შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ''ლილი და კომპანიის'' დამფუძნებელი - პარტნიორი მერაბ კიკვიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/267,289 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 18 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლალი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 4 ოქტომბრის № 503 და 2002 წლის 31 დეკემბრის № 568 ბრძანებულებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 17 მაისის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით გაერთიანდა 267-ე და 289-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.2003 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №267) მომართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლალი და კომპანიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მერაბ კიკვაძემ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მას გაუჩნდა მოთხოვნის უფლება სააქციო საზოგადოება „აზოტის“ მიმართ, რომელსაც დაეკისრა 1 820 779 ლარის გადახდა. დღეისათვის დარჩენილია ვალი მილიონ ოცი ათასის ოდენობით.
მოსარჩელე აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოება „აზოტის“ მიმართ გაკოტრების საქმის აღძვრის გამო, იგი რუსთავის სასამართლოს 2001 წლის თებერვლის განჩინებით მოქცეულია რეაბილიტაციის რეჟიმში და კრედიტორთა, მათ შორის მოსარჩელის, დაკმაყოფილება რეაბილიტაციის გეგმით უნდა მოხდეს, რომლის დაცვა მოსარჩელისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება ადგენს რეაბილიტაციის ახალ რეჟიმს, რომელშიც ჩართულია ენერგეტიკული კომპანია „იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს“. სახელდობრ, „იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს“ უთმობს სააქციო საზოგადოება „აზოტს“ მოსახლეობისა და ორგანიზაციების მიერ მოხმარებული გაზის (22 111 941 ლარის) ღირებულების მოთხოვნის უფლებას, ხოლო სააქციო საზოგადოება „აზოტს“ წარმოექმნება ამ თანხის შესაბამისი ფულადი ვალდებულება „იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს“ მიმართ. მომხმარებლებს გაუჩნდებათ იგივე ვალდებულება სააქციო საზოგადოება „აზოტის“ მიმართ. მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად სააქციო საზოგადოება „აზოტის“ საგადასახადო ვალდებულება ჩაითვლება შემცირებულად.
მოსარჩელის აზრით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხმარებული გაზის საფასურის ამოღება უპერსპექტივოა, და მაშასადამე სააქციო საზოგადოება „აზოტის“ კრედიტორული დავალიანება 22 მილიონით გაიზრდება, რაც შეუძლებელს გახდის რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას, ე.ი. მისი საკუთრების ამოღების შესაძლებლობას.
2. 2004წლის 30 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კონსტიტუციური სარჩელით რეგისტრაციის №289 მომართა შპს „ლალი და კომპანიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მერაბ კიკვაძემ და ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის 2002წლის 31 დეკემბრის №568 ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ბრძანებულების შესაბამისად, სააქციო საზოგადოება „აზოტის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის 90% პირდაპირი მიყიდვით გადაეცა „იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს“ სიმბოლურ ფასში (50 000 დოლარი) ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულებით. მაგრამ არ ჩანს ამ გეგმამ გაიარა თუ არა ექსპერტიზა და ემთხვევა თუ არა გაკოტრების სასამართლოს მიერ განსაზღვრულ რეაბილიტაციის რეჟიმს.
საკონტროლო პაკეტის გადაცემა კრედიტორთა ეფლებების გაუთვალისწინებლად, მოსარჩელეს დაუშვებლად მიაჩნია. ამ პერიოდში „იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს“-მ არა მხოლოდ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, არამედ ერთი პროცენტითაც არ არის დაფარული რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული დავალიანება; „იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს“ არ ახორციელებდა სააქციო საზოგადოება „აზოტის“ ბუნებრივი გაზით მომარაგებასაც კი – აცხადებს მოსარჩელე.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ბრძანებულებებით დარღვეულია მისი საკუთრების უფლება და იზღუდება მისი, როგორც მეწარმის უფლებები – საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ორივე კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
2005 წლის 17 თებერვალს მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლალი და კომპანიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მერაბ კიკვაძემ სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასმაართლოში საქმის შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლების პირველი პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს
1. წარმოებით შეწყდეს მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლალი და კომპანიის“ დამფუძნებელი პარტნიორის მერაბ კიკვაძის კონსტიტუციური სარჩელები მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პრეზიდენტის 2003 წლის 4 ოქტომბრის № 503 და 2002 წლის 31 დეკემბრის № 568 ბრძანებულებების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი;
3. ზაურ ჯინჯოლავა.