დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/512 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ვახტანგ გვარამია, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 11 ივლისი 2011 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ვახტანგ გვარამია - წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „ამ მუხლის 11, 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, „უცხოელსა და“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე...“, „ხოლო უცხოელს - აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.“, მე-4 მუხლის 11 პუნქტის სიტყვების „უცხოელი და“, მე-4 მუხლის 12 პუნქტის სიტყვების „უცხოელსა და“ და მე–4 მუხლის 13 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან და 47–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N512) მიმართა დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ №512 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა წარმოშობს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების განმარტების საჭიროებას, მასში რეგლამენტირებული საკუთრების შეძენის საყოველთაო უფლების შინაარსის განსაზღვრას, რაც კონსტიტუციის განმარტების იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს და 2011 წლის 13 მაისის №3/1-1/512 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. სადავო ნორმის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ამ მუხლის 11, 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, იმ მიწაზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს ან რომლებსაც მართლზომიერად ფლობდნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები. ხოლო ამავე მუხლის 11 ,12 და 13 პუნქტების მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჩამოერთმევა იგი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
4. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე დანიის მოქალაქე და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ხდება მისი კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, ვინაიდან მას ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების შეძენა, ხოლო მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, ვალდებულია გაასხვისოს იგი.
5. მოსარჩელე თვლის, რომ„საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისებისა და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლება“ უცხოელებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება შეეზღუდოთ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუმცა ამ დროს სახელმწიფომ შეზღუდვის საფუძვლად შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, ხოლო სადავო ნორმებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი საზოგადოებრივი საჭიროება არ არსებობს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, თუ სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, უცხოელს ეკისრება ვალდებულება, გაასხვისოს იგი, განხილული იქნება როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვა, იგი თავისი სიმძიმით უთანაბრდება საკუთრების ჩამორთმევას. ამასთანავე,სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენაც რომ იყოს მიმართული, უცხოელისათვის დადგენილი უფლების შეზღუდვა, ყველა შემთხვევაში, შეუსაბამოდ მძიმე და არაპროპორციულია.
6. სადავო ნორმებით განსაზღვრული წესიდან გამომდინარე, უცხოელის მიერ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობითი გაუსხვისებლობის შემთხვევაში, მისი ჩამორთმევა მოხდება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში ხსენებული „საზოგადოებრივი საჭიროება“ განიმარტება როგორც უფრო მკაცრი და მაღალი სტანდარტის მოთხოვნა, ვიდრე იგივე ტერმინი განიხილება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, ვინაიდან სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არ პასუხობს 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მოთხოვნებს და, მით უმეტეს იგი, ვერ უპასუხებს საკუთრების ჩამორთმევის იმ მკაცრ სტანდარტებს, რომლებიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 47–ე მუხლის პირველ პუნქტსაც. კერძოდ, აღნიშნული დებულება ადგენს ზოგად პრინციპს, რომლის თანახმადაც, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კონსტიტუციის ცალკეული მუხლები პირდაპირ უთითებენ ამა თუ იმ უფლების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე გავრცელებას, მისი მოსაზრებით, ასეთი მითითებები არსებობს ძირითადად პოლიტიკური და ზოგიერთი სოციალური უფლების მიმართ. ხოლო კონსტიტუციის 21–ე მუხლით დაცული სფერო თანაბრად ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე. შესაბამისად, სადავო ნორმა, საკუთრების უფლებასთან მიმართებით, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა თანასწორობის წესს.
მოსარჩელე თავის არგუმენტაციას ამყარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებებით.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, N512 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2011 წლის 11 ივლისს.
II
№512 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
III
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N512) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „ამ მუხლის 11, 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, „უცხოელსა და“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე...“, „ხოლო უცხოელს - აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.“, მე-4 მუხლის 11 პუნქტის სიტყვების „უცხოელი და“, მე-4 მუხლის 12 პუნქტის სიტყვების „უცხოელსა და“ და მე–4 მუხლის 13 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან და 47–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს ,,დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი