საქართველოს მოქალაქეები – თამარ მეტრეველი, თამარ თავართქილაძე, მანანა ჯიშკარიანი, მერი მჭედლური და სხვები (სულ 25 მოქალაქე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/337 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 29 ივლისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – თამარ მეტრეველი, თამარ თავართქილაძე, მანანა ჯიშკარიანი, მერი მჭედლური და სხვები (სულ 25 მოქალაქე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-21 მუხლის იმ ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს არ ექვემდებარება “აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50%-ს”.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენლები – სოფიო ჯაფარიძე და დავით ქიმუცაძე.
საქართველოს მოქალაქეების – თამარ მეტრეველის, თამარ თავართქილაძის, მანანა ჯიშკარიანის, მერი მჭედლურისა და სხვების (სულ 25 მოქალაქის) 337-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის პირველ ივლისს შემოვიდა, ხოლო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი იმავე წლის 8 ივლისს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა 2005 წლის 19 ივლისს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელეები არიან სახელმწიფო კომპანია “საქენერგოს” რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული შ.პ.ს. “საქენერგო-2000”-ის გამოთვლითი ცენტრის ყოფილი თანამშრომლები. ისინი განმარტავენ, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებითა და ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანებებისა და 2001 წლის პირველი აპრილიდან 2002 წლის პირველ იანვრამდე სამუშაოდან იძულებით მოცდენის გამო მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
2001 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისის მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს და მოგვიანებით ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოსარჩელეებმა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს. გადაწყვეტილების აღსრულება კი დღემდე ვერ ხორციელდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის სადავო – მე-21 მუხლის იმ ნაწილის გამო, რომლის მიხედვითაც იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს არ ექვემდებარება “აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50%-ს”.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებისა, ისინი იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორშიც სასამართლოსადმი მიმართვამდე იყვნენ. მოსარჩელეთა თქმით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას.
მოსარჩელეთა ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო ნორმა უკვე ცნობილია არაკონსტიტუციურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის №1\4\184,228 გადაწყვეტილებით (გამოტანილია საქმეზე: სააქციო საზოგადოებები – “საქგაზი” და “ანაჯგუფი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები – თამარ მეტრეველის, თამარ თავართქილაძის, მანანა ჯიშკარიანის, მერი მჭედლურისა და სხვების (სულ 25 მოქალაქის ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში კი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “დ” პუნქტის ძალით, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-18 მუხლის “დ” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - თამარ მეტრეველის, თამარ თავართქილაძის, მანანა ჯიშკარიანის, მერი მჭედლურისა და სხვების (სულ 25 მოქალაქის ) 337-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-21 მუხლის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს არ ექვემდებარება “აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50%-ს”;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ .გვარამია
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი