საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/446 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 24 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა – წევრი
ლალი ფაფიაშვილი – წევრი
ჯონი ხეცურიანი – წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის (2007 წლის 11 ივლისის რედაქცია) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილის წარმომადგენლები რუსუდან მჭედლიშვილი, ანა თვარაძე და არჩილ ჩოფიკაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ ზაურ ელაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 446-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 7 მარტის რეზოლუციით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისა და №432, 433 და 442 კონსტიტუციურ სარჩელებთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. სადავო ნორმატიული აქტია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის 2007 წლის 11 ივლისს მიღებული რედაქცია. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა №5913 კანონით მიიღო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის ახალი რედაქცია.
4. მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. ის არის სს “დავით სარაჯიშვილისა და ენისელის აქციონერი”. 2007 წლის 13 აგვისტოს მაჟორიტარმა აქციონერმა გამოაქვეყნა განცხადება აქციათა გამოსყიდვის თაობაზე. განცხადების გამოქვეყნება განხორციელდა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის საფუძველზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით მას ეზღუდება საკუთრების უფლება, რადგანაც კანონი მას ვალდებულს ხდის გაასხვისოს თავისი წილი აქციები. 534 მუხლის მოთხოვნები არ არის განპირობებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, რომლის გამოც გამართლებული იქნებოდა საკუთრების უფლების შეზღუდვა. მოსარჩელის აზრით, “საზოგადოებრივი საჭიროება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც კერძო პირისათვის საკუთრების სავალდებულო გადაცემის საფუძველი.”. კონსტიტუციურ სარჩელში, თავისი არგუმენტების გასამყარებლად, მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (საქმე ჯეიმსი და სხვები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ) და აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 7 მაისს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა. ისინი მოითხოვენ ცნობილი იქნეს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლი არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
6. მოსარჩელის წარმომადგენლები თვლიან, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს საქმის განხილვა, რადგანაც სადავო ნორმის 2007 წლის 11 ივლისისა და 2008 წლის 14 მარტის რედაქციების შინაარსი იდენტურია.
7. მოპასუხის წარმომადგენლების აზრით, კონსტიტუციური სარჩელი არ აკმაყოფილებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი. მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული აქვს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2007 წლის 11 ივლისის რედაქცია, რომელიც არის გაუქმებული ნორმა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აწ გაუქმებული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო ნორმა გაუქმებული ან ძალადაკარგულია, საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას.
8. მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ ის ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მოპასუხის წარმომადგენლები, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ მე-18 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეთა წარმომადგენლები აყენებენ ორ ალტერნატიულ მოთხოვნას – შეწყდეს საქმე №446 კონსტიტუციურ სარჩელზე ან არ იქნეს მიღებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად.
II
1. №446 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო სამართლებრივ აქტად მითითებულია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლი, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 11 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისას სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა. 2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლი და შესაბამისად, სადავო ნორმაც. ამდენად, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის მომენტისათვის, სადავო ნორმა აღარ მოქმედებს და ძალა აქვს დაკარგული.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით. ამ პუნქტის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად არის განსახილველად მიღებული და ის შეეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
3. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა იმ პროცესუალურ ნორმაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდა უფლებას, შეედარებინა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის ძალადაკარგული და მოქმედი რედაქციების შინაარსი და მათი თანხვედრის შემთხვევაში, გაეგრძელებინა კონსტიტუციური სარჩელის განხილვა.
4. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული სადავო ნორმის შეცვლა არის სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა, რომლის უფლება საქმის განხილვისას არ აქვს არც მოსარჩელე მხარეს და არც სასამართლოს. მოსარჩელე უფლებამოსილია მხოლოდ შეამციროს სასარჩელო მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური პოზიცია გამოხატეს მოსარჩელის წარმომადგენლებმაც.
5. №446 კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ის არ არის არსებითად განსახილველად მიღებული. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს საქმის განხილვის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი და უნდა შეწყვიტოს საქმე.
III
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №446 (საქართველოს მოქალაქე ზაურ ელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
ჯონი ხეცურიანი