შპს “კავკასუს ონლაინი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/436 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 9 ნოემბერი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია - სხდომის თავმჯდომარე,
ქეთევან ერემაძე - წევრი,
ბესარიონ ზოიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს “კავკასუს ონლაინი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების “ერთი მხრივ, შპს “სერვისს”, სს “ეგრისს”, სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას,” შპს “კავკასუს ონლაინს” შორის დავის არსებითი გადაწყვეტის შესახებ” დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - შპს “კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები დავით კაპანაძე, ვახტანგ ცეცხლაძე და მოპასუხის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი კახი ყურაშვილი.
I.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №436) მიმართა შპს “კავკასუს ონლაინმა”. 2007 წლის 25 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2007 წლის 22 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 45-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.
3. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება, ერთი მხრივ, შპს “სერვისს”, სს”ეგრისს”, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელსა” და, მეორე მხრივ, შპს “კავკასუს ონლაინს” შორის დავის გადაწყვეტის საკითხს, რომლის დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ: “ა) კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს №452/16 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი და უპირობო აღსრულება, კერძოდ, შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა: ა.ა) შპს “კავკასუს ონლაინის” მიერ მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირთან; ა.ბ) ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ - მინიმუმ 0.5 გბიტ/წმ სიმძლავრით ერთმანეთს შორის; ბ) გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ყოველთვიური ანგარიშსწორების ნულოვანი სალდირებით”.
4. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი მიღებულ იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის სახით, თავისი არსით იგი წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. კერძოდ, ისევე როგორც ნორმატიული აქტი, იგი ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და განკუთვნილია მრავალჯერადი შესრულებისთვის. გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტი მიმართულია არა მარტო მოდავე სუბიექტების, არამედ საქართველოში მოქმედი და მომავალში შექმნილი ყველა “ინტერნეტ პროვაიდერების” მიმართ. გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად დადგენილი ყოველთვიური ანგარიშსწორების ნულოვანი სალდირება კი წარმოადგენს არა ერთჯერად შესრულებას (ქმედებას), არამედ აღნიშნული წესით მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა მოუწევს როგორც მოქმედ, ასევე მომავალში შექმნილ კომპანიებსაც, რომელნიც “ინტერნეტ სფეროში” განახორციელებენ მომსახურებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო აქტი აკმაყოფილებს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
5. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნულოვანი სალდირების დაწესებით, პრაქტიკულად უფასო ურთიერთჩართვის ვალდებულების შემოღებით, უხეშად ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება. შპს “კავკასუს ონლაინი” სატელეკომუნაკციო მომსახურებას ახორციელებს თავის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით, რომლის სარგებლობისა და განკარგვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს საკუთრების უფლების შეზღუდვას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში. მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტი სცილდება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებს, რის გამოც, ირღვევა კონსტიტუციის დასახელებული ნორმა.
6. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კომუნიკაციის განვითარებას. მოცემულ შემთხვევაში ყველა სხვა ინტერნეტ პროვაიდერს მიენიჭა უკეთესი სამეწარმეო პირობები, ვინაიდან მათ საშუალება მიეცათ ნულოვანი სალდირებით, ანუ პრაქტიკულად, რაიმე გადასახადის გარეშე, ისარგებლონ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურით.
II.
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე, იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. 436-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაჭრელად სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო აქტის სამართლებრივი ბუნება - კერძოდ, მიეკუთვნება იგი ნორმატიულ აქტს თუ ინდივიდუალურს.
2. სადავო აქტი მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს შემდეგ სამართლებრივ აქტებს: კომისიის დადგენილებას, კომისიის გადაწყვეტილებას და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას. აღნიშნული კანონის თანახმად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება ინდივიდუალური აქტი.
3. ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ცნების განმარტებები მოცემულია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში ნორმატიული აქტი განმარტებულია როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაიული კოდექსი ნორმატიული აქტის (ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ცნების განმარტებას ანალოგიურად ახდენს, ხოლო ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის დეფინიციას უფრო დეტალურად იძლევა. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შესზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნულიდან ჩანს, რომ ესა თუ ის აქტი სამართლებრივ აქტად რომ ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორმალურ და მატერიალურ ნიშნებს. ერთი მიგვანიშნებს მისი მიღების წესზე, მეორე კი მის შინაარსზე.
4. სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ფორმალური ნიშნის მიხედვით, სადავო აქტი, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, არც მოსარჩელისათვის წარმოადგენს საკამათოს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №469/16 გადაწყვეტილება, სადავო დადგენილებით ნაწილთან ერთად, მიღებულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დავის გადაწყვეტის თაობაზე, უფლებამოსილი ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი დავები. აღნიშნულ შემთხვევაში, კომისიის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება “ერთი მხრივ, შპს “სერვისს”, სს “ეგრისს”, სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს “კავკასუს ონლაინს” შორის დავის არსებითი გადაწყვეტის შესახებ”.
5. ნორმატიული აქტების მატერიალური ელემენტი მისი სუბსტანციის განმსაზღვრელ პრინციპულ მომენტს შეადგენს. ამაზე მიგვანიშნებს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, “დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა)”. მოსარჩელე სწორედ ამიტომ მიიჩნევს საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით შეფასებაუნარიანად სადავო აქტს, რომ, მისი აზრით, იგი ნორმატიული აქტისათვის დამახასიათებელი ნიშნების მატარებელია.
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის ურთიერთგამიჯვნა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორია ამ აქტით მოწესრიგების ადრესატთა წრე და ობიექტი. ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისაგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება. ამ თვალსაზრისით ერთჯერადი გამოყენების ნორმატიული აქტი ყოველთვის ზოგადი (აბსტრაქტულ-გენერალური) სახის აქტია, რაც არ შეიძლება ითქვას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შესახებ, რომელიც გამოიცემა ნორმატიული აქტის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციისათვის.
6. სამართლებრივი აქტის მატერიალური შინაარსისათვის დამახასიათებელი თვისებებით თუ შევაფასებთ სადავო აქტს, აღმოჩნდება, რომ იგი ამ ნიშნითაც არ აკმაყოფილებს ნორმატიული აქტის მოთხოვნებს და წარმოადგენს კონკრეტულ - ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. ოწესრიგების ობიექტი კონკრეტულია. Iგი ეხება დავის მოწესრიგების კონკრეტულ შემთხვევას, ასახავს კონკრეტული საქმის ვითარებას და, ამდენად, მისი მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს ანალოგიურ შემთხვევებზე. კომისიის გადაწყვეტილება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის აქტს წარმოადგენს და ერთჯერადი გამოყენებით შემოიფარგლა.
სადავო აქტში მოწესრიგების სუბიექტიც განსაზღვრულია. გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული ,,ყველა ავტორიზებული პირი” არ ნიშნავს აბსტრაქტულ, განუსაზღვრელ პირთა წრეს, კერძოდ, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, ყველა მოქმედ და მომავალში წარმოშობილ პირებს. ეს გადაწყვეტილება, მისი დადგენილებითი ნაწილის სადავო პუნქტთან ერთად, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, ეხება კონკრეტული შემთხვევის კონკრეტულ სუბიექტებს. ასეთ სუბიექტებს კი წარმოადგენენ, ერთი მხრივ, შპს ,,სერვისი”, სს ,,ეგრისი”, სს ,,საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი” და, მეორე მხრივ, შპს ,,კავკასუს ონლაინი”. ამ უკანასკნელის (მოსარჩელის) ვალდებულება მხოლოდ დასახელებული სუბიექტების მიმართ წარმოიშობა, რაც დაადასტურა კიდეც განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა მოპასუხის წარმომადგენელმა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს 469/16 გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის სადავო პირველი პუნქტი, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური ნიშნით წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. ამდენად, შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ... მასში მითითებული ... სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი”.
III.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 30-ე, 31-ე მუხლებით და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად შპს ,,კავკასუს ონლაინის” 436-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ იმის თაობაზე, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების ,,ერთი მხრივ, შპს ,,სერვისს”, სს ,,ეგრისს”, სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს ,,კავკასუს ონლაინს” შორის დავის არსებითი გადაწყვეტის შესახებ” დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტი.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე