საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/2/457 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 4 მაისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ჯონი ხეცურიანი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი ანნა თვარაძე; მოპასუხის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ ზაურ ელაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 457-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 28 ივლისის რეზოლუციით №457 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. სადავო ნორმატიული აქტია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
„მუხლი 534. აქციათა სავალდებულო მიყიდვა
1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.
2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით.
3. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 1 თვისა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.
4. რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის „რეგისტრატორი“) სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე არა უგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი ადგენს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ყველა რეგისტრირებული მფლობელის სიას, მათი ვინაობის, მისამართის და მათ მფლობელობაში არსებულ აქციათა რაოდენობის მითითებით („გამოსყიდვის რეესტრს“) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე ყველა აქციას გადააფორმებს მყიდველის სახელზე. რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს.“
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის სააქციო საზოგადოება „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“-ს აქციონერი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით მას ეზღუდება საკუთრების უფლება, რადგანაც კანონი ავალდებულებს გაასხვისოს თავისი წილი აქციები და სურვილისამებრ ვერ განკარგავს თავის საკუთრებას. „მეწარმეთა შესახებ„ საქართველოს კანონის 534 მუხლის მოთხოვნები არ არის განპირობებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, რომლის გამოც გამართლებული იქნებოდა საკუთრების უფლების შეზღუდვა. მოსარჩელის აზრით, „საზოგადოებრივი საჭიროება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც კერძო პირისათვის საკუთრების სავალდებულო გადაცემის საფუძველი.“ იგი მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით №457 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიმართა 2009 წლის 17 მარტს.
5. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რათა მიღებულ იქნას არსებითად განსახილველად. არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარის აზრით, საკანონმდებლო ორგანოს არ ჰქონდა უფლება მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ანალოგიური ნორმა. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია ამ მოსაზრების გამამყარებელი არგუმენტები და არ დაუყენებია მოთხოვნა, რომ სადავო ნორმა ცნობილი იქნეს ძალადაკარგულად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე.
7. მოსარჩელე მხარის პოზიცია განმწესრიგებელ სხდომაზე რამოდენიმეჯერ შეიცვალა. თავდაპირველად აღინიშნა, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის მიმართ არ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებები. თუმცა, საბოლოოდ, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ ერთი პირის მიერ მეორე პირისათვის საკუთრების სავალდებულო გადაცემა, ე.ი. საკუთრივ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის არსი, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია.
8. მოპასუხე მხარე არ არის წინააღმდეგი, რომ №457 კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად. ამავდროულად, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლისაგან განსხვავებით, სადავო 534 მუხლი ახლებურად აწესრიგებს აქციათა სავალებულო მიყიდვას.
II
1. №457 კონსტიტუციური სარჩელიდან და განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარე, მიუხედავად პოზიციის ცვლისა, ეჭვქვეშ აყენებს, ზოგადად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის კონსტიტუციურობას და ამ შემთხვევაში, გამორიცხავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობას.
2. კოლეგიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულება ჩამოყალიბდა 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის პირველივე პუნქტში აღნიშნა, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი გავრცელებული იყო საზღვარგარეთის მრავალ განვითარებულ სახელმწიფოში. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის ის ფორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლით. გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის მითითებული: „საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განხილვისას უნდა შემოიფარგლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის მხოლოდ მოქმედი წესის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასებით“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა არ განახორციელა იმის გამო, რომ ზოგადად აქციების სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი თავისი არსით ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და საერთოდ გამოირიცხებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის საკმაოდ ვრცელი მონაკვეთი ეთმობა მსჯელობას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ თაობაზე. ეს ტერმინი მოიცავს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნებისათვის მოქმედებასაც (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-15). „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, შედარებით ფართოდ უნდა იქნეს გაგებული (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-16).
5. რაც შეეხება კონკრეტულად აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემთხვევაში „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ საკითხს, ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო, დაწვრილებით აყალიბებს რა თავის მოსაზრებას (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-23,24,25), აღნიშნავს: „აქციათა სავალდებულო მიყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას შესაბამისი საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის“ (გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405; II-26). აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აქციების სავალდებულო მიყიდვა განპირობებული იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით.
6. ამდენად, №457 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარის მიერ წამოჭრილი სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №457 (საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი