საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/407 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 14 ნოემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ბესარიონ ზოიძე.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, იმავდროულად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი - ეკატერინე ლომთათიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №407) მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძემ. 31 ოქტომბერს სასამართლოს პირველ კოლეგიას სარჩელი გადმოეცა არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით და 8 ნოემბერს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-18 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომათათიძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №407) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2.საქმის არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3.საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
4. ბესარიონ ზოიძე