საქართველოს მოქალაქეები – გიორგი გოგნიაშვილი, უტა ლიპარტია, ხვიჩა ჭანტურია და ლევან ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/372 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 14 აპრილი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – გიორგი გოგნიაშვილი, უტა ლიპარტია, ხვიჩა ჭანტურია და ლევან ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით (1) „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 1 ივლისის კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის წინადადებები – „მერს ირჩევს ქალაქის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით. მერის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3–ს. მერის არჩევის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა“, (2) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე და იმავდროულად სხვა მოსარჩელეთა წარმომადგენელი ლევან ჩხეიძე.
საქართველოს მოქალაქეების გიორგი გოგნიაშვილის, უტა ლიპარტიას, ხვიჩა ჭანტურიასა და ლევან ჩხეიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 23 მარტს შემოვიდა (რეგისტრაციის №372). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი იმავე წლის 29 მარტს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა 2006 წლის 5 აპრილს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ „ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში“. მოსარჩელეთა აზრით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 1 ივლისის კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო სამართლებრივი ნორმებითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით კანონმდებელმა დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-3 და მე-13 მუხლებით მათთვის გარანტირებული უფლება, რომ პირდაპირი წესით აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც, მათი აზრით, საქართველოს პარლამენტმა არაჯეროვნად აღასრულა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა 372-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, გაითვალისწინა მოსარჩელისა და იმავდროულად სხვა მოსარჩელეთა წარმომადგენლის ლევან ჩხეიძის განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს „საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. . .“ აქ, ცხადია, იგულისხმება, რომ კონსტიტუციის შესაბამის დებულებებზე მითითება სათანადოდ დასაბუთებული უნდა იყოს. ეს პირდაპირ გამომდინარეობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც „კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში . . . აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის . . . აზრით ადასტურებენ სარჩელის . . . საფუძვლიანობას“. ანალოგიურ დებულებას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დადასტურდა. აქედან კი გამომდინარეობს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნას და ამის გამო იგი, აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
კონსტიტუციის 39- მუხლის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციური პრინციპებიდან“.
მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეეხება მერებისა და გამგებლების არჩევის წესს. „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა თანამდებობის“ არჩევითობა კი პირდაპირ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში.
ამგვარად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 39- მუხლთან მიმართებით მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არსებითად უკვე გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც ქ. თბილისის მერისა და ქ. ფოთის მერის არჩევითობასთან დაკავშირებით 2005წლის 16 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება №1/2/213,243 საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები – უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე, ელისო ჯანაშია და გოგა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ეს თვით კონსტიტუციურ სარჩელშიც კი არის აღნიშნული. ამაზე მიანიშნებს მოსარჩელეთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის დასაბუთება იმ მოტივით, რომ „საქართველოს პარლამენტმა არაჯეროვნად აღასრულა (შეიძლება ითქვას არ აღასრულა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება“. ასეთ შემთხვევაშიც, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის ძალით, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – გიორგი გოგნიაშვილის, უტა ლიპარტიას, ხვიჩა ჭანტურიასა და ლევან ჩხეიძის 372-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით (1) „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 1 ივლისის კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის წინადადებები – „მერს ირჩევს ქალაქის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით. მერის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3–ს. მერის არჩევის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა“, (2) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვ. გვარამია;
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნ. შაშკინი.