საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/442 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 24 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა – წევრი
ლალი ფაფიაშვილი – წევრი
ჯონი ხეცურიანი – წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის (2007 წლის 11 ივლისის რედაქცია) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე სულიკო მაშია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშიამ. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 442-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2007 წლის 26 ნოემბრის რეზოლუციით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისა და 432-ე და 433-ე კონსტიტუციურ სარჩელებთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. სადავო აქტია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის 2007 წლის 11 ივლისს მიღებული რედაქციის პირველი პუნქტი. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა №5913 კანონით მიიღო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის ახალი რედაქცია.
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2007 წლის 11 ივლისს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონს დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის ნორმა – 534 მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მიღება ეწინააღმდეგება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტს. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე მივა მსგავს დასკვნამდე, ამავე კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა განჩინებით უნდა იქნეს ცნობილი ძალადაკარგულად.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2008 წლის 5 და 8 მაისს. მოსარჩელემ წარმოადგინა შუამდგომლობა კონსტიტუციურ სარჩელში არსებული მექანიკური უზუსტობის გასწორებისა და საქმეზე მტკიცებულების სახით შემდეგი საბუთების დართვის თაობაზე: 1. ფასიანი ქაღალდების რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე არის სააქციო საზოგადოების “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აქციონერი 2. გაზეთის “აქციონერის მაცნე” 2008 წლის 6 მაისის №18 (375), სადაც მოცემულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2008 წლის 29 აპრილიდან 3 მაისამდე დადებული გარიგებები, რაც, მოსარჩელის აზრით ადასტურებს, რომ ხელოვნურად ხდება სააქციო საზოგადოების “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აქციების ფასის დაწევა. კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ, ასევე, დააყენა შუამდგომლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტის 2008 წლის 14 მარტს მიღებული რედაქციის კონსტიტუციურობაზე. მოპასუხის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის შუამდგომლობას, ვინაიდან “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს მხოლოდ შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა ან უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. კოლეგიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა, როდესაც ის ამცირებს სასარჩელო მოთხოვნას.
8. მოპასუხის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ №442 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული, რადგანაც მასში არის მითითება არარსებულ ნორმაზე. შესაბამისად, აზრს კარგავს სადავო ნორმის შეჩერებისა და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან შინაარსობრივი მსგავსების გამო, მის განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნაც.
II
1. №442 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 11 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისას სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლი და შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტიც. ამდენად, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის მომენტისათვის, სადავო ნორმა აღარ მოქმედებს და ძალა აქვს დაკარგული.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით. ამ პუნქტის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის, სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად არის განსახილველად მიღებული და ის შეეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
3. მართალია, №442 კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ის არ არის არსებითად განსახილველად მიღებული. ამდენად, არ არსებობს №442 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის განხილვის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი და უნდა მოხდეს საქმის შეწყვეტა.
III
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №442 (საქართველოს მოქალაქე სულიკო მაშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი