეში არსებული მასალებიდან გაურკვეველი და საეჭვოა თვით მოსარჩელე სუბიექტის უფლებრივი მდგომარეობა. სასარჩელო განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტად დასახელებულია ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა”, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. ,,ასამბლეის” ამგვარი უფლებაუნარიანობა გამომდინარეობს მისი წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის მიხედვითაც, ამ კავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ,,წარმოადგინოს უნივერსიტეტი, როგორც ერთიანი საზოგადოება”. იგივეზეა მინიშნებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ა. კახნიაურის 2005 წლის 28 თებერვლის დადგენილებაში, რის საფუძველზეც მოხდა ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” რეგისტრაცია.
აღნიშნული გარემოება, რაგინდ კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა იყოს მასში ჩადებული, ვერ მოდის თანხმობაში სხვადასხვა იურიდიული პირების, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის”, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქმიანობის ფუნქციური გამიჯვნის მოთხოვნებთან. მოცემული კავშირი კისრულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობას, მაშინ როცა ეს შესაძლებელია ნორმატიული ან სახელშეკრულებო გზით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოსარჩელე იყოს უფრო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვიდრე კავშირი ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა”. ამაზე მიანიშნებს ის უფლებებიც, რომელთა დაცვასაც მოსარჩელე მოითხოვს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა აწესრიგებს იურიდიული პირების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილების საკითხს. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ... საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.”
ორგანული კანონის ამ დებულების სიტყვასიტყვითი განმარტებიდან ჩანს, რომ იურიდიულ პირებს, როგორც მოსარჩელეებს, უფლება აქვთ იდავონ მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე. ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმატიულ აქტებსა და მოსარჩელის უფლებებს შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტების ერთი ნაწილი - ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 87-ე მუხლის მე-2 - მე-5, მე-7 - მე-8 პუნქტები და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულება ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებებს და არა მოსარჩელის, როგორც იურიდიული პირის, უფლებრივ მდგომარეობას, რაც განსაზღვრულია მისი წესდებით და არა აღნიშნული აქტებით. იმ ვითარებაში, როცა სარჩელიდან არ დასტურდება სადავო ნორმატიული აქტების, კონსტიტუციური უფლებებისა და მოსარჩელე სუბიექტების კავშირ-ურთიერთობა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ დაცულია ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ეს რომ ასეა, ამაზე მეტყველებს სასარჩელო მოთხოვნის მიზანმიმართულებაც. მოსარჩელე ერთხელაც კი არ ახსენებს სარჩელში, რომ დარღვეულია ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” უფლებები. სულ საუბარია ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი თანამშრომლების უფლებების დარღვევაზე. ამ მდგომარეობას ვერ ასწორებს მოსარჩელის მხრიდან იმაზე მინიშნება, რომ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” წევრები იმავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის”, როგორც იურიდიული პირისა და მისი წევრების უფლებების ერთმანეთთან გაიგივება. ყოველი სუბიექტი მხოლოდ თავისი უფლებების მატარებელია. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კავშირ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის”, ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ უკანასკნელის თანამშრომელთა უფლებები სამართლებრივად ერთმანეთისგან გამიჯნული უფლებებია.
რაც შეეხება მესამე სადავო აქტს, კერძოდ, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, არც ამ შემთხვევაში არ დასტურდება მისი საგნობრივი შემხებლობა მოსარჩელე სუბიექტთან. აღნიშნული პუნქტი მიჩნეულია საქართველოს პრეზიდენტის იმ სადავო ბრძანებულებების გამოცემის საფუძვლად, რომლის მიმართაც ასევე არ ჩანს მოსარჩელის უფლებრივი კავშირი.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულია კავშირი ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა” და სარჩელს მისი სახელით ხელს აწერს ,,ასამბლეის” თავმჯდომარე. მოსარჩელის წარმომადგენელმა პროფესორმა ვალერი ლორიამ, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისა და განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილ განცხადებებში, აგრეთვე განმწესრიგებელი სხდომის დროს განაცხადა, რომ იგი კავშირ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეასთან” ერთად არის მოსარჩელე ფიზიკური პირი. თავისი გამოსვლა განმწესრიგებელ სხდომაზე მან სწორედ ასე დაასათაურა - ,,მოსარჩელე ვალერი ლორიას სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს I კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე 2005 წლის 13 ივლისს”. ამას კი არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ამით, მოსარჩელის წარმომადგენლის პირდაპირი დანიშნულების საწინააღმდეგოდ, გაბუნდოვანდა და ტყუილუბრალოდ გართულდა საქმის ვითარება. არსებული მასალების მიხედვით, პროფ. ვ. ლორია ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოსარჩელედ. მოცემულ შემთხვევაში იგი მხოლოდ და მხოლოდ მინდობილობით წარმომადგენელია.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია იმაზედაც მიუთითებს, რომ ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ”. ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” კონსტიტუციურ სარჩელს მოსარჩელეს გარდა, ხელს აწერს მისი წარმომადგენელიც, რაც ეწინააღმდეგება დასახელებული მე-16 მუხლის მოთხოვნას. აღნიშნულის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაერთხელ მიუთითა თავის გადაწყვეტილებებში. აქვე უნდა ითქვას აგრეთვე, რომ საერთოდ ხარვეზებით ხასიათდება წარმომადგენლობის უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტებიც.
არასწორადაა კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული სადავო ნორმატიული აქტების შეფასების საკითხიც. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად აცხადებს და ამგვარად აუქმებს ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს. მოსარჩელე კი მოითხოვს მათ ბათილად გამოცხადებას.
მოსარჩელე მოითხოვს აგრეთვე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის სადავო ნორმებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულების ,,ამოქმედება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 1996 წლის 31 იანვრის კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად”. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ (1) მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა სადავო აქტების არა ,,ამოქმედების”, არამედ მოქმედების შეჩერება, (2) არსებობს არა ,,კანონი”, არამედ ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” და (3) ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ითვალისწინებს სადავო აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებას.
კონსტიტუციურ სარჩელში არც დავის საგნის ფარგლებია სადავო უფლებებთან მიმართებით ჯეროვნად მოხაზული, რის გამოც მოსარჩელე აბსტრაქტული კონტროლის სფეროში იჭრება. სასამართლოსათვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება გახდეს კონსტიტუციური შეფასების საგანი ის ნორმები, რომლებშიც სათანადო (შესაბამისი) სუბიექტების უფლებებისადმი არ ჩანს ნეგატიური დამოკიდებულება.
მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულების მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობას. გაურკვეველია, თუ რატომ უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად, მაგალითად, ამ ბრძანებულების მე-2 მუხლის ის პუნქტები, რომელთა მიხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ,,ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას” და ,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს”. ასევე სრულიად აუხსნელია, თუ რითი ეწინააღმდეგება მოსარჩელის - ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” კონსტიტუციურ უფლებებს და რის საფუძველზე მოითხოვს იგი გაუქმდეს აღნიშნული ბრძანებულების მთელი მე-5 მუხლი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ბიზნესის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში), ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის, თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის, თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების სათანადო პუნქტები. არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის ნაჩვენები და არც განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულ მოსარჩელის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, რომ ამით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” უფლებანი და თავისუფლებანი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოყვანილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება საკმარისი დამაჯერებლობით მისი კონსტიტუციური უფლებების არათუ სავარაუდო დარღვევა, არამედ მათი საერთოდ არსებობა და სადავო ნორმატიულ აქტებთან კავშირ-ურთიერთობა. ასეთ ვითარებაში კი საფუძველი ეცლება სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, მე-19, 21-ე, 23-ე მუხლებთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე, 30-ე, 35-ე, 39-ე და 46-ე მუხლებთან მიმართებით.
II. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ განათლების რეფორმა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეფორმა, საკმაოდ მტკივნეული პროცესია და არაა გამორიცხული, რომ იგი უარყოფითად აისახოს ცალკეული პირების ცხოვრებაზე. ეს გარემოება სახელმწიფოს ავალდებულებს მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს სამართლებრივად დაინტერესებული ყველა სუბიექტის კანონიერი და პატივსადები ინტერესების გასათვალისწინებლად.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად კავშირ ,,თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის” კონსტიტუციური სარჩელი (1) ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის 87-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, (2) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, (3) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის №473 ბრძანებულების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, მე-19, 21-ე, 23-ე მუხლებთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე, 30-ე, 35-ე, 39-ე და 46-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
II. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
III. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)