საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N16/455 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ჯონი ხეცურიანი, ვახტანგ გვარამია, გიორგი პაპუაშვილი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 27 ივნისი 2008 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე
ვახტანგ გვარამია – წევრი
ბესიკ ლოლაძე – წევრი
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი – წევრი
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-11 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ და 44-ე მუხლის პირველ პუნქტებთან; საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან; საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 731 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან; საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან; საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 28-ე მუხლების პირველ პუნქტებთან; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტთან; ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების კონსტიტუციურობა.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №455) მიმართა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №455 კონსტიტუციურ სარჩელზე დაინიშნა 2008 წლის 26 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 771 მუხლის პირველი პუნქტი.
3. მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში თბილისის №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად.
4. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველმა პუნქტმა, რომელიც ადგენს, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ან ბლოკებს, ხელყო მისი უფლება, დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მისი მტკიცებით, აღნიშნულმა ნორმამ აიძულა, კონკრეტულ საარჩევნო ბლოკთან ეთანამშრომლა და აღნიშნული ბლოკის რიგითი ნომრით ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, რითაც შეილახა კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 24-ე მუხლის პირველი პუნქტით და 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლებები და თავისუფლებები.
5. მოსარჩელის აზრით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იქნეს მითითებული ბეჭვდვით სააგიტაციო მასალაზე, უაღრესად არაგანჭვრეტადია და ითხოვს არსებით შესწორებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ყველა ვალდებულია, ასრულებდეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარმოშობს მოქალაქის უფლებას კანონისადმი პატივისცემა მოსთხოვოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მსურველს, ხოლო დეპუტატობის კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კონკურენტებისაგან მოითხოვოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების დაცვა. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაგანჭვრეტადობამ არჩევნების ჩატარების პროცესში გამოიწვია მისი დარღვევა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები კონსტიტუციურად ვერ ჩაითვლება.
6. მოსარჩელე კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 731 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, დებატებში მონაწილეობისა და საარჩევნო რეკლამისთვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ. მოსარჩელის აზრით, პარტიული კუთვნილების მიხედვით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კატეგორიის გამოყოფა და მათი პრივილეგირებულ მდგომარეობაში მოქცევა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, წარმოადგენს დისკრიმინაციას პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ თანასწორობის პრინციპს. მოსარჩელე აქვე მოითხოვს, რომ აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობა საფუძველი უნდა გახდეს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის, რადგან არჩევნები დისკრიმინაციულ პირობებში ჩატარდა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნება შეიზღუდა.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც უკრძალავს საარჩევნო სუბიექტებს არჩევნების დანიშვნიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე მოქალაქეთა მატერიალურ დაინტერესებას ან მათთვის მატერიალური ფასეულობების გადაცემას, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ხარვეზების გამო, საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც არღვევდნენ ზემოაღნიშნულ აკრძალვას, შეძლეს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება. მოსარჩელის აზრით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი. საპარლამენტო არჩევნების კამპანია ჩატარდა სრული განუკითხაობისა და უპასუხისმგებლობის პირობებში, რაც არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისათვის დამატებით არგუმენტად გამოდგება.
8. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„ 77-ე მუხლის პირველმა პუნქტმა, რომელიც ადგენს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ჯერ უნდა გასაჩივრდეს შესაბამის და ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოს ამის შემდეგ – სასამართლოში. მოსარჩელის აზრით, სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან დაკავშირებით რაიმე დათქმის გაკეთება ხელყოფს ამ ძირითად უფლებას. მხოლოდ პირის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ამ უფლების გამოყენებამდე მიმართავს თუ არა იგი ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელე მოითხოვს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის პირვანდელი რედაქციით აღდგენას.
9. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე, სვამს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ეს ნორმები, მოსარჩელის აზრით, ხელყოფენ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით დადგენილ უფლებას, ვინაიდან საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან ერთი დღის ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან ერთი კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა, მოსარჩელის აზრით, არაგონივრულია. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა იძლევა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ისე, რომ არ იძლევა საშუალებას მოხდეს შესაბამისი ტექსტის გაცნობა.
10. მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმების თანახმად, რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვადა არაგონივრულია. მისი განმარტებით, სადავო ნორმით მას ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების საშუალება ესპობა, ვინაიდან არ რჩება დრო რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანად გაცნობის, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის მოსამზადებლად. მოსარჩელე თვლის, რომ ასეთი არაკონსტიტუციური მექანიზმის გამოყენებით ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
11. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, მას სასამართლოში საარჩევნო დავის განხილვისას უარი ეთქვა ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებაზე. მას მიაჩნია, რომ საარჩევნო დავა საჯარო-სამართლებრივი ინტერესის შემცველია და მისთვის ხმის ჩამწერი საშუალების გამოყენებაზე უარის თქმამ ხელყო საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვის თაობაზე.
12. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის სამართლებრივ მხარეზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ქვეპუნქტის, 41 და მე-11 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო შენაერთების დისლოკაციის ადგილის მიხედვით, მეთაურთა მიერ შედგენილი სიების შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა„ უნდა გაკეთდეს აღნიშვნა იმის თაობაზე, რომ ამომრჩეველი „სამხედრო სამსახურშია“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 44-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამომრჩევლის ერთი საარჩევნო ოლქიდან ან უბნიდან სხვა ოლქში ან უბანში გადანაცვლების ფაქტი უნდა აისახოს ამომრჩეველთა სიაზე და ამომრჩეველი უნდა მოაკლდეს ადრინდელი ოლქის ან უბნის ამომრჩეველთა რიცხვს. განსხვავებაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობასა და პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელ ოქმში მოცემულ ამომრჩეველთა საერთო რიცხვს შორის. მოსარჩელეს ეს მიაჩნია საკმარის საფუძვლად საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისათვის. მოსარჩელის აზრით, დარღვეული იქნა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მესამე მუხლით დაირღვა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მოსარჩელე თვლის, რომ ხელყოფილია მისი უფლება და კანონიერი ინტერესი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მოითხოვოს კანონის უზენაესობის პრინციპისა და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაცვა.
13. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, მართალია, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლით დადგენილ სუბიექტთა ჩამონათვალში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასახელებული არ არის, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების (27.12.2005. №2496) შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსაც უნდა მიენიჭოთ, ვინაიდან მათ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ეფექტურობა საკუთარ თავზე გამოსცადეს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი აღნიშნული სადავო ნორმები და მათ საფუძველზე ჩატარებული 2008 წლის 21 მაისის არჩევნები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზრუნველყოს ხელახალი არჩევნების ჩატარება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ.
15. მოსარჩელემ 2008 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდა განმარტება არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ მისი კონსტიტუციური სარჩელის კანონით დადგენილ ვადაში შემოტანის თაობაზე.
16. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2008 წლის 26 ივნისს.
II
1. მოსარჩელე, კონსტიტუციური სარჩელით, მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ორგანული კანონების „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მეშვეობით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნები.
2. ზემოაღნიშნული გამომდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან. იმ კომპეტენციის განსაზღვრისას, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობს არა მხოლოდ იმით, თუ საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის რომელი დებულებები აძლევს მოსარჩელეს, მისი აზრით, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას, არამედ იმით, თუ რაში მდგომარეობს კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნის არსი.
3. თუ №455 კონსტიტუციურ სარჩელსა და სასარჩელო მოთხოვნას შინაარსობრივი კუთხით შევაფასებთ, აშკარა გახდება, რომ საქმე გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კომპეტენციასთან, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტით. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას. ეს გულისხმობს, რომ მოსარჩელემ ყურადღება უნდა გაამახვილოს, უპირველესად, კონკრეტული ნორმების არაკონსტიტუციურობაზე, ამავდროულად, ამტკიცოს, რომ ამ ნორმების საფუძველზე გამართული არჩევნები არაკონსტიტუციურია, რასაც ახროციელებს კიდეც მოსარჩელე №455 კონსტიტუციურ სარჩელში.
4. მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩამოყალიბებული აქვს სასარჩელო მოთხოვნის არსი. სასარჩელო მოთხოვნა სულ ოთხი პუნქტისაგან შედგება. პირველ პუნქტში მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებას და განხილვას. მე-2 პუნქტი მოიცავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის რამდენიმე მუხლთან მიმართებით. მოთხოვნის მე-3 პუნქტით მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 85-ე მუხლის პირველი პუნქტი არ შედის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. მოსარჩელე, თვლის რა თავს უფლებამოსილ სუბიექტად, იდავოს არჩევნების კონსტიტუციურობაზე, ცდება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის ფარგლებს, რადგანაც არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე დავის განხილვის კომპეტენცია არ ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს, იმსჯელოს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე, რომლის საფუძველზეც არჩევნები ჩატარდა მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს რომელ კომპეტენციასთან გვაქვს საქმე №455 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში. ამ მოსაზრებას საბოლოოდ ამყარებს სასარჩელო მოთხოვნის მე-4 პუნქტი, რომელშიც მოსარჩელე გარკვევით მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ზემოაღნიშნული ნორმების (ანუ მოთხოვნის მე-2 და მე-3 პუნქტში მითითებული ნორმების) საფუძველზე ჩატარებული 2008 წლის 21 მაისის არჩევნები.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გარკვევით არიან დადგენილი ის სუბიექტები, რომლებსაც უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამ ნორმის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. აქედან გამომდინარე, №455 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის შეტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
6. ამავდროულად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. ბუნებრივია, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ ნორმებზე, რომლებიც შინაარსობრივ შემხებლობაშია მოთხოვნის არსთან და აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ კომპეტენციასთან. როდესაც კონსტიტუციური სარჩელი ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ის არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ„ ქვეპუნქტის მოთხოვნას. №455 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლებში მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე. ეს ნორმები შეეხება ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შესახებ დავას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის არსი, როგორც აღინიშნა, მდგომარეობს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაში. ამდენად, №455 კონსტიტუციური სარჩელი, ზემოაღნიშნულ ნაწილში, შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №455 (საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები
გიორგი პაპუაშვილი
ვახტანგ გვარამია
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი