საქართველოს მოქალაქე გიორგი სიორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/449 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 24 აპრილი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ბესარიონ ზოიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი სიორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №449) მიმართა მოქალაქე გიორგი სიორდიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2008 წლის 15 აპრილს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანახმადაც “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრივობას, ან ამსუბუქებს სასაჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრივობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს”, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც: “არავინ არ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”.
4. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ 1992 წლის 10 ივნისს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში პირთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მარტვილის რაიონის შს განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (რეგისტრაციის N5104027) და 2004 წლის 29 მარტს დაწყებულია წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების საფუძველზე. მისი მტკიცებით, იგი სხვა პირებთან ერთად იმხილება თანამონაწილედ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1992 წელს ჩადენილ ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად მიიჩნევს და ამავე კოდექსის 71-ე მუხლი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადად აწესებს 25 წელს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი იგივე ქმედებას განსაზღვრავდა როგორც მძიმე კატეგორიის დანაშაულს და 49-ე მუხლის მე-4 ნაწილი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადად ადგენდა 10 წელს.
6. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში 2000 წლის 5 მაისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებული იქნა სიტყვები “ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას”, რის გამოც აღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ 1992 წლის 10 მაისს ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ტარიელ ბჟალავას სასამართლოს მიერ უარი ეთქვა საქმის ხანდაზმულობის მოტივით შეწყვეტის თაობაზე.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2008 წლის 23 აპრილს.
II
1. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს მხოლოდ მაშინ შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, როდესაც მას მიაჩნია, რომ სამართლის ნორმამ დაარღვია ან შესაძლებელია უშუალოდ დაარღვიოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული მისი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისას არაერთხელ მოუწია ორგანული კანონის დასახელებული ნორმის განმარტება. 2007 წლის 1 მარტის 1/1/413 განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს: “აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური”.
2. კონსტიტუციურ სარჩელში და მასზე თანდართულ მასალებში არ იქნა წარმოდეგნილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და იგი წარმოადგენს სისხლისამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს. არც საკონსტიტუციო სასამართლოს ზეპირი მოთხოვნის პასუხად გამოგზავნილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2008 წლის 23 აპრილის №12/5-2620 წერილიდან დასტურდება, რომ მოქალაქე გიორგი სიორდია ნასამართლევია ან ძებნილია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სასამართლოსათვის უცნობია და წინასწარ ზუსტი დამაჯერებლობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მის მიმართ აუცილებლად განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, იგი აუცილებლად გახდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის სუბიექტი და წარმოიშობა მისი უფლებების დარღვევის უშუალო, რეალური და პირდაპირი საფრთხე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადაო ნორმით დარღვეულია ან არსებობს რეალური შესაძლებლობა, მომავალში დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები. ამდენად, არსებობს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი - კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი პირის მიერ.
III
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე მუხლით, 31 მუხლითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე გიორგი სიორდიას 449-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე