შ.პ.ს. „საქართველო–კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანია“ ქ. თბილისის მერიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/340 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 30 სექტემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი;
3. ზაურ ჯინჯოლავა(მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: შ.პ.ს. „საქართველო–კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანია“ ქ. თბილისის მერიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის № 08.41.524 დადგენილების „ქ. თბილისში ავტოგასამართი სადგურების მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსებისა და მხატვრული იერსახის კომისიის წინადადებების განხილვის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი ავთანდილ კახნიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №340) მომართა შ.პ.ს. საქართველო–კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანიამ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე შ.პ.ს. „საქართველო–კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანიის“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს ავტოგასამართი სადგურების მოწყობა და ექსპლუატაცია. ამ მიზნით 2003 წლის 2 აგვისტოს მათ მიმართეს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს მცირე გაბარიტიანი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვისათვის. აღნიშნული სამსახურის უფროსის პასუხით უარი ეთქვათ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილებით აკრძალულია ნებართვების გაცემა ქ. თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის ავტოგასამართი სადგურის განთავსებაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალოდ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით მათთვის მინიჭებულ შრომისა და მეწარმეობის თავისუფლებას, რადგან სადავო დადგენილება არ აძლევს მათ საკუთარი შრომითი შესაძლებლობების თავისუფალი გამოყენების საშუალებას და არსებითად უშლით თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება კაპიტალის ან წარმოების საშუალებების გამოყენებისათვის, აგრეთვე განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა იმ სფეროში და იმ სახით, რაც აკრძალული არ არის კანონით. ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მხრიდან არასაკმარისად დასაბუთებული უარი უნდა ჩაითვალოს ეკონომიური საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვად.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად მოსარჩელე მხარემ თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად მიმართა დიდუბე–ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2003 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მათი სარჩელი, მაგრამ 2004 წლის 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გააუქმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ეყრდნობა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი მმართველობის ნორმატიული აქტი, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს და იგი სავალდებულოა შესასრულებლად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მათ გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2005 წლის 15 ივნისის განჩინებით უცვლელად დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან „თბილისის მერიას არ გაუუქმებია თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილება და არც ახალი გადაწყვეტილება მიუღია“.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2005 წლის 13 ივნისს იუსტიციის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. აღნიშნული დოკუმენტი წარუდგინეს უზენაეს სასამართლოს საქმის განხილვისას თუმცა პალატამ მისი იგნორირება მოახდინა.
ამასთან კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამდენად მათი აზრით თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილებას არ შეიძლება გააჩნდეს რაიმე იურიდიული ძალა და შეადგენდეს საქართველოს კანონმდებლობის ნაწილს, მითუმეტეს, რომ შინაარსიდან გამომდინარეც ის მხოლოდ დროებითი ხასიათის ნორმატიული აქტი იყო და ავტოგასამართი სადგურების განთავსების საკითხს ფაქტობრივად, მხოლოდ 1996 წლის მე-3 კვარტლამდე აწესრიგებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და განმწესრიგებელ სხდომაზე დამსწრე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები სხვა ფიზიკური პირებისა და საქართველოს იურიდიული პირების კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით.
ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო რეესტრში უნდა შევიდეს საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი“, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს წარდგენით, შეაქვს იუსტიციის სამინისტროს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას 2005 წლის 29 სექტემბრის № 01/23/11-8657 წერილით აცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილება არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის №08.41.524. დადგენილების „ქ. თბილისში ავტოგასამართი სადგურების მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსებისა და მხატვრული იერსახის კომისიის წინადადებების განხილვის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით ვერ ჩაითვლება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხად, რადგან სადავო ნორმა არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად „კონსტიტუციური სარჩელი...განსახილველად არ მიიღება, თუ ... მასში მითითებული ... სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი“.
იხელმძღვანელა რა „საქართველოს კონსტიტუციის“ 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ პუნქტით
საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შ.პ.ს. „საქართველო–კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანიის“ კონსტიტუციური სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის № 08.41.524 დადგენილების „ქ. თბილისში ავტოგასამართი სადგურების მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსებისა და მხატვრული იერსახის კომისიის წინადადებების განხილვის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი;
3. ზაურ ჯინჯოლავა.