საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/454 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 19 დეკემბერი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე
ბესარიონ ზოიძე – წევრი
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ვახტანგ გვარამია – წევრი
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №454) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2008 წლის 27 მაისს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2008 წლის 28 ოქტომბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმრთვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმის თანახმად, „არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვიდეოდაკვირვების და ჩაწერის საშუალებები ე.წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით. განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარდგენილი ამ პუნქტით დადგენილი წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში“.
4. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღება თავისთავად ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შეგროვებას. ამასთან, ეს ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, რადგან იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას. შესაბამისად, დგება პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შემდგომი შენახვის და დაცვის აუცილებლობის საკითხი. ამ მოსაზრების გასამყარებლად მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მართალია საარჩევნო უბანი საჯარო ადგილია, მაგრამ ამის გამო ავტომატურად არ იქმნება იმის მოლოდინი, რომ იქ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა საქვეყნოდ გავრცელდეს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რადგან არ შეიცავს საარჩევნო უბანზე სახელმწიფოს მიერ შეგროვებული პირადი ხასიათის ინფორმაციის არამიზნობრივი გამოყენებისგან დაცვის პირობებს და ღიად ტოვებს ინფორმაციის გაცემის დროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი ორგანული კანონია, ამიტომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოყალიბებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ტესტები.
8. მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკოსნტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორაგნული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
II
1.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. „ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება“. ამ უფლების ფარგლებში „პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებებით. განაპირობებს რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსს, თითოეული მათგანი, იმავდროულად, დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელია“ („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2007 წლის 26 დეკემბერი).
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. „სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს „პირადი ცხოვრების“ კონცეფცია“ (ნიმიცი გერმანიის წინააღმდეგ, 1992 წლის 16 დეკემბერი, 29-ე პუნქტი).
შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრებას განკუთვნილი ცალკეული საკითხები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა: მე-16, 36-ე, 41-ე და სხვა.
2. ბუნებრივია, იმის უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომ პირადი ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტის ხელყოფისას ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ზოგადად, თუმცა, ეს გარემოება არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ნებისმიერი ასეთი უფლებრივი კომპონენტის დარღვევით, აუცილებლად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი. ამ დროს გასათვალისწინებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების კონსტიტუციაში მოცემული კონკრეტული კონსტრუქცია. ამის გათვალისწინების გარეშე მაღალია პირადი ცხოვრების ცალკეული უფლებრივი კომპონენტის შინაარსის, მათში დასაშვები ჩარევის ფარგლების არასწორი განმარტების საფრთხე.
3. ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრისას, არსებითი მნიშვნელობა აქვს უფლებაში ჩარევის ფორმასა და ფარგლებს. ყველა უფლებაში ჩარევა ვერ იქნება ერთნაირი, რაც ერთმნიშვნელოვნად იკითხება კიდეც კონსტიტუციის მეორე თავიდან. ბუნებრივია, ცალკეულ უფლებებში ჩარევის განსხვავებული ფარგლები არ მიუთითებს ამა თუ იმ უფლების უფრო მეტ მნიშვნელობაზე სხვებთან შედარებით.
უფლებაში ჩარევის განსხვავებული ფორმა, შინაარსი თუ ინტენსივობა მიუთითებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ საჯარო ინტერესზე, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია უფლებაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა. ამასთან, ბუნებრივია, ჩარევა უნდა იყოს პროპორციული. ზუსტად ეს უზრუნველყოფს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული და ადექვატური ბალანსის არსებობას.
განსხვავებული ინტენსივობით ჩარევის აუცილებლობა შეიძლება არსებობდეს ერთი და იგივე უფლების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტებშიც. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფარგლების დადგენის დროსაც. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. პირადი ცხოვრების ისეთ სფეროში ჩარევისას კი, როგორიცაა ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული პირის ჯანმრთელობასთან, ქონებასთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელშეუხებლობა, დაიშვება მხოლოდ ამ ადამიანის თანხმობით, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა.
5. არჩევნებში მონაწილეობა საჯარო პროცესია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ პროცესთან კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების საკითხების თანაარსებობას, რომელთა დაცვა და უზრუნველყოფა ერთნაირად მნიშვნელოვანია კონკრეტულ (საჯარო თუ კერძო) სფეროში მათი წარმოშობისგან დამოუკიდებლად. თუმცა, როგორც აღინიშნა, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ზუსტად მოინახოს კონსტიტუციაში პირადი ცხოვრების ამ საკითხების დაცვის ფარგლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად საეჭვო გახდება როგორც კერძო სფეროს დაცვის, ისე საჯარო ინტერესების სწორად დაკმაყოფილების საკითხები.
ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ზოგადად ვიდეოთვალის მეშვეობით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის ჩაწერა. სარჩელის მიხედვით, პირადი ცხოვრების ხელყოფის საფრთხეს ქმნის ისეთი ვიდეოფირის განსაჯაროება, რომელზეც მოსარჩელე დაფიქსირებულია, როგორც არჩევნების მონაწილე. თუმცა, მოსარჩელე არ მიუთითებს პირადი ცხოვრების რომელი უფლებრივი კომპონენტის ხელყოფის, პირადი ცხოვრების სავარაუდოდ რა შინაარსის ინფორმაციის განსაჯაროების საფრთხე ემუქრებოდა უშუალოდ მას. მან ვერ დაასაბუთა, რომ საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის მეშვეობით ინფორმაციის აღბეჭდვით, ასეთი ინფორმაციის შემდგომი შენახვითა და გავრცელებით ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ პირად ცხოვრებაში ჩარევა. შესაბამისად, არ ჩანს, კონკრეტულად რაში შეიძლებოდა გამოხატულიყო მისი პირადი ცხოვრების დარღვევა.
პირადი ცხოვრების სფეროს დაკონკრეტების გარეშე, ბუნებრივია, შეუძლებელია იმის გარკვევა, კონსტიტუციის რომელი მუხლითაა ის დაცული. მოსარჩელე ზოგადად მიუთითებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის აბსტრაქტულ შესაძლებლობაზე. სარჩელში არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმით მოსარჩელე კონსტიტუციის უშუალოდ მე-20 მუხლით დაცული უფლების დარღვევის რეალური შესაძლებლობის პირისპირ იდგა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოსარჩელეს ევალება ამ გარემოებებზე მითითება, რადგან მხოლოდ ასეთი გარემოებების არსებობა ანიჭებს საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის .... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“.
კონსტიტუციური სარჩელი არ პასუხობს კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი „კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს„.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ლევან სირბილაძის 454-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1298-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ბესარიონ ზოიძე
ქეთევან ერემაძე
ვახტანგ გვარამია