საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/433 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 23 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ლალი ფაფიაშვილი - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის (2007 წლის 11 ივლისის რედაქცია) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები გიორგი მშვენიერაძე და თამარ ჭარბაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 433-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2007 წლის 18 სექტემბრის რეზოლუციით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისა და 432-ე კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. სადავო ნორმატიული აქტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის 2007 წლის 11 ივლისს მიღებული რედაქციის პირველი პუნქტი. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა №5913 კანონით მიიღო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის ახალი რედაქცია.
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2007 წლის 11 ივლისს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის ნორმა - 534 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც კვლავ ითვალისწინებს აქციათა იძულებით მიყიდვას. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმის მიღება ეწინააღმდეგება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტს. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე მივა ამავე დასკვნამდე, სადავო ნორმა განჩინებით უნდა იქნეს ცნობილი ძალადაკარგულად ამავე კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 5 მაისს. მოსარჩელის წარმომადგენელი გ. მშვენიერაძე თვლის, რომ №433 კონსტიტუციური სარჩელი თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც მოცემულია, როგორც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, ასევე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, კონსტიტუციური სარჩელის შედგენისას დაცულია.
7. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის გაგრძელებისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გასაჩივრებული ნორმის ახალი რედაქცია. ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილება არის ამ ნორმატიული აქტის არსებითი შემადგენელი ნაწილი და ის დამოუკიდებლად არ უნდა იქნეს განხილული, როგორც აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, ხომ არ მოიხსნა დღის წესრიგიდან სადავო საკითხი და განხორციელებულმა ცვლილებამ ხომ არ გამოიწვია სადავო აქტის ისეთი ფორმულირების ჩამოყალიბება, რომელიც ცვლის მის რეალურ შინაარსს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ 534 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილი ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა, მისი მიღება არ ნიშნავს არც აქტის გაუქმებას და არც ძალადაკარგულად გამოცხადებას და ის არ უნდა გახდეს უარის თქმის საფუძველი სადავო აქტის განხილვაზე.
8. მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტების შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტი შინაარსით განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ამავე კანონის 533 მუხლის პირველი პუნქტისაგან. მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ 534 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „სამართლიანი ფასი“ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფასს. ეს არსობრივად განსხვავდება არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით გათვალისწინებული „სამართლიანი ფასისაგან“, რომელიც სხვა წესით დგინდებოდა.
9. მოპასუხის წარმომადგენლების აზრით, საქართველოს სახალხო დამცველმა ვერ დაამტკიცა, რომ სადავო აქტით გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ვინმეს და აუცილებელია მისი შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
II
1. №433 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 11 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისას სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლი და შესაბამისად, სადავო ნორმაც. ამდენად, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის მომენტისათვის, სადავო ნორმა აღარ მოქმედებს და ძალა აქვს დაკარგული.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით. ამ პუნქტის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის, სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად არის განსახილველად მიღებული და ის შეეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
3. მოსარჩელის წარმომადგენლებმა ვერ მიუთითეს რომელიმე პროცესუალურ ნორმაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდა უფლებას, შეედარებინდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის 2007 წლის 11 ივლისისა და 2008 წლის 14 მარტის რედაქციების შინაარსი და მათი თანხვედრის შემთხვევაში, გაეგრძელებინა კონსტიტუციური სარჩელის განხილვა.
4. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული სადავო ნორმის შეცვლა არის სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა, რომლის უფლება საქმის განხილვისას არ აქვს არც მოსარჩელე მხარეს და არც სასამართლოს. მოსარჩელე უფლებამოსილია მხოლოდ შეამციროს სასარჩელო მოთხოვნა.
5. მართალია, №433 კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ის არ არის არსებითად განსახილველად მიღებული. აქედან გამომდინარე, მისი განხილვის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმე №433 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №433 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი