საქართველოს მოქალაქე ლია სურმავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/448 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 29 ოქტომბერი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა – წევრი
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლია სურმავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე და 1151-ე მუხლების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე ლ. სურმავა მოსარჩელის წარმომადგენლები ლ. მუხაშავრია და ნ. კვარაცხელია
I
1. საქართველოს მოქალაქე ლ. სურმავამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა 2008 წლის 4 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 448-ე ნომრით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას №448 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2008 წლის 10 აპრილს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ე” ქვეპუნქტები; “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი; “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. სურმავას და მოპასუხე თ. მურვანიძის მიმართ საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
3. სადავო ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე და 1151-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის სათაურია “ქორწინების ცნება”. ამ ნორმის შესაბამისად, “ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში”. მეორე სადავო ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის (ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა) შესაბამისად, “მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.”
4. მოსარჩელე ლ. სურმავა 1993 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში რ. მურვანიძესთან. 1998 წელს მოსარჩელემ და რ. მურვანიძემ ჯვარი დაიწერეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მოსარჩელემ ამის დამადასტურებლად წარმოადგინა 1998 წლის 30 ივლისით დათარიღებული ჯვრისწერის მოწმობა. მოსარჩელის ინფორმაციით, რ. მურვანიძესთან თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივად შეიძინეს საცხოვრებელი სახლი და განახორციელეს მისი კაპიტალური რემონტი. რ. მურვანიძე გარდაიცვალა 2005 წელს. მოსარჩელეს შეექმნა პრობლემები აღნიშნული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე და დაასკვნა, რომ არ არსებობდა ლ. სურმავას სადავო ქონების ½1/2-ზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. მოსარჩელის აზრით, სასამართლომ მოახდინა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლის იგნორირება, რომლის მიხედვითაც აღიარებულია საეკლესიო ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ნორმატიული აქტების იერარქიაში გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს კანონი, სასამართლომ მაინც კანონს - საქართველოს სამოქალაქო კოდექსს მიანიჭა უპირატესობა. ამით დაირღვა მოსარჩელის როგორც ქონებრივი, ასევე, არაქონებრივი უფლებები.
6. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი არა მხოლოდ მოიცავს პირის უფლებას თავისუფლად აირჩიოს მეუღლე და მასთან ერთად მიიღოს დაქორწინების გადაწყვეტილება, არამედ, ასევე, თავისუფლად აირჩიოს ქორწინების მისთვის უფრო მეტად მისაღები და სასურველი ფორმა – სამოქალაქო თუ რელიგიური ქორწინება. ამ არჩევანის თავისუფლებას იძლევა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლი, რომლის შესაბამისად, “სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით”. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, საეკლესიო წესით დაქორწინებულ პირებს ეჭვიც არ უნდა გაუჩნდეთ ქორწინების ამ ფორმის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. ამ გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა მოსარჩელე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და რ. მურვანიძე ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ მათი ქორწინება სამოქალაქო წესით დარეგისტრირებულიყო.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციური შეთანხმების მიღებისთანავე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შეეტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რათა საეკლესიო ჯვრისწერა გაეთანაბრებინა სამოქალაქო ქორწინებასთან. საქართველოს პარლამენტს ეს ცვლილებები არ განუხორციელებია, რაც გახდა მოსარჩელის ძირითადი უფლებების დარღვევის საფუძველი. მოსარჩელის აზრით, “ეს არის სრულიად დაუშვებელი სამართლებრივი და კონსტიტუციური ხარვეზი, რაც დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს”. მოსარჩელე დარწმუნებულია, რომ კანონის არსებული ხარვეზი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის შესაბამისად, “სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას”.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დისკრიმინირებულია რელიგიის საფუძველზე, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობა და საეკლესიო ჯვრისწერისათვის უპირატესობის მინიჭება მოსარჩელეს და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში სხვა წყვილებთან მიმართებით, ვინც, აღმსარებლობის მიუხედავად, უპირატესობა მიანიჭა სამოქალაქო ქორწინებას. სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი დაქვრივებული ქალბატონები მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, როგორშიც მოსარჩელეა, რომელსაც დაერღვა ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და სადავო ნორმების გამო, სასამართლო წესითაც ვერ შეძლებს ამ უფლებების აღდგენას.
9. მოსარჩელე, გარდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისა, ასევე, მოითხოვს: 1) შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე და 1151-ე მუხლების მოქმედება კონსტიტუციურ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და 2) შეჩერდეს სასამართლო დავა საერთო სასამართლოში მოსარჩელე ლ. სურმავას სარჩელის გამო მოპასუხე თ. მურვანიძესთან საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
10. 2008 წლის 22 სექტემბრის №2/2/448 საოქმო ჩანაწერით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გადაწყვიტა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარება. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 23 სექტემბერს.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა ლ. მუხაშავრიამ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ არ არსებობს №448 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. კონსტიტუციური სარჩელი, ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
12. ლ. მუხაშავრიამ აღნიშნა, რომ ჯვრისწერისას გაიცემა ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა, თუმცა არ ხდება ჯვარდაწერილ პირთა გაფრთხილება, რომ ჯვრისწერა არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს. ასეთ ვითარებაში ჯვარდაწერილი ადამიანები აღმოჩნდებიან კანონის რეგულირებისა და დაცვის სფეროს გარეთ. ეს შეუთავსებელია კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც მოითხოვს, რომ ოჯახის კეთილდღეობა იყოს დაცული.
13. ლ. მუხაშავრიას აზრით, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში არსებობს ქორწინების ორი კანონიერი ფორმა, რომელთაგან ერთი დადგენილია აღნიშნული კონსტიტუციური შეთანხმებით, ხოლო მეორე – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. პრობლემას ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლში არსებული სიტყვა “მხოლოდ”. ამ სიტყვის ძალადაკარგულად ცნობით, საერთო სასამართლოს გაცილებით მეტი თავისუფლება ექნება გამოიყენოს კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლი. გარდა ამისა, ქორწინების ორივე ფორმა სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნება. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდება, რომ შესატყვისი ცვლილებები შეიტანოს კანონმდებლობაში.
14. ლ. მუხაშავრიას განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, საერთო სასამართლოებში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომელიც არ აღიარებდა ჯვრისწერის სამართლებრივ შედეგებს. ეს პრაქტიკა არ შეცვლილა კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედების შემდგომ პერიოდშიც, რაც არამართებულია.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში სიტყვების “ან, ასევე, ჯვრისწერა” დამატებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, მოიხსნებოდა ამ ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემა და მისი მოქმედება გავრცელდებოდა საეკლესიო ჯვრისწერაზეც.
16. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე გამოასწორა ის ხარვეზები, რაც დაშვებული იყო კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლების ნაწილში. მან, ასევე, დააზუსტა, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის იმ ნაწილს, სადაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა მიუხედავად “სხვა შეხედულებებისა”. თუმცა, ლ. მუხაშავრიამ იქვე დასძინა, რომ მოსარჩელის აღზრდიდან გამომდინარე, მის მიერ ჯვრისწერისათვის უპირატესობის მინიჭება დაკავშირებული იყო რელიგიურ შეხედულებასთან.
17. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოხსნა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდებოდა სადავო ნორმების მოქმედებისა და საერთო სასამართლოში საქმის განხილვის შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მან, ასევე, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლთან მიმართებით და განაცხადა, რომ ამ მუხლის ტექსტიდან არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სიტყვა “მხოლოდ”.
18. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე შუამდგომლობით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე, მტკიცებულების სახით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა (საქმეზე №2/ბ-831-07) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინების (საქმეზე №ას-968-1269-07) დართვის თაობაზე. კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის აღნიშნული შუამდგომლობა.
19. მოსარჩელე ლ. სურმავამ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ არ არსებობდა რ. მურვანიძესთან მისი ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, მათ შორის, რელიგიური შეხედულებები. მან და რ. მურვანიძემ, როგორც ქრისტიანებმა, უპირატესობა მიანიჭეს ჯვრისწერას. მათთვის არ იყო ცნობილი, რომ ჯვრისწერა არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. კოლეგია საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება, უნდა შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას ექვემდებარება, თუ რამდენად არის საგნობრივი ხასიათის №448 კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოყვანილი არგუმენტაცია (განჩინება №2/3/441, II-1). მოსარჩელე მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პარლამენტის უმოქმედობასა და სასამართლო პრაქტიკის შეცდომებზე. მისი აზრით, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებები უნდა განეხორციელებინა საქართველოს კანონმდებლობაში. პარლამენტის უმოქმედობამ გამოიწვია საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს, ანუ სახელმწიფოს მოვალეობას, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. კოლეგიისათვის კონსტიტუციური სარჩელიდან და განმწესრიგებელი სხდომიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ ის ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რომ შეუსაბამობაა სადავო ნორმებსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას შორის. გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად და როგორია მისი არგუმენტები ამის დასადასტურებლად. მოსარჩელის მსჯელობა ვერ ჩაითვლება საგნობრივ არგუმენტაციად. ის არ აძლევს კოლეგიას საშუალებას წარმოდგენა შეიქმნას მოსარჩელის მოსაზრებაზე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
3. მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში და განმწერიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი დასაბუთება წინააღმდეგობრივია. ის დარწმუნებულია, რომ საეკლესიო ჯვრისწერა და მისი სამართლებრივი შედეგები აღიარებულია კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. თუმცა, მოსარჩელე თავადვე ეჭვქვეშ აყენებს თავის მოსაზრებას, როდესაც მოითხოვს ცვლილებების განხორციელებას ნორმატიული აქტების იერარქიაში გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგომ აქტში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რათა მოხდეს კონსტიტუციური შეთანხმების გამოყენება პრაქტიკაში. კონსტიტუციური შეთანხმების ნორმები, სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან მათი შეუსაბამობის შემთხვევაში, ისედაც უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ნორმები. ეს არ საჭიროებს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვას.
4. მოსარჩელის წარმომადგენელის აზრით, პირების გაუფრთხილებლობა ჯვრისწერის შემდეგ, რომ ჯვრისწერას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, იწვევს ვითარებას, როდესაც ისინი აღმოჩნდებიან კანონის რეგულირებისა და დაცვის სფეროს გარეთ, რაც სრულიად შეუთავსებელია კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ისმის კითხვა – თუ მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია იმაში, რომ ჯვრისწერა, კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარე, ქორწინების აღიარებული და სამართლებრივი შედეგების მომტანი ფორმაა, მაშინ რატომ მიაჩნია, რომ საპირისპიროს თაობაზე უნდა მოხდეს პირების გაფრთხილება ჯვრისწერის დროს? გარდა ამისა, გაურკვეველია, რა კავშირი აქვს ჯვრისწერის დროს პირების გაფრთხილებას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, თუნდაც, იქედან გამომდინარე, რომ ამ ნორმის ადრესატი არის სახელმწიფო და არა ეკლესია.
5. მოსარჩელე ერთის მხრივ, ამტკიცებს, რომ სადავო ნორმებით ხდება დისკრიმინაცია მისი შეხედულებების გამო. მეორე მხრივ, კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა და განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას თავად მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ არსებობდა მისი და რ. მურვანიძის ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციის ხელისშემშლელი რაიმე გარემოება, მათ შორის რელიგიური ან სხვა შეხედულებები. მოსარჩელეს ჰქონდა მოლოდინი, რომ საეკლესიო ჯვრისწერა წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს და ამით იყო გამოწვეული სამოქალაქო წესით მისი ქორწინების დაურეგისტრირებლობა. როგორც ჩანს, სწორედ ამ მცდარმა მოლოდინმა და არა მოსარჩელის მსოფლმხედველობამ განაპირობა ის, რომ იგი აღმოჩნდა იმ პირთაგან განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
6. ზემოთმოყვანილ პარადოქსული ხასიათის მსჯელობებს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ჩათვლის კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად და მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამებიან “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
7. მოსარჩელე მხარის მიერ განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი მოსაზრებები ეყრდნობა მცდარ მოლოდინებს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლიდან სიტყვის “მხოლოდ” ამოღება გამოიწვევს იმას, რომ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ქორწინების ორივე ფორმა – ჯვრისწერა და სამოქალაქო ქორწინება. როგორც ირკვევა, მოსარჩელის წარმომადგენელი თვლის, რომ კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქორწინების ორი კანონიერი ფორმა არსებობს და გაუგებარია, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმისათვის სამართლებრივი შედეგების მისანიჭებლად რატომ არის აუცილებელი ქორწინების სხვა ფორმის მომწესრიგებელ აქტში ცვლილებების შეტანა და რატომ მიეცემა საერთო სასამართლოს “გაცილებით მეტი თავისუფლება გამოიყენოს კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლი”.
8. სიტყვის “მხოლოდ” ამოღების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი შემდეგი შინაარსის იქნება: “მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება”. კოლეგიის აზრით, ნორმის შინაარსი არ შეიცვლება. კვლავ ძალაში დარჩება შესაბამის სამსახურში სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნა. არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ აღნიშნული ნორმა არეგულირებს სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ შეეხება საეკლესიო ჯვრისწერას. ჯვრისწერაზე მისი მოქმედების გავრცელებისათვის საჭირო იქნებოდა 1151-ე მუხლში და სხვა შესაბამის ნორმებში დამატებების განხორციელება და არა მისი მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობა. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, არანაირი ცვლილება არ მოხდება მოსარჩელის სამართლებრივ სტატუსში.
9. კოლეგია თვლის, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მცდარ მოლოდინებს ემყარება, არ აკმაყოფილებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორაგნული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
10. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარის მსჯელობა მიმართულია იქეთ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება იერარქიით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს – კონსტიტუციურ შეთანხმებას. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, სადავო ნორმების შეუსაბამობა იერარქიით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ აქტთან ავტომატურად არ ნიშნავს მათ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის ამათუიმ ნორმასთან (განჩინება №2/3/441, II-4). საკონსტიტუციო სასამართლო, მსგავს შემთხვევაში, არა მხოლოდ დაუსაბუთებლად თვლის კონსტიტუციურ სარჩელს, არამედ მიუთითებს, რომ სხვადასხვა ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობაზე მსჯელობა სცილდება მის კომპეტენციას (განჩინება №2/3/441, II-5).
11. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში სიტყვების “ან, ასევე, ჯვრისწერა” დამატებით, მოიხსნებოდა ამ ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემა. კოლეგია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება გასაჩივრებულ ნორმებში დამატებების განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე და მათ არაკონსტიტუციურად ცნობას მოჰყვება ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მიერ იურიდიული ძალის დაკარგვა. როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლო არ ახორციელებს პოზიტიურ კონსტიტუციურ კონტროლს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში გარკვეული სიტყვების დამატებაზე კონსტიტუციური უფლებამოსილება აქვს არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საქართველოს პარლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს.
12. მოსარჩელე მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლითაც, მისი აზრით, ხდება კონსტიტუციური შეთანხმების იგნორირება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენება, რომელიც “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების იერარქიაში გაცილებით დაბლა დგას. მოსარჩელის აზრით, ამ პრაქტიკამ გამოიწვია მისი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დარღვევა. ნორმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი განმარტება კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას (განჩინება №2/15/398, II-3; განჩინება №2/16/404, II-3). საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ნორმის კონსტიტუციურობა და არა საერთო სასამართლოების მიერ კონკრეტულ შემთხვევებში სამართლის გარკვეული ნორმების გამოყენების ან არგამოყენების მართებულობა.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №448 (საქართველოს მოქალაქე ლია სურმავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი