საქართველოს მოქალაქე - იოსებ პაქსაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/409 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია-წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ქეთევან ერემაძე-წევრი;
4. ბესარიონ ზოიძე-წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე- იოსებ პაქსაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 594-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე იოსებ პაქსაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №409) მიმართა იოსებ პაქსაძემ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით პირველ კოლეგიას საქმე გადმოეცა 24 ნოემბერს. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 7 დეკემბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-10 მუხლები.
როგორც სასარჩელო განცხადებიდან და მასზე დართული მასალებიდან ირკვევა, ადიგენის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა ტაბიძემ, მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების პროცესში 2001 წლის 28 თებერვალს მოსარჩელეს, იმ პერიოდში ადიგენის რაიონის გამგებელს, ბრალი დასდო სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებაში. თვით პაქსაძე ამ ფაქტზე არ დაკითხულა და ამდენად ტაბიძის ჩვენება, რომელიც ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მოცემულ ფაქტზე სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის შემდეგ.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოსამართლეს ბრალდების სათანადო გარკვევისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე, მისი პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე განსასჯელისათვის გამოტანილი აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შედარებით მსუბუქი სასჯელი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი რეპუტაცია და ღირსება კვლავ შელახული რჩება, რადგან სადავო ნორმით ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ამ შემთხვევებში მხოლოდ მხარეებს გააჩნიათ. რადგან მოსარჩელე არ წარმოადგენს მხარეს, შესაბამისად იგი მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს საჩივარი ასპინძის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 594-ე მუხლის მე-3 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტებები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უსაფუძვლოა. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელის გამოკვეთილი უნდა იყოს სადავო აქტის საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებასთან, რაც 409-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელიდან და განმწესრიგებელი სხდომიდან არ დასტურდება. კერძოდ, კონსტიტუციის დასახელებული პუნქტი და გასაჩივრებული ნორმა განსხვავებულ საკითხებს ეხება. კონსტიტუციის აღნიშნული პუნქტი იცავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, ხოლო სადავო ნორმა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
2. რაც შეეხება სადავო ნორმის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს იმ დასაბუთებას, რომელიც აუცილებელია მისი არსებითად განსახილველად მიღებისათვის. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“..., ხოლო
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 18-ე მუხლის თანახმად „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლის დადგენილ მოთხოვნებს“.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის. მოსარჩელემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ნორმებით ირღვევა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად იოსებ პაქსაძის 409-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 594-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კოსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე