"საქართველოს მწვანეთა პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/511 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 13 მაისი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3. ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „საქართველოს მწვანეთა პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 11 მარტის საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის 1-16 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი 511) მიმართა „საქართველოს მწვანეთა პარტიამ“. სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმების მიხედვით, განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია და ნაწილი მისი ფუნქციებისა გადაეცა სხვა სამინისტროებსა და უწყებებს. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელების, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ უწყებას მმართველობის სფეროში ასევე გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები - გარემოს დაცვის ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა პესტიციდებთან, აგროქიმიკატებთან, ნიადაგების კონსერვაციასთან და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“, რომელსაც გადაეცა ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან, მათ შორის, თევზჭერასთან და ნადირობასთან, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები.
4. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტს, ვინაიდან აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ავალდებულებს სახელმწიფოს, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა, სადავო ნორმების მიღებით კი სახელმწიფომ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება.
5. მოსარჩელის აზრით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, შესაბამისად, მის ცალკეულ სეგმენტებზე მეთვალყურეობა-მონიტორინგის ფუნქციების სხვადასხვა სტრუქტურებზე გადანაწილება დაუშვებელია და აუცილებლად გამოიწვევს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.
6. მოსარჩელე თვლის, რომ ენერგეტიკის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უპირატესად თვითონ მოიხმარენ ბუნებრივ რესურსებს, შესაბამისად, მათთვის ზემოაღნიშნული ფუნქციების გადაცემით, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნული უწყებები ვერ შეძლებენ ამ რესურსების რაციონალურ გამოყენებას და მათ გამოყენებაზე ჯეროვანი კონტროლის განხორციელებას. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობით სფეროში გადასვლით, გარემოს დაცვის სამინისტროს აღარ აქვს კონტროლის განხორციელების რეალური შესაძლებლობა. აღნიშნული უწყებების მეშვეობით, გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებდა კონტროლს ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე, ხოლო ამ სამსახურების გადასვლა იმ უწყებაში, რომელიც თვითონ ბუნებრივი რესურსების მომხმარებელია, გამოიწვევს გარემოს დაცვის სამინისტროს მუშაობის პარალიზებას.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო შეთანხმებებსაც, კერძოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების 57-ე მუხლს, რომლის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება გაეძლიერებინა და განევითარებინა გარემოსდაცვითი ღონისძიებები და შესაბამისი სტრუქტურები.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
9. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2011 წლის 13 მაისს.
II
1. მოსარჩელე არის იურიდიული პირი - საქართველოს მწვანეთა პარტია“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ... საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, საქართველოს იურიდიულ პირებზე ვრცელდება ფიზიკური პირების მსგავსი მოთხოვნა: მათ მხოლოდ საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
2. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“. ბუნებრივია, იურიდიული პირები ვერ იქნებიან ყველა კონსტიტუციური უფლების (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე 36-ე და რიგი სხვა მუხლებით გათვალისწინებული უფლებების) სუბიექტები. შესაბამისად, ისინი უფლებამოსილნი არიან მხოლოდ იმ კონსტიტუციური უფლებების დასაცავად მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებიც მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზე.
3. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული მისი უფლება. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის დასახელებული ნორმის სრულყოფილი განმარტების აუცილებლობის წინაშე. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი, ზოგადად, ეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უფლების გარანტირებას, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ამ მუხლით დაცული სფეროს შინაარსის გათვალისწინებით, ბუნებრივია, იურიდიული პირები ვერ სარგებლობენ ამ უფლებით (შესაბამისად, არ არიან კონსტიტუციის 37-ე მუხლის სუბიექტები). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლების სუბიექტად მიჩნევისათვის, მნიშვნელობის მქონე ვერ იქნება ის გარემოება, რომ გარემოს დაცვა ზოგადად, ამ ორგანიზაციის საქმიანობის, ინტერესის თუ ზრუნვის სფეროს წარმოადგენს. „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ გარემოს დაცვისადმი განსაკუთრებული ინტერესი და ამ სფეროში მისი საქმიანობა, თავად პარტიას, როგორც იურიდიულ პირს ჯანმრთელობის დაცვის უფლების სუბიექტად ვერ აქცევს. ამასთან ვერცერთი იურიდიული პირი, ისევე როგორც ფიზიკური პირი, ვერ იდავებს სხვა სუბიექტების უფლებების დასაცავად.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მწვანეთა პარტია“ მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „კონსტიტუციური სარჩელი... განსახილველად არ მიიღება, თუ ... შეტანილი არ არის უფლებამოისლი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ)“.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ 511-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 11 მარტის საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის 1-16 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი