საქართველოს მოქალაქეები – გიორგი გუგავა და კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/375 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 3 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – გიორგი გუგავა და კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ბუნებრივი გაზის ტარიფების“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებით მოსახლეობისათვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის) განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – გიორგი გუგავა და კახაბერ ძაგანია.
საქართველოს მოქალაქეების გიორგი გუგავას და კახაბერ ძაგანიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 5 აპრილს (რეგისტრაციის №375). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 11 აპრილს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2006 წლის 20 აპრილს გაიმართა კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, გასაჩივრებული დადგენილების მიღების დროს, არ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 22 ივნისის №2/2/245 გადაწყვეტილებაში მითითებული დებულებები, ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის სხვადასხვა კომპონენტების კანონთან შესაბამისობის საკითხი.
მოსარჩელეთა აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულდა. გაზრდილია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობას.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ძირითადი ფუნქციაა სამართლიანი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა. სემეკი ვალდებულია ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფის დადგენის დროს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის არა მხოლოდ გადამზიდავის და გამანაწილებლის, არამედ მომხმარებლის ინტერესებიც. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე ფასების გაზრდამ კი გამოიწვია მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა, რაც არასამართლიანია. მოსარჩელეთა აზრით, აუცილებელი არ არის, რომ მომწოდებლის მიერ გაზის ტარიფზე მომატებული ფასი ყველაზე თანაბრად გადაანგარიშდეს, მაგრამ სავალდებულოა იგი სამართლიანად გადანაწილდეს შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე“, გაზგამანაწილებელ კომპანიებზე და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და სადავო დადგენილებით მოსახლეობისათვის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულ მოსარჩელეთა განმარტებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 22 ივნისის №2/2/245 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულია ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის ძირითადი პრინციპები და მისი აღსრულება ზოგადსამართლებრივ ხასიათს ატარებს. ყველა ის სუბიექტი, რომელსაც კავშირი აქვს გაზის ტარიფის შემუშავებასთან, კონსტიტუციის თანახმად ვალდებულია გაითვალისწინოს სასამართლო გადაწყვეტილების დებულებები.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა მოსარჩელეთა მოთხოვნასთან – სამართლიანი ტარიფის შემუშავებასთან დაკავშირებული გარემოებანი და სთხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) სათანადო ღონისძიებების გატარება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების საკითხის განხილვასთან მიმართებით შეასრულა კანონმდებლობის მოთხოვნები და სრულად განახორციელა თავისი ფუნქცია.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახით კვლავ მიუთითებს - ნებისმიერ შემთხვევაში, შეცვლილი გარემოებების პირობებშიც, ტარიფები ისე უნდა დადგინდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პრინციპული გადახვევა და მომხმარებელთა მდგომარეობის დამძიმება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღებას.
ხელმძღვანელობს რა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „დ“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – გიორგი გუგავასა და კახაბერ ძაგანიას 375-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 30 დეკემბრის № 30 დადგენილებით მოსახლეობისათვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის) განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.