საქართველოს მოქალაქე – მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/496 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ჯონი ხეცურიანი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე – მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №496) მომართა საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუამ. №496 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2010 წლის 27 აპრილს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასამართლოს განაჩენით სასჯელის მოხდა დაეკისრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ ამჟამად მოსარჩელე ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასჯელს იხდის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4-ზე მეტი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელემ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით, შუამდგომლობით მიმართა ჯერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოგვიანებით კი გარდაბნის რაიონულ სასამართლოს. შუამდგომლობის პასუხად მას ეცნობა, რომ სადავო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების არსებობის შემთხვევაში.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ მიმართა ზემოთ დასახელებულ კომისიას განცხადებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე. თუმცა, მოსარჩელის აზრით, კომისიამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა სასჯელის 3/4 მოხდილი.
7. სარჩელის ავტორის აზრით, ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ კომისიას რჩება თვითნებობის საშუალება, რაც მას შესაძლებლობას უსპობს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მისი განმარტებით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება, ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად ადამიანის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი და ყოვლისმომცველი დაცვა კი უპირველესად ნიშნავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. ამ შემთხვევაში კი ე.წ მუდმივმოქმედი კომისიის არსებობა, ზღუდავს მის სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ უფლებას.
8. მოსარჩელე, თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეეხება, სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების განმარტებებს და ასევე, მტკიცებულებებად მოყვანილი აქვს ამონარიდები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან.
9. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მოითხოვს: 1) კონსტიტუციური სარჩელის მიღებას და განხილვას; 2) საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 610-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 3) განმწესრიგებელი სხდომის ჩატარებას ზეპირი მოსმენით.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ №496 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2010 წლის 22 დეკემბერს.
II
1. №496 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტს წარმოადგენს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 610-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციის დროს სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
ზემოაღნიშნული კანონი, მათ შორის მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმა, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 329-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება, ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვლისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №496 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №496 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე – მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი