ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N13/270 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ჯონი ხეცურიანი, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 26 იანვარი 2004 |
პლენუმის შემადგენლობა:
1. ჯონი ხეცურიანი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ვახტანგ გვარამია;
4. იაკობ ფუტკარაძე;
5. ნიკოლოზ შაშკინი;
6. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
7. ლამარა ჩორგოლაშვილი;
8. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება: ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანია: (1) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ”, (2) “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, (3) “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და (4) “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: კონსტიტუციური წარდგინების ავტორი– ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ხარებავა
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ხარებავას 270-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 30 დეკემბერს. ღია განმწესრიგებელი სხდომა 2004 წლის 16 იანვრისთვის დაინიშნა, მაგრამ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზნით წარდგინების ავტორის მოწვევის მოტივით გადაიდო და 21 იანვარს გაიმართა.
კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და მე-20 მუხლები, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-16 და მე-18 მუხლები.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე მოქალაქე ა. გადელიას სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების თაობაზე. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სამუშაოდან მოსარჩელე ა. გადელიას განთავისუფლება მოხდა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის საფუძველზე, ვინაიდან ამ კანონის შესაბამისად განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაცია. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებით აღიარებულ მოსარჩელის შრომის უფლებასა და თავისუფლებას.
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ხარებავას კოსტიტუციურ წარდგინებაში ძირითად მტკიცებულებებს წარმოადგენს მოსარჩელე აპოლონ გადელიას სასარჩელო განცხადებაში და შუამდგომლობაში მოყვანილი არგუმენტები. წარდგინების ავტორის განცხადებით, სადავოდ გამხდარი კანონები საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 83-ე მუხლის, 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 85-ე, 87-ე, 88-ე, 89-ე, 90-ე და 91-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან დაცული არ იქნა რეგლამენტის დასახელებულ მუხლებში მითითებული კანონის მისაღებად აუცილებელი პროცედურები. კონსტიტუციური წარდგინების შესაბამისად სადავო აქტების მიღებისას, ასევე დარღვეული იქნა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 და 66-ე მუხლის მე-2 პუნქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ა. გადელიას მიერ მოყვანილი არგუმენტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ხარებავა მიიჩნევს, რომ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ”, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონები, რომლებიც ამ საქმის განხილვისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში მოცემულ დებულებებს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებს.
270-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინების და თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გამოარკვია კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
1. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს, რათა სასამართლომ მისცეს განმარტება ეწინააღმდეგება თუ არა სადავო აქტები საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად “კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას” და იგი არ იძლევა განმარტებას.
ამასთან, კონსტიტუციურ წარდგინებაში დავის საგნად ჯერ დასახელებულია საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე”, შემდეგ კი, მის ნაცვლად, წარდგინების ავტორი ითხოვს “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას. ამდენად, გაუგებარია, თუ რომელი აქტის კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიუთითებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს და მასში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ წარდგინების საფუძვლიანობას. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისადაც, საერთო სასამართლოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს “მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი უნდა იყოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც წარდგინების შემომტანი სასამართლოს აზრით ადასტურებენ სადავო აქტების მიმართებას და მათ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან. 270-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინებიდან კი არ ჩანს, თუ როგორ არღვევს სადავო აქტები საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლება-თავისფლებებს. წარდგინებაში საუბარია მხოლოდ სადავო კანონების მიღების დროს საქართველოს პარლამენტის მხრიდან პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის თაობაზე. ამრიგად, გაუგებარია, რატომ ითხოვს აღნიშნული კანონების კონსტიტუციურობის შემოწმებას კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და რატომ უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო აქტების კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ითხოვს ოთხი სადავო აქტის არა ცალკეული ნორმების, არამედ მთლიანად ოთხივე კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით, რაც ასევე არაა დასაბუთებული. მაგალითად, გაუგებარია, რატომ უნდა იქნეს ცნობილი ამ კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე” კანონის ის ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, რომ “მიმალული ბრალდებულის ძებნას აცხადებს გამომძიებელი ან პროკურორი და ამის განხორციელებას ავალებს ფინანსთა, შინაგან საქმეთა ან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამის ორგანოს”. იგივე შეიძლება ითქვას “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც 22 გვერდს მოიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 270-ე ნომრით რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის კონსტიტუციური წარდგინება შინაარსით ვერ აკმაყოფილებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართლაწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ არის მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად კი, კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. 270-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაში ძირითად მტკიცებულებად მოყვანილია ის, რომ თითქოს პარლამენტმა სადავო აქტების მიღებისას დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რიგი დებულებების მოთხოვნები. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სადავო ნორმატიული აქტების მხოლოდ კონსტიტუციასთან და არა სხვა ნორმატიულ აქტებთან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან) შესაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმის შესახებ, თუ რამდენად იქნა დაცული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები სადავო აქტების მიღების დროს.
კონსტიტუციურ წარდგინებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება (1) საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტს, ვინაიდან ისინი მიღებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, კონსტიტუციის დასახელებული დებულების შესაბამისად კი, “პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით”, (2) აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს ორგანული კანონის მიღების წესებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ დასახელებული საკითხები უფრო ფორმალური კონსტიტუციური კონტროლის სფეროს განეკუთვნება. ე.წ. ფორმალური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობაზე ამ საკითხების მომწესრიგებელ და დამდგენ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვერ იმსჯელებს სადავო აქტების მიღების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან კონსტიტუციის აღნიშნული დებულება არ შეიცავს საქართველოს საკანონმდებლო აქტების და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების\გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილ წესს. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი მხოლოდ ადგენს, რომ საქართველოს “პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით”.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტს, იგი აწესრიგებს ორგანული კანონის პროექტის მიღების წესს, ხოლო სადავო აქტები არ წარმოადგენენ ორგანულ კანონებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიმართება კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ დასახელებულ სადავო აქტებსა და საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტს შორის.
3. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს”. აქვე აღსანიშნავია იმავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, “. . .კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც “. . . წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ. . . წარდგინების საფუძვლიანობას”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიუთითებს, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი უნდა იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ წარდგინების საფუძვლიანობას. 270-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინება ამ მხრივ ვერ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელე ა. გადელიამ და შუამდგომლობაში მოყვანილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა თავისი საქმის განხილვის შეჩერება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვა, რაც საქმის განმხილველმა სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე მ. ხარებავამ მის კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი მტკიცებულებანი ძირითადად აიღო მოსარჩელის სასარჩელო განცხადებიდან და შუამდგომლობიდან. საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 16-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ე” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორის, და არა მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად კი კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ “ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
4. 270-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ წარდგინებას თან ერთვის მხოლოდ ერთი სადავო აქტი, კერძოდ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ” საქართველოს კანონი, ხოლო დანარჩენი სადავო აქტები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების სახით. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთვოდეს “იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო”.
იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 42-ე მუხლით, აგრეთვე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის “ე”ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის “ა”ქვეპუნქტით, მე-17 მუხლით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმი
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ქ. თბილისში ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს №270-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინება და საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ჯონი ხეცურიანი
2. ოთარ ბენიძე
3. ვახტანგ გვარამია
4. აიკობ ფუტკარაძე
5. ნიკოლოზ შაშკინი
6. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
7. ლამარა ჩორგოლაშვილი
8. ზაურ ჯინჯოლავა