საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/438 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ლალი ფაფიაშვილი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის №197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №704 ბრძანებულებისა და “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №180 განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2007 წლის 4 ოქტომბერს 438-ე ნომრით დარეგისტრირდა საქართველოს მოქალაქის ვ. ცქიფურიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. №438 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2007 წლის 31 ოქტომბრის რეზოლუციით, გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ვ” ქვეპუნქტები, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ვ. ცქიფურიშვილს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს ყაჩაღობის გზით გასტაცეს მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი.
4. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის №197 ბრძანებულება “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” არ ითვალისწინებს ავტომობილის წართმევით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. მოსარჩელის აზრით, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს. ამ პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლზე, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1985 წლის 29 ნოემბრის №40/41 რეზოლუციაზე “მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის” (დამატება “ა” - “დანაშაულებათა მსხვერპლნი”, პირველი და მე-2 მუხლები).
5. მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის №197 ბრძანებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, რადგანაც ის არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც არაკანონიერმა ფორმირებებმა ჩამოართვეს ავტომობილები.
6. მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის №197 ბრძანებულება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. კონსტიტუციის ამ ნორმასთან შეუსაბამობა იმაში მდგომარეობს, რომ საერთო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, რადგანაც ამას არ ითვალისწინებს პრეზიდენტის შესაბამისი აქტები და მიუთითა, რომ ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეგულირების სფეროს.
7. “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №704 ბრძანებულებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს: “აღნიშნული ბრძანებულების შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკითხი, რომლის დარეგულირებას “ცდილობს” ბრძანებულების ავტორი, კვლავ არ ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს.”. კონსტიტუციური სარჩელიდან არ ირკვევა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება საქართველოს კონსტიტუციის ამ ნორმების დარღვევა.
8. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი მტკიცებულებები “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №180 განკარგულების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხოლოდ აღნიშნავს, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი არ იცნობს ისეთ ნორმატიულ აქტს, რომელსაც “განკარგულება” ეწოდება.
9. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღებას ამახვილებს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზეც. გასაჩივრებული აქტები არ არის შეტანილი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო-სარეგისტრაციო კოდი. ამის გამო, მოსარჩელის აზრით, ეს აქტები, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ბათილია.
10. კონსტიტუციურ სარჩელს მოსარჩელემ დაურთო დოკუმენტები, რომელიც, მისი აზრით, ამყარებს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არგუმენტაციას. ეს საბუთებია: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 26 იანვრის №183 დავალება ქ. თბილისის მერისადმი, ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის 1993 წლის 23 თებერვლის №ც-2, ც-274 წერილი მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილისადმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის და ანალიზის სამმართველოს უფროსის 2005 წლის 24 მარტის №12/5/5/2-ც-16 წერილი მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილისადმი, ქალაქ თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმები (№2 (5/39) - 1996 წლის 5 მარტი, №4 (7/39) - 1996 წლის 19 მარტი, №5 (10/39) - 1996 წლის 26 მარტი, №6 (11/39) - 1996 წლის 2 აპრილი), მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილის 2007 წლის 5 სექტემბრის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისადმი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის №6944 წერილი მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილისადმი, მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილის 2007 წლის 28 აგვისტოს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 3 სექტემბრის №01/27/01-2234 წერილი მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილისადმი, მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილის 2007 წლის 12 სექტემბრის განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსისადმი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის წერილი მოქალაქე ვ. ცქიფურიშვილისადმი.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 16 აპრილს. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მას 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს საცხოვრებელი სახლი არ დაზიანებია. თუმცა, იგი მოითხოვს, რომ ზარალი აუნაზღაურდეს იმ პირებსაც, რომლებსაც ამ მოვლენების დროს სხვა სახის ზარალი მიადგა. მოსარჩელე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა აიძულებს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ გამოთქვა ვარაუდი, რომ მას ზიანი მიაყენეს სახელმწიფო მოხელეებმა და კონკრეტულად კი - სამხედრო საბჭოს წევრებმა. თუმცა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა როგორც მისთვის ავტომანქანის გატაცების ფაქტს, ასევე, ამაში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მონაწილეობას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
13. კონსტიტუციურ სარჩელში “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონზე მითითება მოსარჩელემ იმით დაასაბუთა, რომ ამ კანონის 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, ბათილად ცნოს სადავო სამართლებრივი აქტები.
14. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლებიდან ამოიღო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი.
15. მოსარჩელემ, დამატებითი მტკიცებულების სახით, სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს 157 დაზარალებულისათვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა. მისი აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილება ადასტურებს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მოსახლეობისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.
16. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №180 განკარგულების კონსტიტუციურობას.
II
1. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ სტანდარტებს. კერძოდ, მოსარჩელეს მოეთხოვება დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატება წინააღმდეგობა მის მიერ მითითებულ სადავო ნორმასა და კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმას შორის. კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად უნდა შეეხებოდეს სადავო ნორმას. თუ ასეთი არგუმენტაცია არ არსებობს, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია (განჩინება №2/3/412, 2007 წლის 5 აპრილი).
2. გასაჩივრებული აქტები ითვალისწინებს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურებისათვის გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან და განმწესრიგებელი სხდომიდან გაირკვა, მოსარჩელე არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს პოტენციური საფრთხეც კი, რასაც სადავო ნორმები შეუქმნიდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას. მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია, შინაარსობრივადაც არ შეეხება სადავო აქტებს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, არ აკმაყოფილებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
3. იგივე შეიძლება აღინიშნოს მოსარჩელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით სადავო აქტებისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიმართების თაობაზე. სადავო აქტები არ აწესრიგებენ სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხებს. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი დასაბუთება, ამ შემთხვევაშიც, შინაარსობრივად არ შეეხება სადავო აქტებს.
4. მოსარჩელე სვამს სადავო აქტების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს, როგორც საქართველოს მოქალაქე. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოქალაქეს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მას მიაჩნია, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი არ შედის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, დასვას სადავო აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელსაც შეეხო გასაჩივრებული აქტების მოქმედება. ამას თავად მოსარჩელეც ადასტურებს. იგი დაზარალდა არა იმის შედეგად, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დაინგრა ან სხვაგვარად დაზიანდა, არამედ იმიტომ, რომ მას გასტაცეს კუთვნილი ავტომობილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე ოფიციალური საბუთი, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ, ასევე, ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას ზიანი მიადგა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან მოსამსახურეთა მხრიდან უკანონო მოქმედებების შედეგად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო აქტებით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები, რაც მას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
6. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ამდენად, ამ კომპეტენციის განხორციელებისას, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ ნორმატიული აქტების და არა ნებისმიერი სამართლებრივი აქტის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან (განჩინება №1/7/436, 2007 წლის 9 ნოემბერი) გამომდინარე, სადავო აქტის ნორმატიულ აქტად ჩასათვლელად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მატერიალური ნიშნით. კოლეგიას ეს მიდგომა მართებულად მიაჩნია. შესაძლებელია სამართლებრივი აქტი ფორმალურად იქნეს გამოცემული/მიღებული ნორმატიული აქტის სახით, მაგრამ ის ან მისი დიდი ნაწილი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მატერიალური თვალსაზრისით, არ წარმოადგენდეს ნორმატიულ აქტს. სავარაუდოა განსხვავებული შემთხვევაც - აქტი, შესაძლებელია, გამოცემული/მიღებული იქნეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ფორმით, მაგრამ მას ჰქონდეს ნორმატიული შინაარსი. არის შემთხვევები, როდესაც ის ორგანო, რომელიც გამოსცემდა ნორმატიულ აქტს, აღარ არსებობს, მას აღარ აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება ან გამოსცემს ნორმატიულ აქტს, მაგრამ სხვა სახით. შედეგად, ხდება გარკვეული სახის ნორმატიული აქტების ამოღება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების ჩამონათვალიდან. ყოველივე ეს ზეგავლენას არ ახდენს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს იმ აქტის კონსტიტუციურობის საკითხი, რომელსაც არ დაუკარგავს იურიდიული ძალა და განაგრძობს მოქმედებას.
7. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის №197 ბრძანებულებით “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტი ქმნის სამთავრობო კომისიას, ამტკიცებს მის პერსონალურ შემადგენლობას, გასცემს კონკრეტულ დავალებებს კომისიის, თბილისის მერიის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის მიმართ. ეს ბრძანებულება, არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მას ნორმატიული აქტის სახე აქვს, მატერიალური თვალსაზრისით ის არ არის ნორმატიული აქტი. იგივე შეიძლება აღინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №704 ბრძანებულებაზე “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ”. აქედან გამომდინარე, სადავო აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა არ წარმოადგენს იმ საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტითა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მსჯელობს სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე და არა მის შესაბამისობაზე სხვა ნორმატიულ აქტებთან. ამდენად, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონთან სადავო აქტების შესაბამისობის თაობაზე მსჯელობა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №438 (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი