საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ თირქია, სერგო თირქია, ხვიჩა გოგია და მამუკა შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/456 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 7 აპრილი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი:
დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება:
საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ თირქია, სერგო თირქია, ხვიჩა გოგია და მამუკა შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი:
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი:
მოსარჩელეთა წარმომადგენლები რაისა ლიპარტელიანი და ანნა თვარაძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ვ. თირქიამ, ს. თირქიამ, ხ. გოგიამ და მ. შენგელიამ. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 456-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას №456 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის გადმოსცა 2008 წლის 2 ივლისს.
2. მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“. 2007 წლის 23 ოქტომბერს შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანებები, რომლითაც 2007 წლის 25 ოქტომბრიდან მოსარჩელეებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად ბრძანებებში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
3. ვ. თირქიამ, ს. თირქიამ, ხ. გოგიამ და მ. შენგელიამ, სხვა პირებთან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის და თევზის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირების კონფედერაციასთან ერთად, სარჩელით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს. ფოთის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს და 38-ე მუხლს (შრომითი ხელშეკრულების მოშლა).
4. კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ...დ) შრომითი ხელშეკრულების მოშლა“.
5. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს. ისინი მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქმეებზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ და „ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება არა მხოლოდ თავისუფლება იძულებითი შრომისაგან, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სამუშაოს არჩევის უფლება, ასევე, უფლება, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.
6. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს აძლევს თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო გათავისუფლების საფუძველს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებულ სტანდარტებს.
7. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეები მოითხოვენ: 1) კონსტიტუციური სარჩელის მიღებასა და განხილვას; 2) საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ„ ქვეპუნქტის ცნობას არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; 3) სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
8. 2008 წლის 1 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, №2/4/456 საოქმო ჩანაწერით, გადაწყვიტა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარება. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 2 დეკემბერს.
9. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ა. თვარაძემ განმწესრიგებელ სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაში აღნიშნა, რომ №456 კონსტიტუციური სარჩელი მიღებული უნდა იქნეს არსებითად განსახილველად, რამდენადაც ის როგორც ფორმალური, ასევე, შინაარსობრივი თვალსაზრისით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
10. ა. თვარაძემ, ასევე, მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად თვლის არა ზოგადად შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტს, არამედ მის იმ ფორმას, რომელიც კაბალურ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა გაიზარდოს და შეეხოს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლსაც (შრომითი ხელშეკრულების მოშლა). მიუხედავად ამისა, მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს შრომის კოდექსის აღნიშნულ მუხლში.
11. მოსარჩელეთა წარმომადგენლის რ. ლიპარტელიანის აზრით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას. მან გაიზიარა ა. თვარაძის მოსაზრება და აღნიშნა, რომ არ არის შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტის წინააღმდეგი. პრობლემას ქმნის, შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა და არა ინსტიტუტი ზოგადად.
II
1. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი ეძღვნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს. ამ მუხლის სათაურიც შესაბამისია - „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები“. 37-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ცაკლეული საფუძვლები, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულების მოშლა. როდესაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას, მან, ლოგიკურად, უნდა წარმოადგინოს არგუმენტები ან იმის შესახებ, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლა, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთერთი საფუძველი, არაკონსტიტუციურია ან ზოგადად, შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
2. მოსარჩელეთა წარმომადგენლები გარკვევით აცხადებენ, რომ ისინი არაკონსტიტუციურად არ თვლიან შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტს. ამაზე მეტყველებს როგორც კონსტიტუციური სარჩელის ტექსტი, ასევე სასარჩელო მოთხოვნაც. მოსარჩელეთა არგუმენტაცია არ არის მიმართული, ზოგადად, შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებისაკენ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა კი – ამ ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად ცნობისაკენ.
3. კონსტიტუციურ სარჩელში და გამწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიერ, ასევე, არ წარედგინა დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატება შრომითი ხელშეკრულების მოშლის, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთერთი საფუძვლის არაკონსტიტუციურობა.
4. კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ სადავო ნორმა დამსაქმებელს აძლევს თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო გათავისუფლების საფუძველს. მოსარჩელეთა წარმომადგენელის რ. ლიპარტელიანის მოსაზრებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი შინაარსობრივი დატვირთვის გამო. კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შეხედულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსთან დაკავშირებით მცადრია.
5. გასაჩივრებული ნორმით არ არის მოწესრიგებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტი, ხელშეკრულების მოშლის წესი და პირობები. სადავო ნორმა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალის ნაწილს და არა შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას. აქედან გამომდინარე, პოტენციურად შეუძლებელია მსჯელობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე როგორც დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლისას თვითნებობის შესაძლო დამდგენ ნორმაზე.
6. მოსარჩელეთა მიერ მოყვანილი არგუმენტების სამიზნედ მცდარად არის შერჩეული საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რადგანაც ისინი სადავო ნორმას აღიქვამენ, როგორც შრომის ხელშეკრულების მოშლის მომწესრიგებელ ნორმას. კოლეგია, მიუთითებს რა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებულ მიდგომაზე (განჩინება №2/3/412, II-9; განჩინება №2/4/420, II-7; განჩინება №2/9/450, II-10), მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გასაჩივრებული ნორმის არასწორ გაგებას ემყარება, არ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
7. მოსარჩელეთა მცდარმა წარმოდგენამ სადავო ნორმის შინაარსზე განაპირობა შინაარსობრივი მიმართების არარსებობა მათ არგუმენტაციასა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს შორის. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (განჩინება №2/3/412, II-9; განჩინება №2/2/438, II-1). ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ თვალსაზრისითაც არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
8. მოსარჩელეთა წარმომადგენლის ა. თვარაძის აზრით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ცვლილებებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლში, ხოლო მოსარჩელეთა მეორე წარმომადგენელი რ. ლიპარტელიანი კი თვლის, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ავტომატურად მოჰყვება საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის კონსტიტუციურობაზე, თუ მოსარჩელე ითხოვს კანონის მხოლოდ რომელიმე ნორმის (დებულების) არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით აქვს დადგენილი მკაცრი ფარგლები და ის ვერ იმსჯელებს იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც არ არის გასაჩივრებული, მით უმეტეს, როდესაც მათი რეგულირების სფერო განსხვავდება სადავო ნორმის რეგულირების სფეროსაგან. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ვერ ცნობს ნორმას, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზე მას არ უმსჯელია. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიცია აშკარად მცდარ მოლოდინს ეფუძნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომიდან გამომდინარე (განჩინება №2/8/448, II-7,8,9; განჩინება №2/9/450, II-12), ისევე როგორც მსგავს შემთხვევებში, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორაგნული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
9. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის არსი. აქ, თავისთავად, იგულისხმება, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნა უნდა იყოს გასაგები, ნათელი, მოკლებული ყოველგვარ ბუნდოვანებასა და ორაზროვნებას. კოლეგია მიიჩნევს, რომ №456 კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ზემოთმოყვანილ კრიტერიუმებს და წინააღნდეგობაშია თავად მოსარჩელეების არგუმენტაციასთან. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს არ აქვს პრეტენზიები ზოგადად შრომის ხელშეკრულების მოშლასთან, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთერთ საფუძველთან. თუმცა, მოსარჩელეები სწორედ ამ საკითხის მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
10. განჩინების სამოტივაციო ნაწილის წინამდებარე პუნქტებში მოყვანილი მსჯელობიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ №456 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარი უნდა ითქვას „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
11. მოსარჩელეები, ასევე, მოითხოვდნენ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ კონსტიტუციურ სარჩელში და სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი დასაბუთება ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. ის გარემოება, რომ №456 კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად და მასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, გამორიცხავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მსჯელობას.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #456 (საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ თირქია, სერგო თირქია, ხვიჩა გოგია და მამუკა შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი