საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/12/408 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 4 დეკემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები თამარ კორძაია და ეკატერინე ლომთათიძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის პირველ ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის № 408) მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილის შემდეგი სიტყვები: „გადასახდელის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება“, მე-5 ნაწილის სიტყვები - „საგადასახადო საიდუმლოების და გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია“, მე-7 ნაწილის სიტყვები - „საგადასახადო საიდუმლოების“, მე-8 ნაწილის სიტყვები - „საგადასახადო საიდუმლოების“, მე-9 ნაწილის სიტყვები - „გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია“, მე-10 ნაწილის სიტყვები - „ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ... საგადასახადო საიდუმლოებად“, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვები - „საგადასახადო საიდუმლოებად“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის სიტყვები „საგადასახადო საიდუმლოების“, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვები - „გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება“.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, №408 კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომელმაც კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული საბუთების განხილვისა და 2006 წლის 20 და 22 ნოემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტების საფუძველზე გამოარკვია №408 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასა და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით (№2/11/406) არსებითად განსახილველად მიღებული 406-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებები.
II
1. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობა, რომლის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით ამომწურავად განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ, თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული საგადასახადო საიდუმლოება საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულების შეუსაბამოა, რადგან საგადასახადო საიდუმლოებას ინფორმაციის გასაიდუმლოების საფუძვლად კონსტიტუცია არ მოიაზრებს.
2. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საგადასახადო საიდუმლოების გამჟღავნების აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვების მათთვის მინიჭებულ უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი ფაქტის გარდა, როდესაც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სადავო ნორმებზე დაყრდნობით უარი უთხრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კონკრეტული ინფორმაციის გაცემაზე, მოსარჩელის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი ორგანიზაციის საწესდებო მიზნებიდან და საქმიანობის ფორმებიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით მომავალშიც შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციით აღიარებული მათი უფლებები.
3. მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტეს, რომ ისინი მოითხოვენ სადავო ნორმების არა ცალკეული სიტყვების, არამედ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო ნორმების მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გარდა.
4. №408 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი.
5. №408 და №406 კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებული სადავო საკითხები, სადავო ნორმატიული აქტის ნორმები და სასარჩელო მოთხოვნები იდენტურია.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 45-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნას არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №408 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №408 მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №406 და №408 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ - „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი