საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/431 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 31 მარტი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების, “ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება”, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და 28-ე მუხლებთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილის წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი
I
1. საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილის 431-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2007 წლის 25 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2007 წლის 17 სექტემბერს.
2. მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილი არის მსჯავრდებული, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი გამოძალვაში. ის ამჟამად იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. მოსარჩელისათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადა იწურება 2009 წლის 27 აგვისტოს.
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და 28-ე მუხლებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში, კონკრეტულად კი - 28-ე მუხლში გათვალისწინებული უფლებები, მათი შეზღუდვისას, უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან კავშირში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი წარმოადგენს თანაზომიერების პრინციპის ზოგად საფუძველს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციის თვალსაზრისით, სადავო ნორმა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი იდენტურია, მაგრამ აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის წესი აზრობრივად იქ არ მთავრდება, სადაც 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი. კონსტიტუციურ ნორმაში გადმოცემული ნამდვილი აზრის გასაგებად საჭიროა არა მხოლოდ გრამატიკული, არამედ სისტემური ანალიზის გამოყენებაც. ამ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ინტერპრეტაცია, კონსტიტუციის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგნაირი იქნება: არჩევნებში და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რამდენადაც ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დემოკრატიულ საზოგადოებაში. სადავო ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დადგენილ საარჩევნო უფლებას. ის ვერ ჩაითვლება თანაბარზომიერად იმ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება გააჩნდეს სახელმწიფოს.
6. მოსარჩელე პარალელს ავლებს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლსა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლს (თავისუფალი არჩევნების უფლება) შორის. ორივე ნორმა არ შეიცავს მოთხოვნას, რომ საარჩევნო უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არ უნდა განხორციელდეს აქტიური საარჩევნო უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში თავისი არგუმენტების გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეებზე “მატიე-მოენი და კლერფეიტი ბელგიის წინააღმდეგ”, “ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” და კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე “საუვე კანადის წინააღმდეგ”.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2007 წლის 5 დეკემბერს. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული გარემოებები და ძალაში დატოვა სარჩელში დასმული მოთხოვნა. მას მიაჩნია, რომ არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
8. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, კონსტიტუცია უნდა იქნეს განხილული, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად ვითარდება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არსებული ვითარების შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმის ინტერპრეტაცია. იგი თვლის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების ნაწილს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით, უნდა მიეცეს აქტიური საარჩევნო უფლება. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს კანონმდებელს, რომ მოაწესრიგოს საკითხი ადამიანის უფლებათა მოქმედი სამართლის მიხედვით.
II
1. მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენით იხდის სასჯელს სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. იმისათვის, რომ იგი ჩაითვალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტად, უნდა დაკმაყოფილდეს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი შესაძლებელია შეიტანოს მოქალაქემ, თუ ის მიიჩნევს, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე უნდა წარმოადგენდეს ძირითადი უფლების სუბიექტს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მსჯელობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად გასარკვევია, არის თუ არა მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დადგენილი ძირითადი უფლების სუბიექტი.
2. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის ნორმები ადგენენ არა მხოლოდ ძირითადი უფლებების შინაარსსა და ფარგლებს, არამედ ამ უფლებების სუბიექტთა წრეს. ზოგ შემთხვევაში ეს წრე შეუზღუდავია, ხოლო ხშირად იგი გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის ნორმების უმრავლესობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 28-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ასევე მათ, ვინც არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არ შესრულებიათ 18 წელი. 28-ე მუხლის მეორე პუნქტი კი ამომრჩეველთა რიგებიდან გამორიცხავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეებს და მოქალაქეებს, რომლებიც სასამართლოს განაჩენით იმყოფებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ეს მოქალაქეები, კონსტიტუციის მიხედვით, იზოლირებული არიან საარჩევნო პროცესისაგან და არ არსებობს რაიმე პირობა, გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დასრულებისა, რომელიც მათ საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტთა წრეში დააბრუნებდა. კონსტიტუცია მკაფიოდ ადგენს, რომ სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენით მყოფ მოქალაქეს “არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს...”. ამ ჩანაწერით კანონმდებელს მოეჭრა საარჩევნო უფლების სუბიექტთა წრის გაფართოების გზა. აბსოლუტურად უშედეგო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება, რადგანაც ეს არ გამოიყვანს მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვის მოქმედების არეალიდან. ამისათვის საჭიროა კონსტიტუციის შესაბამის ნორმაში ცვლილებების განხორციელება, რაც სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ წარმოადგენს იმ ძირითადი უფლების სუბიექტს, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს შემოტანილი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
3. თანაზომიერების პრინციპი გამოიყენება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების პროცესში. ამით დგინდება, თუ რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა კონსტიტუციის ამა თუ იმ ჩანაწერს მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად გასარკვევია, აქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ სადავო ნორმის შინაარსი ანალოგიურია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსისა, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განახორციელებს სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას, რადგანაც ეს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ტოლფასი იქნება. ამასთან, შეუძლებელია შეფასდეს კანონმდებლის მოქმედება, როდესაც მას კონსტიტუცია არ აძლევს თავისუფალი მოქმედების არეალს.
4. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ისახავს მკაფიო მიზანს - საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრიდან გამორიცხოს მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ალოგიკურია ამ ჩანაწერის ფართო გაგება. მას ნათლად ჩამოყალიბებული იმპერატიული, ამკრძალავი ხასიათი აქვს და გამორიცხავს თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ასეთ აკრძალვას არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გავლებული პარალელი საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მხოლოდ იმ ნაწილში არის მართებული, რაც სცდება ამ მუხლით დადგენილი პირდაპირი აკრძალვების ფარგლებს და შეეხება საარჩევნო უფლების სხვადასხვა შესაძლო შეზღუდვას. ამ სფეროში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, კონკრეტულად კი 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალოგიურია.
5. აღსანიშნავია, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპიდან მსგავსი გამონაკლისები ტიპიურია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისათვის, არამედ ზოგადად კონსტიტუციებისათვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონსტიტუცია უშუალოდ ავიწროებს პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრეს. მაგალითისათვის გამოდგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი, რაზეც ზემოთ უკვე გამახვილდა ყურადღება, ასევე 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს მოქალქე 25 წლის ასაკიდან. მსგავსი ხასიათისაა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლებიც, ასევე, სხვადასხვა ნიშნის მიხედვით უპირობოდ ავიწროებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრეს. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია კანონმდებელს ანიჭებს მოქმედების თავისუფლებას გარკვეული ხარისხით, კონსტიტუციური ნორმა გაცილებით ზოგადია. მაგალითისათვის, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. ამ დროს არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობა არა მხოლოდ პირდაპირ კონსტიტუციით დგინდება, არამედ კანონმდებლის მიერ, კონსტიტუციის საფუძველზე, კონსტიტუციური პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით.
6. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები, “ან სასამართლოს განაჩენით სასაჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება” წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აკრძალვის პირდაპირ გადატანას ორგანულ კანონში. გასაჩივრებული ნორმა ანალოგიურია კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმისა და მისი კონსტიტუციურობის საკითხი, რაც თავისთავად გულისხმობს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
7. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნაში, ასევე, დააფიქსირა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით. კანონმდებლობა გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით ჩამოყალიბებას. საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს თუ იგი თვლის, რომ სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი არც ძირითადი უფლების დამდგენი მუხლია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” აღნიშნულია, რომ “კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ ითვალისწინებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების მასშტაბებს, რამდენადაც ადგენს ხელისუფლების ბოჭვას და არა ძირითადი უფლების შინაარსს”. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შემოფარგლული მხოლოდ ძირითადი უფლების დამდგენი ნორმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ასევე, მითითებულია შემდეგი: “მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში.” თუმცა, რომელიმე კონსტიტუციურ პრინციპზე ყურადღების გამახვილებისათვის, არ არის საჭირო სასარჩელო მოთხოვნაში ფორმალურად, კანონის დარღვევით ამ პრინციპის დამდგენი კონსტიტუციის მუხლის დაფიქსირება.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №431 (საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი