შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/11/306 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 1 ნოემბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე - წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღნია
საქმის დასახელება: შპს ,,ლილი და კომპანიის” დამფუძნებელი პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მერაბ კიკვაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია
2004 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა შპს ,,ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მერაბ კიკვაძემ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მისი საკუთრების უფლება და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული უფლება თავისუფალი მეწარმეობისათვის ხელის შეწყობის შესახებ.
სარჩელში მითითებულია, რომ საკუთრების საგანს, მოცემული დავის პირობებში, წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის უფლება, რომელიც რეგლამენტირებულია ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, ამავე სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, №2ა-373 საქმეზე 2004 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, 2004 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით და №1/15-00, №2ა-153-04 საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლებით, რომელთა მიხედვითაც საკუთრების უფლება ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნავთობპროდუქტების გადასაქაჩ მიწისზედა №1 და №2 ტერმინალსა და შესაბამისად, იმ 1.2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ ობიექტის მშენებლობის პროცესში დატანილი იქნა მშენებლობის გენერალურ გეგმაზე, როგორც მასზე დამაგრებული მიწა და რომელზედაც განთავსდა ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი მიწისზედა №1 და №2 ტერმინალის უძრავი და მოძრავი ქონება, ეკუთვნის შპს ,,ლილი და კომპანიას“.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ,,საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონის თანახმად, საკუთრების შემძენი შეუზღუდავად იძენს საკუთრების უფლებას შეძენილ ქონებაზე და ეს უფლება ვრცელდება იმ ობიექტზეც, რომლის გარეშეც შეუძლებელია ამ უფლების რეალიზაცია. ამდენად, შპს ,,ლილი და კომპანიამ“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი მიწისზედა №1 და №2 ტერმინალის შეძენასთან ერთად შეიძინა უფლება იმ 1,2 ჰექტარ ფართის მიწის ნაკვეთზეც, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული ტერმიანლის ქონება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულება, როგორც ნორმატიული აქტი, არღვევს ფოთის საზღვაო ნავსადგურის უკანონო მფლობელობაში არსებული მისი, როგორც ქონების მფლობელის კანონიერ უფლებებს, რადგან ამ ბრძანებულების საფუძველზე მიღებულ იქნა ფოთის საკრებულოს 2004 წლის 4 ოქტომბრის №23/158 დადგენილება და ქალაქ ფოთის მერიის 2000 წლის 11 ოქტომბრის №410 განკარგულება. ამასთანავე სადავო აქტის საფუძველზე დაიდო 2002 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფოთის საზღვაო ნავსადგურის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა 421,256 ჰექტარი ფართობის მიწა, რომელშიც მოქცეულია ის 1,2 ჰექტარიც, რაზედაც განთავსებულია შპს ,,ლილი და კომპანიის“ კუთვნილი ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი მიწისზედა №1 და №2 ტერმინალის უძრავი და მოძრავი ქონება.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების საფუძველზე ქალაქ ფოთის საკრებულოს მიწის განკარგვისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტის -საკრებულოს გადაწყვეტილების ნაცვლად, 2004 წლის 4 ოქტომბერს მიღებულია საკრებულოს დადგენილება. ამასთანავე, ფოთის მერიის დადგენილების ნაცვლად მიწის გასხვისების თაობაზე გამოცემულია მხოლოდ მერის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი, რაც მოსარჩელის აზრით უკანონოა, რადგან არ შეესაბამება ,,ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი, რომლის მიხედვითაც მისი საკუთრება გადაეცა სხვა სუბიექტს, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
მოსარჩელის აზრით, ბრძანებულება მიღებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ამდენად ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ბრძანებულებით გათვალისწინებულია ურთიერთობის მოწესრიგება რამდენიმე იურიდიულ პირს შორის - ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და საქართველოს ქონების მართვის (დღეისათვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების) ტრანსპორტის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს, აგრეთვე სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და ქალაქის მერიას შორის. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირთა მრავალრიცხოვან წრესთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება დამახასიათებელია ნორმატიული აქტის ბუნებისათვის.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბრძანებულებით გადაწყვეტილია ნავსადგურის რესტრუქტურიზაციის პროგრამის განხორციელება. აქედან გამომდინარე, დადგენილია გამოყენების წესი. ამდენად ბრძანებულება აკმაყოფილებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
მოსარჩელის აზრით, ბრძანებულების არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს შემდეგში: ბრძანებულებით დადგენილია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურს გადაეცა მის ბალანსზე რიცხული მთელი ქონება, ხოლო ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის წესდების დანართში მოცემულია ჩამონათვალი, სადაც საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში მოხსენიებულია ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი №1 და №2 ტერმიანლი, რომლიც არც საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს და არც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე არ იმყოფებოდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება და ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ეს ქონება უკანონოდ გადაეცა ახალ მფლობელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, მოსარჩელე მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულება იმ ნაწილში, რომლითაც ფოთის საზღვაო ნავსადგურს უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა 1,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შპს ,,ლილი და კომპანიის“ უძრავი და მოძრავი ქონება. აგრეთვე, მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვამდე, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ადმინისტრაციიული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად შეჩერებულ იქნას სადავო აქტის მოქმედება.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭურა კონსტიტუციურ სარჩელს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია კონსტიტუსიური სარჩელის და მასზე დართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგი მოსაზრებების გამო:
1. მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლითაც ფოთის საზღვაო ნავსადგურს უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა მის მფლობელობაში მყოფი 1,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლზეც განთავსებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების უძრავი და მოძრავი ქონება.
სასამართლო კოლეგია თვლის და მოსარჩელემაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ არც პრეზიდენტის №705 ბრძანებულება და არც ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფოთის საზღვაო სავსადგურის წესდება არ შეიცავს რაიმე დებულებას მიწის ნაკვეთის გადაცემის ან გადასაცემი ნაკვეთის ფართობის თაობაზე. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ადგენს ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის უსასყიდლო უზუფრუქტით მხოლოდ მის ბალანსზე რიცხული მთელი ქონების გადაცემას, რაც საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამო რაიმე დებულებას არ შეიცავს.
მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმატიული აქტი არასწორად იქნა გამოყენებული ქალაქ ფოთის მერიისა და საკრებულოს მიერ, რომლებმაც ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის გადაცემულ მიწის ფართობში მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიც შეიტანეს, არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ საკითხთა წრეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ქონებრივი დავის გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს. სახელდობრ, ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის გადაცემულ ფართობში შეტანილი, მის მფლობელობაში მყოფი, მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა კონსტიტუციური სარჩელი, ვერ მოიყვანა სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ამავე მოსარჩელის კონსტიტუციური სარჩელი იმავე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 17 ივნისის განჩინებით, იმ განსხვავებით, რომ თუ იმ საქმეში მოსარჩელე ნავთობპროდუქტების გადასაქაჩ მიწისზედა ტერმინალების გადაცემას ხდიდა სადავოდ, მოცემულ საქმეში დავის საგანი მიწის ნაკვეთია;
2. კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლად მითითებულია სადავო ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის წესდების დანართი, რომელიც ამ წესდების მერვე მუხლის თანახმად, წესდების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ აღნინული დანართი მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეტყობინების შესაბამისად, იგი არ ერთვოდა ბრძანებულებას მისი რეგისტრაციის დროს და არ გამოქვეყნებულა ,,საკანონმდებლო მაცნეში“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დავის საგნის არსებობას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე და 42-ე მუხლებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის ,,ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მეორე პუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 306-ე ნომრით რეგისტრირებული მოსარჩელე შპს ,,ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორის მერაბ კიკვაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე)
2. ოთარ ბენიძე (წევრი)
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)