საქართველოს მოქალაქე ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/432 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 23 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ლალი ფაფიაშვილი - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის (2007 წლის 11 ივლისის რედაქცია) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ ანზორ მანძულაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 432-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2007 წლის 18 სექტემბრის რეზოლუციით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისა და №433 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. სადავო ნორმატიული აქტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის 2007 წლის 11 ივლისს მიღებული რედაქცია. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდეგ, 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა №5913 კანონით მიიღო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის ახალი რედაქცია.
4. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა შინაარსობრივად იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილ 533 მუხლს. იგი თავის მოსაზრებას ასე ასაბუთებს: „სადავო ნორმით დადგენილი წესი ისევე არის მიმართული მინორიტარი აქციონერების წინააღმდეგ, როგორც აწ გაუქმებული, ესეც ისევე არ წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, როგორც მისი წინამორბედი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თანაზომიერების პრინციპის დარღვევისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არარსებობის გამო.“.
5. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზევე უნდა ცნოს ძალადაკარგულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად. მას, ასევე, მიაჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 5 მაისს. სხდომას არ დაესწრო მოსარჩელე. იქედან გამომდინარე, რომ მან არ წარმოადგინა ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელა საქმის განხილვა მოსარჩელის დაუსწრებლად.
7. მოპასუხის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ №432 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. საქართველოს პარლამენტის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის 2008 წლის 14 მარტს მიღებული რედაქცია ფორმით და შინაარსით განსხვავდება 534 მუხლის 2007 წლის 11 ივლისს მიღებული, გაუქმებული რედაქციისაგან. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში უნდა იყოს მითითებული, მისი მიმღები/გამომცემი ორგანოს დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი. №432 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია ძალადაკარგული სამართლებრივი აქტი, გასაჩივრებულია ნორმა, რომელიც არ არსებობს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ ის ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
II
1. №432 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლი, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 11 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისას სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლი ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა. ამდენად, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის მომენტისათვის, სადავო ნორმა აღარ მოქმედებს და ძალა აქვს დაკარგული.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით. ამ პუნქტის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად არის განსახილველად მიღებული და ის შეეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მართალია, №432 კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ის არ არის არსებითად განსახილველად მიღებული. ამდენად, №432 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა მოხდეს საქმის შეწყვეტა.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №432 (საქართველოს მოქალაქე ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი