საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/374,379 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 16 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე _ (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე – (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით (379-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით – აგრეთვე მე-14, 31-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით):
1. ,,სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილება;
2. ,,სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება და ამ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სემეკის მიერ 2006 წლის 31 მარტს მიღებული №13 დადგენილება (379-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით).
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე შალვა ნათელაშვილი და მისი წარმომადგენლები – მარინე ცუცქირიძე და ნატო პაპუაშვილი; მოსარჩელე აკაკი მიქაძე და მისი წარმომადგენელი ლეილა ნარიმანიძე;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 7 აპრილს არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადმოეცა საქართველოს მოქალაქის აკაკი მიქაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე (რეგისტრაციის №374). განმწესრიგებელი სხდომა 18 აპრილისთვის დაინიშნა, მაგრამ მანამდე, 17 აპრილს, სასამართლო კოლეგიას გადმოეცა საქართველოს მოქალაქის შალვა ნათელაშვილის ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №379) მისი არსებითი განხილვისათვის მიღებისა და ა. მიქაძის კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. აქედან გამომდინარე, განმწესრიგებელი სხდომა ორივე კონსტიტუციურ სარჩელზე 2006 წლის პირველი მაისისთვის დაინიშნა. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა, რომელიც პირველ მაისს დაიწყო და მოსარჩელე შ. ნათელაშვილის წარმომადგენლების თხოვნით გადაიდო, 4 მაისს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებით განისაზღვრა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” სამოქმედო ტერიტორიაზე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენის დროებითი წესი. ამ აქტით, მოსარჩელეთა აზრით, დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები, რაც იმით გამოიხატება, რომ საერთო მოხმარების მრიცხველის დაყენება ვერ პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს არა მარტო თვისებრივ-რაოდენობრივი, არამედ სტაბილური ელექტრო მომსახურების თვალსაზრისითაც. სადავო დადგენილება იწვევს მომხმარებელთა უფლებების უსამართლო დიფერენციაციას, აშკარად მომეტებულ ტვირთს აკისრებს მოსარჩელეებსა და იმ სხვა მობინადრეებს, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ბინა, სადაც რეგულარულად არ ცხოვრობენ. ასეთი ბინა აქვს შ. ნათელაშვილს დუშეთის რაიონის სოფ. ბაზალეთში, ა. მიქაძეს კი – მცხეთის რაიონის სოფ. წიწამურში, რის გამოც ისინი იხდიან შეუსაბამო თანხებს ელექტროენერგიისათვის. მოსარჩელეთა სიტყვით, ასევე მომატებული ტვირთი ეკისრებათ მცირესულიან ოჯახებს მრავალსულიანებთან შედარებით, რაც აშკარა უსამართლობაა და არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს – მომხმარებელი გააფორმებს თუ არა სადისტრიბუციო კომპანიასთან დადგენილებით გათვალისწინებულ შეთანხმებას. იგი თავისდაუნებურად მაინც ხდება კომპანიის აბონენტი, ვინაიდან რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების სხვა, ალტერნატიული წყარო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეთა აზრით, სადისტრიბუციო კომპანია მონოპოლიურ საქმიანობას ეწევა, რითაც პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს. ამასთანავე, სადავო დადგენილებაში საუბარია მხოლოდ მომხმარებელთა ვალდებულებებზე, მათი უფლებების თაობაზე კი არაფერი არაა ნათქვამი.
შ. ნათელაშვილის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 39-ე მუხლების დარღვევაზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ სემეკის №7 დადგენილების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2005 წლის 31 დეკემბრამდე. Aმის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2006 წლის 17 იანვარს მიიღო №1 დადგენილება, რომელიც ,,შინაარსობრივად და სამართლებრივად იდენტურია” პირველი სადავო აქტისა. მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 31 მარტამდე. მოსარჩელე შ. ნათელაშვილმა სასამართლო კოლეგიას წარმოუდგინა სემეკის 2006 წლის 31 მარტის №13 დადგენილება, რომლითაც ცვლილება-დამატებები შევიდა 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში და გაგრძელდა მისი მოქმედების ვადა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე.
ორივე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სემეკის 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილება ფაქტობრივად დღესაც მოქმედებს და სწორედ მის საფუძველზე ხდება საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე დახარჯული ელექტროენერგიის თანხების ამოღება.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვისათვის მიღებას და სადავო დადგენილებების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტას.
მოსარჩელე შ. ნათელაშვილი მოითხოვს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7, 2006 წლის 17 იანვრის №1 და 31 მარტის №13 დადგენილებების არაკონსტიტუციურად ცნობას. საბოლოოდ, მოსარჩელე ა. მიქაძემაც მოითხოვა, რომ სემეკის 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებასთან ერთად არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაც იმავე წლის 31 მარტის ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა საქართველოს მოქალაქეების – შალვა ნათელაშვილისა და აკაკი მიქაძის კონსტიტუციური სარჩელები, თანდართული მასალები, მოსარჩელეებისა და მათი წარმომადგენლების განმარტებები და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნების არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ უნდა იქნეს მიღებული არსებითი განხილვისათვის.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ორივე კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მიჩნეული ,,სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილება კი ძალადაკარგულია. მისი მოქმედების ვადა თვით ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განისაზღვრა 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ეს ვადა შემდგომში არ გაგრძელებულა და 2006 წლის 26 იანვრიდან ძალაში შევიდა სემეკის ახალი – 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება ,,სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ”.
ამგვარად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების მიჩნევა სადავო აქტად გამორიცხულია.
სადავო აქტებად მიიჩნევა სემეკის მხოლოდ 2006 წლის 17 იანვრის №1 და ამავე წლის 31 მარტის №13 დადგენილებები. სასამართლო კოლეგია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სემეკის 2006 წლის 31 მარტის №13 დადგენილება მიღებულია 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სადავო აქტად მიიჩნევა სემეკის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება მასში იმავე წლის 31 მარტის №13 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელე შალვა ნათელაშვილმა ვერ აჩვენა, რომ მის მიმართ სადავო აქტებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 31-ე და 39-ე მუხლების დებულებები. ამიტომ სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სემეკის სადავო დადგენილებების კონსტიტუციურობის შემოწმება მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუცის მხოლოდ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით შეიძლება.
ზემოაღნიშნულის სახით დავის საგნის დაზუსტების პირობით სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში ძირითადად დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტები არიან, სარჩელებში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და არ არსებობს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღება.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ფიზიკური პირებია და დავის საგანიც ორივეგან ერთი და იგივეა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის საქართველოს მოქალაქეების – შალვა ნათელაშვილისა და აკაკი მიქაძის 374-ე და 379-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები იმ ნაწილებში, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ,,სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება (სემეკის 2006 წლის 31 მარტის №13 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით);
2. პირველ პუნქტში აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები არსებითი განხილვისათვის მიღებულ ნაწილებში გაერთიანდეს ერთ საქმედ: ,,საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ”;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი
იაკობ ფუტკარაძე