ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/410 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 7 თებერვალი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე.
ოთარ სიჭინავა - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, ასოციაციის ,,მწვანე ალტერნატივა“ გამგეობის თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე, მოსარჩელის წარმომადგენლები რუსუდან მჭედლიშვილი, კახაბერ კახაბერი.
I
1. ასოციაციის ,,მწვანე ალტერნატივა“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 24 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის სარეგისტრაციო ნომერია 410. საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარემ არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადასცა 2007 წლის 3 იანვარს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტს, 31-ე მუხლს და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, მე-10 მუხლის პირველ პუნქტს და მე-16 მუხლს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის მფლობელის მიერ სარგებლობის ლიცენზიის ნაწილებად დაყოფის და სარგებლობის უფლების ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის იჯარით ან საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტს. წინააღმდეგობა გამოიხატება იმაში, რომ ამ დროს არ არის გათვალისწინებული საზოგადოების ინფორმირება და შესაბამისად, მას ერთმევა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის ამავე ნორმას ეწინააღმდეგება ,, ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი. ეს პუნქტი ითვალისწინებს ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებას ძირითადად მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ დროული და ადეკვატური ინფორმაციის მიღებას. ამ დროს ირღვევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის კონსტიტუციით აღიარებული უფლება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ასეთი მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება 1998 წლის კონვენციას ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ”, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე საზოგადოებისათვის გარანტირებული უფლებების შეზღუდვა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2007 წლის 16 იანვარს. კოლეგიამ მოისმინა განმარტებები კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, არ არსებობს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი. მოსარჩელის წარმომადგენელი თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელის შეტანისათვის უფლებამოსილი სუბიექტია, რადგანაც მას დაერღვა ან მომავალში შეიძლება დაერღვეს კონსტიტუციური უფლება. მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ განმწესრიგებელ სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტს. უფლებების პოტენციურ დარღვევად გაგებულია ნებართვის გაცემის გადაწყვეტილების მიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე, მისი წარმომადგენლის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, მას მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმა არც უცდია და შესაბამისი ინფორმაციაც არ მოუთხოვია ადმინისტრაციული ორგანოებიდან. მოსარჩელის წარმომადგენელი თვლის, რომ ეს მოქმედება აზრს მოკლებულია, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანო ინფორმაციას გასცემს 10 სამუშაო დღის ვადაში და ამ დროის განმავლობაში უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მოსარჩელე არ მოითხოვს მსჯელობას სადავო ნორმების შესაბამისობაზე ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციასთან.
მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, სადავო ნორმების გაუქმების შემთხვევაში, პარლამენტი ცვლილებებს შეიტანს კანონში და მოაწესრიგებს შესაბამის პროცედურებს კონსტიტუციის შესაბამისად. მოსარჩელის წარმომადგენელი თვლის რომ ,,ინფორმაციის მიღება“ და ,,გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა“ არის განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ტერმინები. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა ლიცენზიის მფლობელის მიერ სარგებლობის ლიცენზიის ნაწილებად დაყოფის და სარგებლობის უფლების ან მისი ნაწილის იჯარით ან საკუთრებაში გადაცემის წესის გაურკვევლობაზე. მან, ამავე დროს, დაადასტურა, რომ ლიცენზიის ნაწილებად დაყოფას და სარგებლობის უფლების ან მისი ნაწილის იჯარით ან საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს უშუალოდ ლიცენზიის მფლობელი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა არგუმენტაცია ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, პოტენციური ზიანი ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, თუ მოხდება დაღვრა, დაფრქვევა ან სხვა სახის ზემოქმედება გარემოზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი საჭიროდ თვლის პრევენციული ღონისძიებების გატარებას და სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას განიხილავს, როგორც პრევენციულ ზომას.
II
1. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი არ განაცხადოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის)მიერ. №410 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში გასარკვევია, არის თუ არა მოსარჩელე ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანაზე უფლებამოსილი სუბიექტი. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ფორმალური თვალსაზრისით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ის არის კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი აძლევს უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს ნორმატიული აქტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, იმისათვის, რომ საქართველოს იურიდიულ პირს მიეცეს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება, ადგენს ასევე გარკვეულ პირობებს. კერძოდ, იურიდიულ პირს უნდა მიაჩნდეს, რომ სადავო ნორმით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი უფლებები და თავისუფლებები. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს შემთხვევაზე, რომლითაც მისი ვარაუდით დაირღვა მისი უფლებები ან უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს მომავალში მისი უფლებების დარღვევის უშუალო და რეალური საფრთხე. არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სავარაუდოდ დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები. მოსარჩელეს არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის, არც შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიწოდების და არც მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით. მოსარჩელის არგუმენტაცია მისი უფლებების მომავალში დარღვევასთან დაკავშირებით ფაქტიურად ეყრდნობა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მოახდენს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევას. ასეთი მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც არსებობს იმის პრეზუმპცია, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეასრულებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს ნებისმიერ სხვა ვარაუდს.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის ნაწილებად დაყოფისა და სარგებლობის უფლების ან მისი ნაწილის იჯარით ან საკუთრებაში გადაცემის უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ურთიერთობასთან, რომელშიც არც ერთი მხარე არ არის ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ადრესატი არის საჯარო ხელისუფლება და არა კერძო პირი, რომელიც არ ახორციელებს სახელისუფლებო უფლებამოსილებას. კონსტიტუციის შესაბამისად, სწორედ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოდან შეუძლია ადამიანს მიიღოს სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ.
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი არეგულირებს შინაარსობრივად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ურთიერთობებს. სადავო ნორმით გათვალისწინებულია სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის გარკვეული უფლებები, ხოლო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას შეეხება. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, თუ როგორ არის შესაძლებელი სადავო ნორმის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების თვალსაზრისით.
იგივე შეიძლება აღინიშნოს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებითაც. ეს ნორმა ადგენს ნებართვის გაცემის თაობაზე ნებართვის გამცემის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. რაიმე შეზღუდვა ან აკრძალვა, რომელიც გარემოს შესახებ ინფორმაციის გაცემას შეეხება, სადავო ნორმით არ არის დადგენილი. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და შესაბამისად ვერ თავსდება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედების ფარგლებში. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ის არ გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას. იღებდე ინფორმაციას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ავტომატურად არ ნიშნავს აუცილებელი წესით მონაწილეობდე ამ საკითხის გადაწყვეტაში. როგორც ვხედავთ, არ არსებობს კავშირი სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ნორმას შორის და ნებისმიერი არგუმენტაცია იმ მიმართებით, რომ მათ შორის წინააღმდეგობაა, მოკლებულია საფუძველს.
3. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში. იქედან გამომდინარე, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად არმიღების ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონით დადგენილი საფუძვლები, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულის შესაძლებლობას იმსჯელოს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერებაზე.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №410 (ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი