შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/411 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 19 დეკემბერი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი -სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია -წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ბესარიონ ზოიძე -წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების, შპს „რუსენერგოსერვისის“ დირექტორი შოთა მიტიჩაშვილი, შპს „პატარა კახის“ დირექტორი დავით ქელდიშვილი, სს „გორგოტას“ დირექტორი გიორგი ბერაია, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერის“ წარმომადგენელი გივი აბალაკი; მოსარჩელეთა წარმომადგენელი არჩილ მშვენიერაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები _ ბათარ ჩანქსელიანი და ლევან კასრაძე; მოპასუხის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები _ ალექსანდრე ხეთაგური, ირაკლი ხმალაძე და სერგო ბირკაძე; სპეციალისტები _ საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; აუდიტორული კომპანიის „აუდიტო ფინანსური კონსალტინგის“ იურისტი მიხეილ სტეფანიშვილი. მოწმეები _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ზურაბ გაბელაია; შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან გურული.
I
1. 2006 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №411) მიმართეს შპს „რუსენერგოსერვისმა“, შპს „პატარა კახმა“, სს „გორგოტამ“, გივი აბალაკის ინდივიდუალურმა საწარმო „ფერმერმა“ და შპს „ენერგიამ“. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 2007 წლის 26 იანვრის №1/1/411 საოქმო ჩანაწერით, №411 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა (იმ ნაწილში, რომლიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი.
2. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის ცნებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა არის „ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაცია“.
3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ელექტროენერგიის იმ კონკრეტულ მოცულობას, რომლის საცალო მომხმარებელზე რეალიზაციის შემთხვევაშიც შესაძლებელია ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა. მოცემული ნორმის მიხედვით, „ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას“.
4. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა თანახმადაც: „ 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“ და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას, რომლის მიხედვით: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, მოსარჩელეებს - მცირე გამანაწილებელ კომპანიებს, რომლებიც ანაწილებდნენ ელექტროენერგიას 120 მილიონ კვტ.სთ-ზე ნაკლები ოდენობით, გაუუქმდათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიები და ისინი აღარ დაიშვებიან ელექტროენერგიის განაწილების ბაზარზე.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მეწარმეობის თავისუფლების ცნება, რომლის ხელშეწყობასაც კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, მოიცავს სამეწარმეო ინიციატივის თავისუფლებას და სამეწარმეო მიზნებისთვის საკუთრების ობიექტით შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას, ისე რომ არ შეილახოს სხვათა უფლებები. ლიცენზიის ჩამორთმევის შედეგად კი მოხდა მოსარჩელეთა საწარმოების საქმიანობის პარალიზება.
მოსარჩელეებმა, საქმიანობის ლიცენზიასთან ერთად, დაკარგეს თავიანთი აბონენტებიც და გამანაწილებელი ქსელების ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობაც. მესაკუთრეთა ნების გარეშე, კუთვნილი ქსელები გადაეცა კონკურენტ კომპანიას, რის შედეგადაც მათი აბონენტები გახდნენ ამ კომპანიის აბონენტები. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება წარმოადგენს კონკურენციის ძალდატანებით ჩახშობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებასთან, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების შედეგად მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება, თავად გამოეყენებინათ მათი კუთვნილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელები ფუნქციური დანიშნულებით, ანუ შეიზღუდა მათი საკუთრებით სარგებლობის უფლება. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვისთვის სავალდებულოა არსებობდეს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. მათი მტკიცებით, ვერ დგინდება თუ რა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას წარმოადგენდა გამანაწილებელი კომპანიისთვის რეალიზებული ელექტროენერგიის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა და არც ის, თუ რატომაა საჭირო კონკრეტულად არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაცია. შესაბამისად, მათი აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2008 წლის 7 ოქტომბრის №20 განცხადებით მიმართა შპს „ენერგიას“ დირექტორმა როლანდ ხურციძემ. აღნიშნული განცხადებით, რ. ხურციძემ უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა შპს „ენერგიასთან“ მიმართებაში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ №411 კონსტიტუციური სარჩელი ზეპირი მოსმენით არსებითად განიხილა 2008 წლის 8, 9 და 10 ოქტომბერს ღია სასამართლო სხდომებზე.
8. საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა არჩილ მშვენიერაძემ განაცხადა, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის სადავო ნორმით, ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ ენერგეტიკის სამინისტროს, მიენიჭა ელექტროენერგიის გამანაწილებელ საქმიანობაში შეუზღუდავად ჩარევის უფლებამოსილება. ელექტროენერგიის იმ მოცულობის განსაზღვრისას, რომლის რეალიზებაც მოეთხოვება ელექტროენერგიის გამანაწილებელ პირს, სადავო ნორმა არ ზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე კრიტერიუმების გათვალისწინების ვალდებულებით. ამასთან, სადავო ნორმიდან არ ჩანს, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული მოცულობის განსაზღვრა.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების სადავოდ გამხდარ, მე-7 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით, ა. მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე დასაბუთება, გაანგარიშება იმის დემონსტრირებისათვის, რომ განაწილების საქმიანობისათვის ელექტროენერგიის სავალდებულო რეალიზაციის კვოტის დაწესებით მიღწეული სიკეთე აღემატება მისი დაწესებით გამოწვეულ ზიანს.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, მცირე გამანაწილებელი კომპანიები უფრო ეფექტურად ახერხებდნენ მომხმარებლის პრობლემებზე რეაგირებას იმ არეალში, რომელშიც ისინი საქმიანობდნენ, არსებობდა კონკურენცია. სადავო ნორმების შემოღებით კი, მხოლოდ ელექტროენერგიის მსხვილმა გამანაწილებელმა კომპანიებმა ისარგებლეს, რადგან მოხდა კონკურენტი მცირე გამანაწილებელი კომპანიებისთვის ლიცენზიების ჩამორთმევა, მათი საქმიანობის პარალიზება და კუთვნილი ქსელების გადაცემა მსხვილი გამანაწილებელი კომპანიებისთვის. ამგვარად, სადავო ნორმებმა ჩაახშეს კონკურენცია და შექმნეს პრივილეგირებული პირები ელექტროენერგიის გამანაწილებელი საქმიანობის სფეროში.
სადავო ნორმების ამოქმედებიდან განვლილი ორი წლის განმავლობაში, ა. მშვენიერაძის განცხადებით, ელექტროენერგიის განაწილების სექტორში ადგილი არ ჰქონია რაიმე პოზიტიურ დინამიკას, მომსახურების ხარისხის გაზრდის, ტარიფის შემცირების ან თუნდაც ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების დაჩქარების თვალსაზრისით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულმა ნორმამ ვერ აღმოფხვრა ელექტროენერგიის განაწილების სფეროში არსებული პრობლემები.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი ქსელების გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ ფუნქციური დანიშნულებით და, რადგან მათ გამანაწილებელი საქმიანობის განხორციელების უფლება ჩამოერთვათ, შესაბამისად, ვერ მოახერხებენ ამ საკუთრებით სარგებლობას. მის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის, მოსარჩელეთა კუთვნილი ქსელით უსასყიდლოდ სარგებლობდა სს „ენერგო პრო ჯორჯია”. ამასთან, იგი თვლის, რომ შესაძლებელია აღნიშნულმა კომპანიამ მოსარჩელეთა კუთვნილი ქსელების იჯარით აღების ნაცვლად საკუთარი ქსელების აგება გადაწყვიტოს, რითაც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქსელები სრულად გამოუსადეგარი გახდება. მისი აზრით, სადავო ნორმებით საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვა არ ემსახურება არანაირ ლეგიტიმურ მიზანს. მას მიაჩნია, რომ ვინაიდან გაურკვეველია მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვის მიზანი, აზრს მოკლებულია შეზღუდვის საზოგადოებრივ საჭიროებაზე და, აქედან გამომდინარე, მის კონსტიტუციურობაზე საუბარი.
9. მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნიათ მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ბ. ჩანქსელიანს და ლ. კასრაძეს. მათ განაცხადეს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით არ მომხდარა მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ უფლებებში ჩარევა.
მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, ენერგოსისტემა სახელმწიფოში არის განსაკუთრებული სხეული, რომელიც უამრავ სუბიექტს მყარად აკავშირებს ერთმანეთთან და მათი ერთმანეთის გარეშე ფუნქციონირება წარმოუდგენელია.
მათი აზრით, სადავო ნორმის მიღების მიზანი იყო ელექტროენერგიის ბაზრის რეგულირების სფეროში ენერგეტიკის სამინისტროს შემოყვანა, რათა უფრო ეფექტურად განხორციელებულიყო დარგის მართვა და მასში არსებული პრობლემების აღმოფხვრა. სადავო ნორმის შემოღების მიზანს წარმოადგენდა ასევე ის გარემოება, რომ არ მომხდარიყო დარგის გაუმართლებელი დაქუცმაცება. მათ მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმით ყალიბდება ელექტროენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მარეგულირებელი ფუნქციების განმახორციელებელ უწყებათა კომპეტენციის გამიჯვნის ლოგიკური სქემა და არა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის მინიმალური თუ მაქსიმალური სავალდებულო ზღვრის დადგენა. ელექტროენერგიის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება სახელმწიფოს უმაღლესი მმართველობის ორგანოების პრეროგატივას წარმოადგენს, ამასთანავე პარლამენტის მიერ ენერგეტიკის სამინისტროსათვის იმ ფუნქციის მინიჭება, რომ დაამტკიცოს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და ამ წესებს დაუქვემდებაროს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობა, არანაირად არ არის მოსარჩელეთა უფლებებში ჩარევა. ისინი განმარტავენ, რომ მოსარჩელეებს სადავო ნორმის შემოღების შედეგად არ დაუკარგავთ საკუთარი ქონების არც ფლობის, არც სარგებლობის და არც განკარგვის უფლება. შესაბამისად, არ მომხდარა ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების არც პოზიტიურ და არც ნეგატიურ შინაარსში.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონის სადავო ნორმით ასევე არ მომხდარა ჩარევა მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლებაში. მათ აღნიშნეს, რომ სადავო ნორმა ნახევრად მითითებითი ხასიათისაა. იგი თავისი ჩანაწერის ერთი ნაწილით ახდენს ტერმინის „ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა“ ნაწილობრივ განმარტებას, ხოლო მეორე ნახევრით _ მითითებას დოკუმენტზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესახებ. მათი აზრით, მოსარჩელეთა მიერ წამოჭრილი პრობლემა, რომ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის დადგენილი ელექტროენერგიის რეალიზაციის სავალდებულო კვოტა (120 მილიონი კვტ. სთ.) არის გაუმართლებლად მაღალი და მათ ესპობათ ბაზარზე არსებობის საშუალება, არ მომდინარეობს კანონის სადავო ნორმიდან. რეალიზაციის სავალდებულო კვოტა დგინდება არა კანონის სადავო ნორმით, არამედ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ისინი თვლიან, რომ მოსარჩელეთა მიერ დასახელებული მათი უფლებებისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანი არ მომდინარეობს კანონის სადავო ნორმიდან და, შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მის არაკონსტიტუციურობაზე საუბარი.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კანონის სადავო ნორმით არ მომხდარა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ უფლებებში ჩარევა სახეზეა, მაშინ ამ სიტუაციისათვის ისინი წარმოადგენენ ალტერნატიულ მსჯელობას უფლებებში ჩარევის გამართლების შესახებ. მათი აზრით, სადავო ნორმის მიღება იყო ერთადერთი საუკეთესო საშუალება საჯარო ინტერესების, ამ შემთხვევაში, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაზეც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მოწმე ზურაბ გაბელაიამ ვრცლად ისაუბრეს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის შემოღებით, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეებს გაუჩნდათ გარკვეული თმენის ვალდებულება, ეს ყველაფერი გამოწვეულია სადავო ნორმის შემოღების მიზეზებიდან, მიზნებიდან და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობისა და მისი გადაწყვეტის უკეთესი ალტერნატივის არარსებობიდან გამომდინარე.
10. მოპასუხის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების _ ალექსანდრე ხეთაგურის, ირაკლი ხმალაძის და სერგო ბირკაძის აზრით, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით არ მომხდარა მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა.
მათ განაცხადეს, რომ მოსარჩელეთა საკუთრების უფლებამ სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ შეინარჩუნა ყველა ის თვისება, რაც მას გააჩნდა ნორმის ამოქმედებამდე. კერძოდ, მოსარჩელეებმა შეინარჩუნეს საკუთრების უფლება ამ ქონებაზე, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერებით _ მათ შეუძლიათ ქონების იჯარით გაცემა, ასევე მისი გაყიდვა.
მათი აზრით, სადავო ნორმას არ გამოუწვევია მოსარჩელეთა თავისუფალი მეწარმეობის უფლების შეზღუდვა. მოსარჩელეებს აქვთ საშუალება, განავითარონ და გააფართოონ საკუთრებაში არსებული ქსელები, მოიზიდონ ახალი აბონენტები, რის შედეგადაც, ისინი გადალახავენ განაწილების საქმიანობისათვის დაწესებული რეალიზაციის სავალდებულო კვოტას და შეძლებენ, აწარმოონ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ვერ ახერხებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას, მომდინარეობს მათი უმოქმედობიდან და არა სადავო ნორმიდან. მათ მიაჩნიათ, რომ მოსარჩელეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის ნაცვლად, აწარმოონ ელექტროენერგიის გატარება შემოსავლის მიღებით, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეებს სადავო ნორმის შემოღებამდეც არ ჰქონდათ უფლება, ეწარმოებინათ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებსაც, რომლებიც სადავო ნორმებით არ იყო განსაზღვრული.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, სადავო ნორმით არ მომხდარა მოსარჩელეთა თავისუფალი კონკურენციის უფლების შეზღუდვა. მათ განაცხადეს, რომ კონკურენცია ნიშნავს დარგის მართვას საბაზრო პრინციპების საფუძველზე, რეგულირების გარეშე. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა კი, თავისი არსით, წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას, დარგი სახელმწიფოს მიერ რეგულირებადია და, შესაბამისად, აქ თავისუფალი კონკურენცია ვერ იარსებებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. კერძოდ, მათ განმარტეს, რომ სამეწარმეო საქმიანობის აღნიშნულ სექტორში, კონკურენცია არსებობს, ოღონდ განაწილების საქმიანობისათვის დაწესებული ელექტროენერგიის რეალიზაციის სავალდებულო კვოტის გადალახვის შემდგომ. მათ მიაჩნიათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად დასაშვებია მცირე გამანაწილებელმა კომპანიებმა, კონკურენცია გაუწიონ მსხვილ გამანაწილებელ კომპანიებს, თუკი ისინი ააშენებენ ახალ გამანაწილებელ ქსელებს და უკეთეს მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებლებს.
ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, სადავო ნორმის შემოღების მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვა. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანია, რომელიც ახორციელებს 120 მილიონი კვტ.სთ-ზე ნაკლები ელექტროენერგიის განაწილებას, არსებული ტარიფის პირობებში ვერ იქნება მომგებიანი და, შესაბამისად, ვერ მოახერხებს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო მიწოდებას. მათ განაცხადეს, რომ სადავო ნორმის შემოღება არ ისახავდა მიზნად ელექტროენერგიის განაწილების ბაზრიდან მცირე გამანაწილებელი კომპანიების განდევნას. სადავო ნორმის შემოღების მიზანი იყო სამეწარმეო საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, ძლიერი, სტაბილური, საიმედო, პერსპექტიული და განვითარებადი სუბიექტების ჩამოყალიბება, რომელთაც შესწევთ უნარი, გამართონ მათი კუთვნილი ენერგოქსელები და შესთავაზონ მაღალხარისხიანი მომსახურება, მუდმივი და სტაბილური ელექტრომომარაგება არა მხოლოდ მათთვის მიმზიდველ მომხმარებლებს, როგორც ეს სადავო აქტის ამოქმედებამდე ხდებოდა მცირე გამანაწილებელი კომპანიების მიერ, არამედ ყველა კატეგორიის მომხმარებელს.
ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, სადავო ნორმა საშუალებას იძლევა, მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის გასაშუალოება, შენარჩუნებული იქნეს მისი მდგრადობა და დაცული იყოს მკვეთრი რყევებისაგან, რაც დადებითად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა მომხმარებლები ჩამდგარიყვნენ თანაბარ პირობებში, მიუხედავად იმისა, თუ საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობდნენ ისინი.
მათ ასევე განაცხადეს, რომ სადავო ნორმის ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ბაზარზე არსებული მდგომარეობა ხელს უშლიდა მსხვილი ინვესტიციების შემოდინებას. სადავო ნორმის მიღებამ განაპირობა, ელექტროენერგიის განაწილების სექტორით, მსხვილი ინვესტორების დაინტერესება. აგრეთვე, უფრო მოსახერხებელი და ეფექტური გახადა დარგის რეგულირება და მართვა.
11. სპეციალისტის, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, პროფესორ მ. ჯიბუტის აზრით, სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქმედებებით ხელი შეუწყოს ბაზარზე ეკონომიკური აგენტების დაშვებას. უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რაც საშუალებას მისცემს ეკონომიკურ აგენტებს, შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა.
სპეციალისტი ვარაუდობს, რომ სადავო ნორმების შემოღებით, კანონმდებელმა მოინდომა მეწარმე სუბიექტების გამსხვილება და მართვის გაადვილება.
მან არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მცირე გამანაწილებელი კომპანიები, ელექტროენერგიის განაწილების მცირე მოცულობიდან გამომდინარე, აპრიორი წამგებიანები იქნებიან. მისი აზრით, იმის გადაწყვეტა, ელექტროენერგიის განაწილების სექტორში მსხვილი მეწარმე უფრო მომგებიანია თუ წვრილი, ბაზრის გარეშე შეუძლებელია. გაკოტრების საფრთხე თანაბრად შეიძლება დაემუქროს როგორც წვრილ საწარმოს, ასევე მსხვილსაც. იგი თვლის, რომ ეკონომიკურ სისტემაში მხოლოდ ის სისტემაა მდგრადი, რომელშიც მსხვილი და საშუალო კომპანიები ერთად ფუნქციონირებენ და ავსებენ ერთმანეთს თანაბარი პირობებით. მან განაცხადა, რომ ელექტროენერგიის განაწილების ბაზრის დაქსაქსულობის ლიკვიდაცია, სულაც არ ნიშნავს მასში არსებული სუბიექტების გამსხვილებას.
სპეციალისტმა მიუთითა, რომ ენერგეტიკა განეკუთვნება ბუნებრივი მონოპოლიების სფეროს. აქედან გამომდინარე, ეს დარგი ვერ იქნება დატოვებული მხოლოდ ბაზრის კანონებით რეგულაციის არეალში და მას სახელმწიფო არეგულირებს ნორმატიული ბაზის საფუძველზე. ენერგეტიკის სექტორის რეგულირების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მომხმარებლის დაცვა მეწარმის დისკრიმინაციული ქცევისაგან.
მისი აზრით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის სარეალიზაციო ელექტროენერგიის მოცულობის მინიმუმის დადგენა არ უკავშირდება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და წესრიგის ხელშეწყობის მოთხოვნებს, არც მომხმარებლების მონოპოლიური ფასწარმოქმნისაგან დაცვას და წარმოადგენს ხელოვნურ ბარიერს სამეწარმეო საქმიანობაში. ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და წესრიგის ხელშეწყობის საკითხები გარანტირებული უნდა იყოს არა ელექტროენერგიის განაწილების მოცულობის ზრდის ხარჯზე, არამედ ტექნიკური უსაფრთხოების პირობების გამკაცრებითა და დაცვით.
სპეციალისტს მიაჩნია, რომ სადავო ნორმების არარსებობის პირობებში ელექტროენერგიის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებდნენ მუშაობას, რითაც ხელი არ შეეშლებოდა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, თუ განაწილების ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები იქნებოდა დაცული. ამ უკანასკნელის კონტროლი კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეროგატივას წარმოადგენს.
საბოლოოდ მ. ჯიბუტმა დაასკვნა, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის ლიცენზირების პირობად რეალიზაციის მოცულობის შეტანა მიზანშეუწონელია, რადგანაც ის არ წარმოადგენს ამ საქმიანობის რეგულირების მიზნების არც თეორიულ და არც პრაქტიკაში მიღებულ გადაწყვეტას, არ გამომდინარეობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვიდან და იწვევს პარამეტრული ნორმის დაწესების გზით ბაზრიდან წვრილი მეწარმე სუბიექტების განდევნას. მისი აზრით, ეს არ შეიძლება იყოს გამართლებული და დასაბუთებული როგორც მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, რადგანაც ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
12. სპეციალისტმა, აუდიტორული კომპანიის „აუდიტო ფინანსური კონსალტინგის“ იურისტმა მ. სტეფანიშვილმა განმარტა ელექტროენერგიის განაწილების სექტორისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებები. მან აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის განაწილების ბაზარი, საქართველოს მასშტაბით, განსხვავებული ნიშან-თვისებების მატარებელია. არის რეგიონები, მაგალითად მაღალმთიანი სოფლები, სადაც ელექტროენერგიის განაწილება ძვირი ჯდება ელექტროენერგიის დანაკარგებიდან გამომდინარე და ქალაქები, სადაც ელექტროენერგიის განაწილება ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე იაფია.
იგი თვლის, რომ მცირე გამანაწილებელი კომპანიები, თუ ისინი გამანაწილებელ ქსელებს გამართავენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ელექტროენერგიის განაწილება ჯდება იაფი, აუცილებლად მომგებიანები იქნებიან. მათ არ ექნებათ პრობლემა, მომხმარებელს მიაწოდონ ელექტროენერგია სტაბილურად, უსაფრთხოდ და ყველაზე ნაკლებად დაემუქრებათ გაკოტრების საფრთხე. თუ მიმზიდველი მომხმარებელი გახდება მცირე გამანაწილებელი კომპანიის აბონენტი, მსხვილ გამანაწილებელ კომპანიებს დარჩებათ მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილების ის არეალი, სადაც განაწილება ძვირი ჯდება. აღნიშნული ტენდენცია გამოიღებს იმ შედეგს, რომ მოხდება მსხვილი ქალაქების მოწყვეტა სოფლებისაგან. ქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა გახდეს უფრო იაფი, ვიდრე დღეს არის, მაგრამ მაღალმთიან სოფლებში იგი იმდენად გაძვირდება, რომ მომხმარებელს ფაქტობრივად აღარ ექნება მისი გადახდის შესაძლებლობა და, შესაბამისად, მსხვილი გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობა აზრს დაკარგავს. აღნიშნული შედეგის თავიდან აცილების საშუალებად, მ. სტეფანიშვილს მიაჩნია სადავო ნორმებით მოცემული რეგულირება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ორივე კატეგორიის მომხმარებლის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქვეშ თავმოყრა. გამანაწილებელ კომპანიას, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის ქალაქსაც და სოფელსაც, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ტარიფის გასაშუალოება. იმ ფინანსური დანაკარგის კომპენსირებას, რომელსაც იგი იღებს სოფლებში ძვირი ელექტროენერგიის განაწილებით, მოახდენს ქალაქში იაფი ელექტროენერგიის განაწილებით მიღებული დიდი მოგების ხარჯზე.
სპეციალისტის აზრით, გამანაწილებელმა კომპანიამ რომ შეძლოს ელექტროენერგიის განაწილება დივერსიფიცირებული მომხმარებლებისათვის (როგორც ქალაქად, ასევე სოფლად), საჭიროა ახდენდეს არანაკლებ 200 მილიონი კვტ. სთ. ელექტროენერგიის განაწილებას. განაწილების უფრო ნაკლები მოცულობის ფარგლებში იგი ვერ დაფარავს დანახარჯებს და წამგებიანი გახდება. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს, მისი თქმით, აძლევს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მაგალითი.
13. სპეციალისტი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებეთა დოქტორი რევაზ არველაძე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკა ზოგადად ბუნებრივ მონოპოლიებს განეკუთვნება და მასში კონკურენციის ელემენტები მხოლოდ უკანასკნელ წლებში შემოდის. კონკურენციის ელემენტები ჯერჯერობით შემოსულია ელექტროენერგიის გენერაციის ნაწილში. რაც შეეხება განაწილებას, რ. არველაძე თვლის, რომ აქ კონკურენცია არ არსებობს და ალბათ ვერც იარსებებს მანამ, სანამ არ იქნება გამოგონილი ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა და კონკურენტებს აღარ დაჭირდებათ პარალელური ელექტრული ქსელების მშენებლობა.
სპეციალისტს სადავო ნორმების შემოღების მიზნად მიაჩნია ის გარემოება, რომ მსხვილი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი ყოფილიყო საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე შემოსვლა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების იმედიანობის ამაღლებას. მისი აზრით, ამისთვის კი ალბათ საჭიროდ ჩაითვალა ელექტროენერგიის განაწილების ბაზარზე მხოლოდ გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის დატოვება.
მისი აზრით, ელექტროენერგიის რეალიზაციის სავალდებულო კვოტა 120 მილიონი კვტ. სთ. შეირჩა იმ პრინციპით, რომ გამანაწილებელი კომპანიები გამსხვილებულიყო და მცირე კომპანიებს არ მისცემოდათ საშუალება, მოხმარებული ელექტროენერგიის კარგი გადამხდელები ამოერჩიათ, რაც საბოლოო ჯამში მსხვილ გამანაწილებელ კომპანიებს ცუდ ფინანსურ და, შესაბამისად, ტექნიკურ მდგომარეობაში ჩააყენებდა და ინვესტორებისათვის მიმზიდველი აღარ იქნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი თვლის, რომ 120 მილიონი კვტ. სთ. ალბათ ის მოცულობაა, რომლის რეალიზაციასაც ვერც ერთი მცირე გამანაწილებელი კომპანია ვერ უზრუნველყოფდა და მათ ჩამოერთმეოდათ ლიცენზიები. რადგან ელექტრულ ქსელებს მოსარჩელეები სხვა მიზნებისათვის ვერ გამოიყენებენ, იძულებული იქნებიან, მოხდინონ მათი გასხვისება ან იჯარით გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ზარალი უფრო დიდი იქნება.
სპეციალისტს მიაჩნია, რომ ზოგადად, ენერგეტიკის სფეროს მართვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მასში მონაწილე სუბიექტების რაოდენობა რამდენადმე სერიოზულ გავლენას არ უნდა ახდენდეს მართვის პროცესზე. ამდენად, მოსარჩელეები რომ დარჩენილიყვნენ ბაზრის სუბიექტებად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი არაფერი შეიცვლებოდა.
14. მოწმემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა ზ. გაბელიამ სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო ნორმების შემოღებამდე ენერგეტიკულ სისტემაში იყო ქაოსი. მოუწესრიგებელი იყო ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა, დაბალი იყო დახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებელი და გართულებული იყო დარგის მართვა.
ზ. გაბელაიამ აღნიშნა, რომ 90-იან წლების მეორე ნახევარში საქართველოში არსებულ „საქმთავარენერგოს“ გამოეყო გამანაწილებელი საქმიანობა და იმ პერიოდში ჩამოყალიბდა დაახლოებით 60-ზე მეტი გამანაწილებელი კომპანია. ზ. გაბელაის აზრით, პრაქტიკამ აჩვენა აღნიშნული გადაწყვეტილების არაეფექტურობა, რის გამოც 2000 წლიდან დაიწყო გამანაწილებელი კომპანიების გამსხვილების ტენდენცია. სადავო ნორმების ამოქმედებას შედეგად მოჰყვა გამანაწილებელი კომპანიების გამსხვილება, ელექტროენერგიის განაწილების ბაზარზე დარჩა მხოლოდ სამი ლიცენზიატი, რამაც ხელი შეუწყო სექტორში ინვესტიციების შემოდინებას და მოიტანა ის დადებითი ეფექტი, რომ მოხდა დარგში არსებული პრობლემების გადაწყვეტა.
სასამართლოს მიერ დასმულ კითხვაზე, დარგში არსებული პრობლემების გადაწყვეტის უალტერნატივო გზა იყო თუ არა სადავო ნორმების შემოღება და რამდენად უზრუნველყოფს პრობლემების გადაჭრას ელექტროენერგიის რეალიზაციის სავალდებულო კვოტა 120 მილიონი კვტ.სთ. , მოწმემ განაცხადა, რომ არ არის კომპეტენტური, აღნიშნულ კითხვას გასცეს პასუხი.
იგი თვლის, რომ სადავო ნორმების შემოღება მიმართულია არა იმდენად ელექტროენერგიის ტარიფის კლებისაკენ, არამედ მისი მკვეთრი რყევის თავიდან აცილებისაკენ. მსხვილ გამანაწილებელ კომპანიას მეტი ბრუნვა აქვს და მისთვის ერთი კაბელის გამოცვლა არ იქნება იმის საფუძველი, მოსთხოვოს მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გაზრდა. წვრილ გამანაწილებელ კომპანიებს მსგავს ვითარებაში, თავისი მცირე ბრუნვიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ტარიფის სტაბილურობის გარანტია არ გააჩნიათ.
მან სასამართლოს განუცხადა, რომ ელექტროენერგიის განაწილების სექტორი მიეკუთვნება ბუნებრივ მონოპოლიებს. მასში არსებული სუბიექტები წარმოადგენენ მონოპოლისტებს, იქნებიან ისინი დიდი თუ მცირე და, შესაბამისად, ამ სექტორში კონკურენცია და თავისუფალი მეწარმეობა ვერ იარსებებს.
15. მოწმემ, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან გურულმა სასამართლოს განუცხადა, რომ, მართალია, ორგანიზაციას რომელსაც იგი წარმოადგენს, აქვს შემხებლობა ელექტროენერგიის განაწილების სფეროსთან, მაგრამ იმის გამო, რომ მათ არ მიუღიათ მონაწილეობა სადავო ნორმების პროექტების შემუშავებასა და მიღებაში, იგი ვერ უპასუხებს სასამართლოს შეკითხვებს.
II
1. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა გამოიწვია ორივე სადავო ნორმატიული აქტით დადგენილმა წესმა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ლიცენზიების ჩამორთმევა და ელექტროენერგეტიკული ბაზრიდან განდევნა მოჰყვა ელექტროენერგიის რეალიზაციის ბაზრის წესებით დადგენილ კონკრეტულ მოცულობას, ეს არ მოხდებოდა, სადავო კანონს მისი განსაზღვრის უფლება რომ არ მიენდო კანონქვემდებარე აქტისათვის. ამდენად, მოსარჩელეთათვის კონკრეტული ციფრობრივი მონაცემები კი არ არის პრობლემა, არამედ მისი განსაზღვრის ნორმატიული თავისუფლება.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ნორმები უნდა შეაფასოს როგორც ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული მიზეზშედეგობრივი ურთიერთობა. ვინაიდან ცალკეულ შემთხვევაში საკანონმდებლო ნორმის შინაარსის გამოვლინების ფორმაა კანონქვემდებარე აქტი და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრაქტიკა, სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა იყოს საინტერესო „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ელექტროენერგიის რეალიზაციის მოცულობა. კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტის კონსტიტუციურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონის კონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს, იმავდროულად, კანონქვემდებარე აქტის კონსტიტუციურად ცნობასაც, მაშინ როცა კანონის არაკონსტიტუციურად აღიარება ავტომატურად იწვევს კანონქვემდებარე აქტის არაკონსტიტუციურობას.
2. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველად, უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას „... ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“. მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი.
3. მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის თავისუფლების ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს. სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს მეწარმე სუბიექტის არსებობას (არსებობის უფლებას). კონსტიტუცია იცავს არა მარტო ადამიანის არსებობას, არამედ ორგანიზებული წარმონაქმნების არსებობასაც. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია, თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის „სიცოცხლე“. ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. მეწარმეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის მზადაა განახორციელოს თავისუფალი მეწარმის ყველა ფუნქცია, ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენებით და აქედან გამომდინარე, იტვირთოს თანაბარი რისკი. ის შეუცვლელი და ხელშეუხებელია (დაცულია) მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თავისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის შეფასებას სასამართლო ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით ახდენს.
4. ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც საკუთრების უფლება წარმოადგენს საკუთრებითი წესრიგის გამოვლინებას, თავისუფალი მეწარმეობაც შესაძლებელია მხოლოდ სამეწარმეო წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული.
ფასეულობებისადმი ასეთი დამოკიდებულებით, სახელმწიფო ახდენს კერძო და საჯარო ინტერესების ერთმანეთისაგან არა გაუცხოებას, არამედ უზრუნველყოფს მათ შორის სამართლიანი ბალანსისა და მშვიდობის დამყარებას. ამით სახელმწიფო ქმნის ისეთ ეკონომიკურ მართლწესრიგს, რომელშიც მეწარმის ინტერესები არა თუ წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სამართლებრივად ანგარიშგასაწევ ინტერესებთან, არამედ მათ ემსახურება.
5. კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიებია გაბატონებული. დემონოპოლიზაციის პოლიტიკით, სახელმწიფო ხელს უწყობს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას და მომხმარებელთა მხრიდან არჩევანის თავისუფლებას. კონკურენტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების გზით. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანმიმართულებაა თავისუფალი, კონკურენტული ბაზარი. მხოლოდ ასეთი ბაზრის პირობებში შეიძლება ავლენდეს სუბიექტი მეწარმისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას. მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი სუბიექტის თავისუფალი წარმოშობა, საქმიანობა და არსებობის შეწყვეტა. კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას.
კონკურენციის არსებობისა და განვითარების სამართლებრივი გარანტიები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმეობის თავისუფლების განვითარებას, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობას, კერძო საკუთრების დაცვას, შეთანხმების თავისუფლებას, დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობის აღიარებას და, სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციისადმი სხვა დახმარებებს. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის სისტემები იმ ქვეყნებში, რომლებიც ორიენტირებული არიან საბაზრო პრიორიტეტებზე ეკონომიკის რეგულირებაში.
6. როცა თავისუფალ მეწარმეობაზეა საუბარი, საჭიროა გაირკვეს, როდის და რა ფარგლებში შეუძლია სახელმწიფოს, ჩაერიოს მისი განხორციელების პროცესში. როგორც წესი, სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა ავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ. არ შეიძლება, რომ თავისუფალი ნება გახდეს არაეკვივალენტური, არათანაზომიერი და უსამართლო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი, რაც გამოიწვევს ბრუნვის ტრადიციებისაგან მისი მონაწილეების გაუცხოებას და, იმავდროულად, ამით წინააღმდეგობაში მოვა აღიარებულ ზნეობრივ იმპერატივებთან. მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტისაგან, როცა ჯერ კიდევ მყარად არ არის დამკვიდრებული სავაჭრო ტრადიციები, ადვილი შესაძლებელია, მომეტებულად მომდინარეობდეს ასეთი საშიშროება. მოსალოდნელია, რომ ბაზრის გაბატონებული მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტმა, მომხმარებელს შესთავაზოს აშკარად უსამართლო სახელშეკრულებო პირობები და, არჩევანის უქონლობის გამო, აიძულოს იგი, გახდეს მისი პარტნიორი. ამგვარი საფრთხის დროს სახელმწიფო იძენს უფლებას, ჩაერიოს მეწარმის შიდა საქმიანობაში და დაუდგინოს ნების გამოვლენის ფარგლები.
7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა მიეკუთვნება რეგულირებადი ეკონომიკური ურთიერთობის სფეროს, რაც განპირობებულია ამ დარგში გაბატონებული მდგომარეობის მქონე სუბიექტების არსებობით. შესაბამისად, რეგულირების შემოღება ემსახურება როგორც მომხმარებელთა, ასევე ბუნებრივ მონოპოლისტზე დამოკიდებული ბაზრის სხვა სამეწარმეო სუბიექტის ქონებრივი ინტერესების დაცვას. კანონმდებელი იცავს მომხმარებელს გამანაწილებელი კომპანიების თავნებობისაგან ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრით. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ჩარევები მიმართულია იქითკენ, რათა დაბალანსდეს მეწარმისა და მომხმარებლის ინტერესები და ბუნებრივმა მონოპოლისტებმა არ დააწესონ უსამართლო ფასები. ვინაიდან, რეგულირების გზით, იზღუდება მეწარმის ნების თავისუფლება, სახელმწიფო ვალდებულია, ისე განსაზღვროს რეგულირების ფარგლები, როგორც ამას გააკეთებდა ყველაზე კეთილსინდისიერი მეწარმე შესაბამისი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით, მოხდება არა მარტო ცალმხრივად მომხმარებლის ინტერესების დაცვა, არამედ მეწარმის ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებაც. ინტერესთა ასეთი დაბალანსება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი პირობაა. ყველა შემთხვევაში, რეგულირებამ არ უნდა გამოიწვიოს ბრუნვის მონაწილეთა გაუცხოება ამ ბრუნვისაგან. ელექტროენერგიის ბაზარი, როგორც გარკვეული თვისობრიობის მატარებელი ფასეულობა, უნდა შენარჩუნდეს. მარეგულირებელი ორგანო შეიძლება ჩაერიოს ბაზრის ფუნქციებში მხოლოდ იმ სახით, რაც არ იქნება ხელშემშლელი ელექტროენერგიის თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისათვის.
8. ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ორიენტირებულია კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობისაკენ. ამასვე ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირის დირექტივები. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივი მონოპოლიებია თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე და, ამ თვალსაზრისით, მომხმარებელი, გარკვეულწილად მოკლებულია კომპანიის არჩევის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც სასამრთლო პროცესიდან გამოჩნდა, არ იქნებოდა სწორი, რომ ამგვარი სუბიექტი მიგვეჩნია აბსოლუტურად უალტერნატივოდ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა არ უარყვეს კონკურენციის არსებობა ბუნებრივი მონოპოლიების პირობებში. მათი განცხადებით, ელექტროენერგიის განაწილების სფეროში კონკურენცია შესაძლებელია სადავო აქტით დადგენილი ელექტროენერგიის რეალიზაციის ზღვრული მოცულობის გადალახვის შემთხვევაში. სასამართლოსათვის აუხსნელია, რატომ არის ეს შეუძლებელი მანამდე. ეს კონკურენცია ჩანს ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ მომხმარებლებზე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდებისას. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს შეუძლიათ უშუალოდ მომხმარებელს მიაწოდონ ელექტროენერგია და ამით კონკურენცია გაუწიონ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს. აქედან ჩანს, რომ გამანაწილებელი კომპანიების, სულ ერთია იგი დიდი იქნება თუ მცირე, ბაზარზე ყოფნა-არყოფნის საკითხი შესაძლებელია გადაწყდეს კონკურენციის კანონებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში კონკურენცია ერთობ შეზღუდულია, სახელმწიფო ვალდებულია, ასეთი მცირე შესაძლებლობების პირობებშიც კი, მოქმედებდეს მისი განვითარებისათვის. გაუმართლებელია შეზღუდვა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მსურველ სუბიექტს, ამ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას ურთულებს. ნებისმიერი არაბუნებრივი ჩარევები ამ მიმართულებით ხელშემწყობი იქნება ხელოვნური მონოპოლიებისათვის.
9. სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიზნის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ფასეული უნდა იყოს. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და არა ისეთი, რომელიც გაუცხოებულია ნორმატიული ნებისაგან და არ შეესაბამება მას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა. ხშირად კანონმდებლის მიერ განზრახულ მიზნებზე უშუალოდ ნორმატიულ აქტებშია აღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმები არ შეიცავენ მსგავს მინიშნებებს. ერთადერთი, საიდანაც შეიძლება საკანონმდებლო მიზნების იდენტიფიკაცია, ეს არის სადავო აქტების პროექტებზე თანდართული განმარტებითი ბარათები და საქმის არსებითი განხილვის პროცესში გამორკვეული გარემოებანი. უნდა ითქვას, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ერთმანეთშია არეული ისეთი კატეგორიები, როგორიცაა მიზანი, მოტივი, მიზეზი და საშუალება, რაც ართულებს საკანონმდებლო ნების ნამდვილი მიზანმიმართულების ამოცნობის შესაძლებლობას. საბოლოოდ, მოპასუხეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, როდესაც ხდებოდა სადავო აქტების მიღება, მის მიზანს შეადგენდა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. მათი აზრით, სადავო აქტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო, ხარისხიან, გარანტირებულ (უწყვეტ) ელექტრომომარაგებას დაბალანსებული (გაწონასწორებული) ტარიფით.
10. აღნიშნული მიზნები სავსებით გამართლებულად უნდა ჩაითვალოს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე. ამ პოლიტიკის მთავარ ამოცანას არ შეიძლება არ წარმოადგენდეს ენერგეტიკული უსაფრთხოება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოიშალა რა არსებული ენერგეტიკული სისტემა, საქართველო პირისპირ აღმოჩნდა ამ დარგში არსებული პრობლემების გადაჭრის წინაშე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმების ხასიათი, ის, თუ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად რა გზას ირჩევს კანონმდებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, გაემიჯნოს ისეთ სინამდვილეს, რომლის მიხედვითაც, მიზანი ამართლებს საშუალებას. თუკი კანონმდებელი აჰყვება ამგვარ ცდუნებას, ამით დაირღვევა ღირებულებათა წესრიგი და სამოქალაქო ბრუნვაში უსამართლობა დაისადგურებს. ადვილი შესაძლებელია, რომ მაღალი ღირებულების სიკეთე შეეწიროს უმნიშვნელო ღირებულების სიკეთეს. ეს რომ არ მოხდეს და შენარჩუნდეს ღირებულებათა წესრიგი, კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას. ვარგისიანობა ობიექტური გარემოებებითაა განსაზღვრული და იგი გულისხმობს გამოყენებული საშუალების უნარიანობას ლეგიტიმური მიზნის მიღწევაში. როცა საშუალება უვარგისი ხდება არა მისი გამოყენების პროცესში, არამედ თავიდანვეა ასეთი, მაშინ ადგილი აქვს საშუალების აშკარა უვარგისობას. სადავო აქტების გამოყენების პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ მიზნის მიღწევის არსებული საშუალება თავიდანვე იყო უვარგისი. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, მიზანი კი არ ამართლებს საშუალებას, არამედ საშუალება უნდა იყოს მიზნის შესაფერისი. მიზნის შესაფერისი კი ისეთი საშუალებაა, რომელიც ყველაზე ბუნებრივი და მორგებადია ამ მიზნისათვის და ყველაზე უმტკივნეულო და ასატანი შეზღუდული უფლებისათვის.
11. სადავო აქტებით განსაზღვრული პირობა, კერძოდ, საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაციის მოცულობა წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ნორმატიულად ადგენს ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულო პირობას, ამით იგი ხელს უნდა უწყობდეს როგორც სტაბილური და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ისე ამ ურთიერთობის ასეთივე სუბიექტის არსებობას. ისეთ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით, დიდია ცდუნება იმისა, რომ იგი თავის ძალაუფლებას არასწორად გამოიყენებს. სახელმწიფო, წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში, შეეცდება, ხშირად ცვალოს ამ პირობის რაოდენობრივი მაჩვენებელი და, საბოლოოდ, მივიდეს გაუთვალისწინებელ შედეგებამდე. ამ საფრთხის შესაძლებლობაზე მიუთითეს პროცესის მონაწილეებმა. ამას შედეგად მოჰყვება გამანაწილებელი კომპანიების პერმანენტული განდევნა ელექტროენერგიის ბაზრიდან და, საბოოლოდ, რამდენიმე მონოპოლიური სუბიექტის დარჩენა ამ ბაზარზე. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ბაზრის დროებითი და არასტაბილური სუბიექტების გაჩენას, რაც ვერ იქნება ხელშემწყობი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის და მომხმარებელთა სტაბილური ენერგომომარაგებისათვის. ასეთ პირობებში ადვილი შესაძლებელია, საკანონმდებლო ჩარევები გაუცხოებული აღმოჩნდეს ბაზრის კანონებისაგან. სადავო ნორმების არარსებობის შემთხვევაში, არასტაბილური სუბიექტების ბაზრიდან გასვლა მოხდება ამ ბაზრის ბუნებრივი კანონების საფუძველზე და არა ხელოვნურად, როგორც ამას ადგილი აქვს ამ ნორმების მოქმედების შემთხვევაში.
ვერც კომპანიათა ეკონომიკური წარუმატებლობა შეიძლება გახდეს სადავო აქტების გამართლების საფუძველი. დამაფიქრებელია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფინანსური კალკულაცია, რომლის თანახმად, 120 მილიონ კვტ. სთ-ზე ნაკლები ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელისათვის საქმიანობა წამგებიანი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო უფრო დამაჯერებლად მიიჩნევს სპეციალისტთა მოსაზრებას, რომელიც მოპასუხის პოზიციისაგან მკვეთრად განსხვავდება. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მცირე გამანაწილებელმა კომპანიებმა შეიძლება წარმატებით განახორციელონ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და მიიღონ მოგება 120 მილიონ კვტ. სთ-ზე ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაშიც კი.
ეკონომიკური წარუმატებლობის მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს არა მარტო წვრილი კომპანია, არამედ მსხვილი კომპანიაც. ამ უკანასკნელის მაგალითად პროცესზე დასახელდა ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც გაკოტრების პროცესშია. ამიტომაც აბსოლუტურად სარწმუნოდ ვერ გამოიყურება მოპასუხეთა პოზიცია, რომ მსხვილი კომპანიები სიცოცხლისუნარიანები არიან, რადგანაც მათ მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ პრობლემების მოსაგვარებლად. საქმე იმაშია, რომ მსხვილ კომპანიებს საზრუნავიც მეტი აქვთ, რაც, შესაბამისად, მეტ ხარჯებსაც მოითხოვს. კომპანია, რომელიც უმტკივნეულოდ აგვარებს თავის პრობლემებს, ის არც გაკოტრების პირას არ მიდის. ეს ფაქტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ არაბუნებრივი ნორმატიული ჩარევა ბაზრის ცხოვრებაში იწვევს კანონმდებლის გაუცხოებას მის მიერვე დასახული მიზნისაგან.
12. არ შეიძლება ენერგეტიკული სისტემის მართვის გამარტივება ჩაითვალოს ისეთ მოტივად, რომელიც გაამართლებდა სადავო აქტების მიღებას. მოპასუხეთა მტკიცებით, მსხვილი კომპანიების მართვა უფრო ადვილია, ვიდრე მრავალი წვრილი კომპანიისა. ეჭვგარეშეა, რომ მარტივი და მოქნილი მართვის სისტემა გაცილებით ეფექტიანია, მაგრამ მას ვერ ექნება გამართლება, თუკი ეს არ იქნება სამართავი ურთიერთობების ბუნებრივი მოთხოვნილება. საზოგადოებრივი ურთიერთობის მართვის ნებისმიერი სისტემის პირობებში, ეს მართვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მან შესაბამისი ურთიერთობაც სრულად მოიცვას და ამ ურთიერთობის სუბიექტების ინტერესებიც დაიცვას. მოპასუხეთა მიდგომა ეწინააღმდეგება ბაზრის ეკონომიკურ კანონებს და საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ხელს უწყობს უკონკურენტო და ხელოვნური მონოპოლიების მქონე ბაზრის ჩამოყალიბებას. სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ისეთი ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელშიც თავისუფალი საქმიანობის ასპარეზი ექნება როგორც მსხვილ, ისე წვრილ კომპანიებს, როდესაც სახეზეა სუბიექტთა მრავალფეროვნება. მართვის ტვირთი არ უნდა შემსუბუქდეს სამართლებრივად ფასეული სიკეთის ხელოვნური უგულებელყოფის გზით. მართვის სუბიექტის თანდათანობითი უარყოფის გზით, თავად მართვა შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ. მართვის როგორი მოდელიც არ უნდა იყოს, მას არა აქვს გამართლება, თუ იგი მომეტებულად იჭრება თავისუფალი ურთიერთობის სფეროში. ენერგეტიკული ბაზრიდან მცირე კომპანიების განდევნა უნდა მივიჩნიოთ კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად გამოყენებულ არაადეკვატურ საშუალებად.
13. კანონმდებელი კარგად უნდა განჭვრეტდეს არა მარტო მის მიერ მიღებული ნორმების მოქმედების შედეგებს, არამედ სათანადოდ აფასებდეს იმ დროსაც, რომელშიც ჩნდება ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგების აუცილებლობა. სადავო აქტების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანები (ქმედუნარიანები) იყვნენ გამანაწილებელი კომპანიები სადავო აქტების მიღებამდე, ხომ არ იყო მათი საქმიანობა არაეფექტური და გაუცხოებული, როგორც ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოპასუხეთა წარმომადგენლების შეხედულებებში იგრძნობოდა გარკვეული წინააღმდეგობა. მათ ვერ აჩვენეს საკმარისი დამაჯერებლობით ის, თუ რაში ვლინდებოდა მცირე კომპანიების სიცოცხლისუუნარობა. კერძოდ, მოპასუხეებმა ვერ მოიტანეს სარწმუნო მტკიცებულებანი, რომ ვერ იცავდნენ ეს კომპანიები ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს, ვერ უზრუნველყოფდნენ სტაბილურ (უწყვეტ), ხარისხიან და უსაფრთხო ელექტრომომარაგებას სწორედ იმის გამო, რომ ისინი იყვნენ მცირე გამანაწილებელი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ასეულობით მომხმარებლის ხელმოწერით დადასტურებული წერილები, რომლებითაც ისინი ითხოვენ ელექტროენერგიის კვლავ ამ კომპანიების მიერ რეალიზაციას.
სასამართლო პროცესზე განხილულმა მტკიცებულებებმა გაორებული სინამდვილის სურათი აჩვენა. კერძოდ, ჩანს მოპასუხეთა მტკიცებულებებში ურთიერთგამომრიცხაობა. ერთი მხრივ, ისინი სრულად არ უარყოფენ ამ კომპანიების სიცოცხლისუნარიანობას, როცა საქმე ეხება სადავო აქტების მიღებამდე არსებულ დროს, მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ, თუკი, ბაზარზე შენარჩუნდებოდნენ ისინი, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა სტაბილურ ენერგომომარაგებას.
14. სადავო აქტების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ამ აქტების მოქმედების არა მარტო სავარაუდო პრაქტიკული შედეგები, რაც წარმოადგენს სამართლის ნორმის ჯერარსული ბუნების გამოვლინებას, არამედ მათი მოქმედებით გამოწვეული რეალური, ფაქტობრივი შედეგები. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის ... გამოყენების პრაქტიკას“. როცა მოსალოდნელი (სავარაუდო) და რეალური (ფაქტობრივი) შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება, კანონი პრაქტიკული გონიერების პრინციპისაგან გაუცხოებულად უნდა ჩაითვალოს. სადავო აქტების ძალაში შესვლიდან განვლილი დრო არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევაში სადავო ნორმებმა რაიმე შესამჩნევი როლი შეასრულეს. მოპასუხის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სარწმუნო მტკიცებულებანი. კანონმდებელი კი ვალდებულია, კონსტიტუციური პასუხისმგებლობით მიუდგეს სამართალშემოქმედებით პროცესს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაში (№1 /3 /301) აღნიშნა: „ნორმატიული აქტის მიღებისას კანონმდებელი ვალდებულია, სწორად განსაზღვროს მისი მოქმედების სავარაუდო შედეგები. კანონმდებლის პროგნოზი ამ თვალსაზრისით უნდა იყოს დასაბუთებული და გამართლებული.
15. ვერ გამოდგება სადავო აქტების კონსტიტუციურობის არგუმენტად, მოპასუხეთა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მცირე კომპანიების არსებობა პრობლემებს უქმნის მსხვილ გამანაწილებელ კომპანიებს იმით, რომ ისინი ართმევენ მათ გადახდისუნარიან მომხმარებლებს. ეს კი, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება მთლიანად ენერგეტიკულ სექტორზე. ასეთი მოტივაცია პრინციპულად შეუსაბამოა ნორმატიულ მიზანთან და, მისი დაშვების შემთხვევაშიც, არ არსებობს ის საფრთხე, რაზედაც მოპასუხეები მიუთითებენ. აღსანიშნავია, რომ მთელ ქვეყანაში რეალიზებული ელექტროენერგიის უმნიშვნელო წილი მოდიოდა მცირე კომპანიებზე. საკონსტიტუციო სასამართლოში ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2008 წლის 5 ნოემბერს გამოგზავნილი წერილიდან (№01 / 2374) ჩანს, რომ ე.წ. „მცირე ლიცენზიატების“ ხვედრითი წილი ელექტროენერგიის მთლიან განაწილებაში, სადავო ნორმების შემოღებამდე, შეადგენდა: 2002 წელს - 2,78%; 2003 წელს - 1,56%; 2004 წელს - 1,33%; 2005 წელს - 0,92%. როგორც ამ ციფრობრივი მონაცემებიდან ირკვევა, მცირე კომპანიების ხვედრითი წილი ელექტროენერგიის განაწილებაში ბოლოს ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენდა. ასეთ პირობებში, თუნდაც რომ ამ კომპანიების მომხმარებლები გადახდისუნარიანი მომხმარებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მათ მსხვილი კომპანიებისათვის და საერთოდ ენერგეტიკული სისტემისათვის (უსაფრთხოებისათვის) შეექმნათ ისეთი პრობლემები, რომელთა მოგვარებისათვის აუცილებელი იყო მათი ბაზრიდან განდევნა. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ხვალ უფრო მსხვილ კომპანიებს პრობლემები შეუქმნან იმ კომპანიებმა, რომლებსაც დღეს შესწევთ უნარი, გადალახონ სადავო აქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი. მაშინ პრობლემის მოგვარების გზა იქნება აღნიშნული ზღვრის გაზრდა და იმ კომპანიების ბაზრიდან განდევნა, რომლებიც ვერ გადალახავენ ახალ ზღვარს.
მიუღებლად უნდა ჩაითვალოს ბაზრის ისეთი ხედვა, თითქოს ბაზრის სუბიექტები თავიანთი საქმიანი შესაძლებლობების გამოვლენით, ამ ბაზრის განმტკიცებასა და კეთილსინდისიერ კონკურენციას კი არ უწყობენ ხელს, არამედ ერთმანეთის ხელშემშლელებად გვევლინებიან. ბაზრის პრინციპი დაპირისპირება კი არ არის, არამედ კეთილსინდისიერება, სოლიდარობა და ინტერესთა პატივისცემაა. არ შეიძლება ერთი კომპანიის საქმიანობის სფეროში წარმოშობილი პრობლემები მეორე კომპანიის არსებობის ხელოვნურად შეწყვეტით მოგვარდეს. მსხვილ კომპანიებს უფლება ჰქონდათ, წვრილი კომპანიების მომხმარებლები საკუთარ მომხმარებლებად ექციათ, თუკი ისინი საამისოდ გაიღებდნენ სათანადო ხარჯებს და შეთავაზებული პირობებით დააინტერესებდნენ. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სხვა პუნქტებიც მოპასუხეთა პოზიციის უსაფუძვლობაზე მიგვანიშნებს.
16. მოპასუხეები სადავო აქტების შემოღების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებენ გამანაწილებელი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენებას. მათი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ელექტროენერგიის განაწილების ტვირთის სამართლიანი გადანაწილება. კერძოდ, იმ კომპანიას, რომელიც გადალახავს ნორმატიულ ბარიერს, ეყოლება როგორც გადახდისუნარიანი, ისე გადახდისუუნარო მომხმარებელი და არა ისე, როგორც წვრილი გამანაწილებელი კომპანიების შემთხვევაშია, როცა ისინი მხოლოდ გადახდისუნარიანი მომხმარებლების არეალში ფუნქციონირებდნენ. მოპასუხეთა აზრით, სადავო ნორმები ხელს უწყობს გამანაწილებელი კომპანიების არადისკრიმინაციულ, კერძოდ, ისეთ გარემოში საქმიანობას, როცა კომპანია დაინტერესებული იქნება ელექტროენერგია მიაწოდოს ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ცალკეულ მომხმარებელზე (მაგალითად, როგორიცაა მაღალმთიანი სოფლები მწირი დასახლებით) მისი მიწოდება ძვირი დაუჯდეს და არ იყოს მომგებიანი. რაც შეეხება მომხმარებელთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება ხარისხიანი, უსაფრთხო და სტაბილური ელექტრომომარაგება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარიფი გათანაბრდება კომპანიის სამოქმედო ტერიტორიაზე და ე.წ. „ძვირადღირებული“ მომხმარებლის ტარიფი იქნება იმაზე ნაკლები, რაც რეალურად უნდა იყოს კომპანიის ხარჯებიდან გამომდინარე. ეს კი მიიღწევა იმით, რომ კომპანია მოახდენს ამ ხარჯების დაბალანსებას ყველა მომხმარებლის მიხედვით, რის საფუძველზეც, მას ექნება საშუალო, შეწონილი ტარიფი.
17. კომპანიათა თანაბარ პირობებში ჩაყენება ნიშნავს თითოეული მათგანისათვის თანასწორი სამართლებრივი გარანტიების მიცემას. კანონმდებლის ჩარევის ფარგლები მთავრდება იქ, სადაც ბაზრის ბუნებრივი კანონებით წესრიგდება ესა თუ ის ურთიერთობა. როცა გამანაწილებელი კომპანიები შემოდიან ბაზარზე, ისინი თავისუფლად ირჩევენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებს და იქ მიდიან, სადაც მომგებიანი იქნება მათი საქმიანობა. კომპანიის ამ არჩევანში ნებისმიერი ადმინისტრაციული ჩარევა მიჩნეული უნდა იქნეს მათი სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვად. ბუნებრივია, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა ინტერესების პოზიციებიდან გამომდინარე, კარგია, როცა გამანაწილებელი კომპანია ორიენტირებული იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებელზე, მაგრამ ბაზრის კანონები ამას არ ავალდებულებს და, ბუნებრივია, ვერც სადავო აქტების მოქმედებით გაჩნდება ასეთი ვალდებულება. ცხადია, კომპანიათა გამსხვილების ვითარებაში, შესაძლებელია დადგეს აღნიშნული შედეგი, მაგრამ ეს ვერ იქნება ყოვლისმომცველი, ვინაიდან თავად კომპანიები ირჩევენ თავიანთ მომხმარებლებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ნორმატიული ბარიერი რომელიმე კომპანიამ გადალახოს მხოლოდ კარგი გადამხდელის ხარჯზე, ანდა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ბარიერი გადალახვადი იყოს მხოლოდ მაღალმთიან სოფლებში დასახლებული მომხმარებლით. ამ ლოგიკით, ელექტროენერგიას მიიღებს მხოლოდ ე.წ. „იაფად ღირებული“ მომხმარებელი, ვინაიდან არავის არა აქვს უფლება, აიძულოს მეწარმე, განახორციელოს არამომგებიანი საქმიანობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მეწარმეებს უნდა შეექმნათ სამართლებრივი გარანტიები იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამოქმედო ტერიტორიის მიუხედავად, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია მათი საქმიანობის ეკონომიკური დანახარჯები და მომგებიანობა. ნებისმიერი ნორმატიული ჩარევა, რომელიც გაუცხოვდება და დაუპირისპირდება ბაზრის ბუნებრივ კანონებს, ხელოვნურად თავსმოხვეული და არაეფექტიანი იქნება.
18. ზემოთ მოტანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ასევე არაბუნებრივად გამოიყურება ტარიფის გაწონასწორების ის გზა, რაც, მოპასუხეთა აზრით, სადავო აქტების მოქმედებამ უნდა გამოიწვიოს. ჯერ ერთი, მისი ხელოვნურობა ჩანს იმაში, რომ იგი ვერ მკვიდრდება როგორც საყოველთაო წესი და, ყველა შემთხვევაში, შეუძლებელია ტარიფის შეწონვა, ყოველთვის იარსებებს არათანაბარ ბუნებრივ გარემოში მყოფი გამანაწილებელი კომპანიები. ბარიერის შემოღება საშუალებას იძლევა, გასაშუალოებული ტარიფი დადგინდეს მხოლოდ გამანაწილებელი ქსელის შიგნით და ისიც არასრულად. როგორც მოპასუხემ აღნიშნა, მოცემული კვოტა წარმოადგენს განაწილების საერთო ენერგეტიკული ბაზრის 1.45%. აღნიშნული ნიშნავს, რომ თეორიულად, შესაძლებელია ბაზარზე 68 გამანაწილებელი კომპანიის არსებობა და შესაბამისად 68 სხვადასხვა ტარიფის არსებობა. აქედან გამომდინარე, გაუგებარი ხდება მოპასუხის მტკიცება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ტარიფი იქნება ყველასათვის ერთი. ყველა მოქალაქისათვის ერთი ტარიფი არც დღესაა. საქმის განხილვის მომენტისათვის საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას ეწეოდა სამი გამანაწილებელი კომპანია, მათ განსხვავებული ტარიფი ჰქონდათ და მათი საქმიანობის არეალის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც მომავალში არ არის იმის ალბათობა, რომ ტარიფი გათანაბრდეს. ის ფაქტი, რომ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს შეუძლიათ, პირდაპირ მიაწოდონ მომხმარებელს ელექტროენერგია, აღნიშნული მოტივაციის უსაფუძვლობაზე მეტყველებს. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების საქმიანობა ნაწილობრივ დერეგულირებულია და ეს ელექტროენერგიის ტარიფის ფორმირებაშიც აისახება. ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი გარკვეული რეგიონის ფარგლებში სხვადასხვა ტარიფი მოქმედებდეს. ასეთ ვითარებაში შეწონილი ტარიფის იდეა ერთობ ხელოვნურად გამოიყურება.
19. ნებისმიერი სადავო აქტის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები კანონმდებლის დამოკიდებულება მსგავსი მოვლენების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მოვლენა გარკვეული ხარისხით მოითხოვს ეგზისტენციალურ მიდგომას, კანონმდებელმა უნდა შეძლოს მსგავსი და ერთგვაროვანი მოვლენების შეფასების საერთო მასშტაბის შემუშავება, რაც გამორიცხავს ორმაგი სტანდარტით მოქმედებას. სადავო აქტების შეფასების პროცესში გამოჩნდა, მოპასუხეთა მხრიდან, დუალისტური მიდგომები მსგავსი მოვლენების მიმართ. ერთი მხრივ, მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია გამანაწილებელი კომპანიების მიერ რეალიზებული ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდით, მეორე მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ენერგეტიკის სექტორში ითვალისწინებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების საპროექტო სიმძლავრის დასაშვები მოცულობის ზრდას. მათი თქმით, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი იყო 10 მეგავატი, დღეს არის 13 მეგავატი და იგი მომავალშიც გაიზრდება. პარალელურად მიმდინარეობს დერეგულირება პირდაპირ მომხმარებლებთან მიმართებაში. დღევანდელი მდგომარეობით პირდაპირ მომხმარებლად მიიჩნევა სუბიექტი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის მოიხმარს წელიწადში (აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით) 30 მილიონ კვტ. სთ. ელექტროენერგიას. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მომავალში პირადი მოხმარებისათვის სავალდებულო 30 მილიონი კვტ. სთ. შემცირდება 1 კვტ. სთ-მდე. სასამართლოს აზრით, მოპასუხის მიერ დასახელებული ღონისძიებები უცილობლად გამოიწვევს ელექტროენერგიის ბაზარზე უფრო მეტი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და პირდაპირი მომხმარებლების გაჩენას. ელექტროენერგიის ბაზრის აღნიშნულ სუბიექტებს აქვთ საშუალება, ელექტროენერგიის ტარიფი არეგულირონ ურთიერთშეთანხმებით, რაც უკვე გამორიცხავს ყველა მოქალაქისათვის ერთნაირი გასაშუალოებული ტარიფის არსებობის შესაძლებლობას.
20. ვერ მართლდება, ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, წვრილი გამანაწილებელი კომპანიების ბაზრიდან განდევნის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების დაბანდება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ნაკლებად დამაჯერებელია ამ მოტივაციით სადავო აქტების შემოღების გამართლება. საქმე იმაშია, რომ ინვესტირების ვალდებულებას წარმოშობს არა აღნიშნული აქტები, არამედ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის პირობები. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ კანონის 36-ე მუხლში საგანგებოდაა ხაზგასმული ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებაზე. კერძოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „ლიცენზიის“ მოქმედების ვადის განმავლობაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, „გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად“. აღნიშნული პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, იგი ვალდებულია, „შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიას და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა. აქედან ჩანს, რომ ინვესტირება ყველა გამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებაა და უნდა ვივარაუდოთ, რომ, თუკი კომპანია არ განახორციელებს მას, ვერ შეძლებს საქმიანობის აუცილებელ ინვესტირებას, შეიძლება დადგეს ლიცენზიის შეწყვეტის საკითხი. სასამართლო პროცესიდან და მხარეთა ახსნა განმარტებებიდან არ ჩანს, თუ როგორი იყო მცირე გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან საქმიანობის ინვესტირების მდგომარეობა. მოპასუხე მხარის არგუმენტები საერთოდ ენერგეტიკული სექტორის ინვესტირებას ეხება და არ ჩანს, რომ ამ პროცესში მცირე გამანაწილებელი კომპანიები იყვნენ ხელის შემშლელები. უფრო მეტიც, ამ კომპანიებს შეუსრულებიათ ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა მომხმარებელთა გამრიცხველიანობა, რაც საერთოდ ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ინვესტორებმა მეტი დაინტერესება გამოიჩინონ დიდი კომპანიების მიმართ, ეს ვერ ამართლებს მცირე კომპანიების არსებობის შეწყვეტას და სადავო ნორმების მოქმედებას. ინვესტირების ვალდებულება დამოუკიდებელი ვალდებულებაა და სადავო ნორმების შემოღებამდეც არსებობდა. ის, თუ ვინ რამდენ ინვესტირებას განახორციელებს, ეს მისი საქმიანობის მოთხოვნილებებით განისაზღვრება.
21. მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. სამართლებრივი წესრიგისადმი ის დამოკიდებულება, რაც სადავო ნორმებიდან იკითხება, უნდობლობით განაწყობს არა მარტო იმ მეწარმეებს, რომლებიც ელექტრობაზრიდან განიდევნენ, არამედ იმათაც, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ. ასეთ პირობებში არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ მათი საქმიანობა იქნება სტაბილური და არ გახდება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების სამიზნე. მართალია, არ არსებობს უცვლელი კანონმდებლობა, მაგრამ სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება ამ მიმართულებით სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებისაკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს, რომელიც არ იქნება გაუცხოებული სანდოობის პრინციპისაგან.
22. სადავო აქტების კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო ეცნობა სხვა ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილებასა და სასამართლო პრეცედენტებს. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება სადავო ნორმების ანალოგები სხვა ქვეყნებში. მოძიებული მასალებიდან ჩანს, რომ გამანაწილებელი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, მისი დაფუძნებისას, დგინდება ლიცენზირების მექანიზმით. მაგალითად, გერმანული სამართლით, ელექტროენერგიის განაწილების უფლების მოპოვება დამოკიდებულია განმცხადებლის პერსონალურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობასა და ნდობის ფაქტორზე. იმაზე, რომ იგი პასუხისმგებელი იქნება და ნამდვილად შეძლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. ლიცენზირების ასეთი მექანიზმით, ბაზარზე შემოდის ქმედუნარიანი სუბიექტი, რაც წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გარანტიას.
როგორც საქმის განხილვიდან გამოჩნდა, ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიას გააჩნია კანონმდებლობით მინიჭებული ეფექტური ბერკეტები, რომლის მეშვეობითაც მან უნდა აიძულოს ლიცენზიის მფლობელები, შეასრულონ ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებები. როდესაც ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უკვე არსებობდა აღნიშნული საკანონმდებლო რეგულირება, ამავე მოტივით რეალიზაციის სავალდებულო მოცულობის დადგენა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე ახალი შეზღუდვის შემოღება, მიზანშეუწონელია. მით უმეტეს, საქმის განხილვისას გაირკვა, რომ რეალიზაციის მოცემული კვოტა სულაც არ გამორიცხავს ელექტროენერგიის არასტაბილურად მიწოდების საფრთხეს.
23. სადავო აქტების კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით შეფასებისას მნიშვნელოვანია სამეწარმეო თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ურთიერთმიმართება. უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. ეტყობა, ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს ცალკე ნორმას მეწარმეობის თავისუფლების შესახებ და მას იქ მოიაზრებენ, სადაც საკუთრების უფლების გარანტიებზეა საუბარი. მართლაც, მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საკუთრებაში ვლინდება ადამიანი როგორც მეწარმე სუბიექტი. ქართულ სინამდვილეში სწორედ რომ ახალი საკუთრებითი წესრიგის ჩამოყალიბებამ გახადა შესაძლებელი, გზა გახსნოდა მეწარმეობის თავისუფლებას, შესაფერისი სამეწარმეო წესრიგის დამკვიდრებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.
24. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, სადავო აქტების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. პირველი პუნქტით საკუთრება აღიარებულია როგორც ძირითადი უფლება, მე-2 პუნქტით კი დადგენილია მისი შეზღუდვის ფარგლები. პირველი პუნქტის დებულება - „საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია „ერთდროულად არის კერძო საკუთრების ინსტიტუტის და ადამიანის ძირითადი უფლების გარანტია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება). მნიშვნელოვანია ის, რომ დასახელებული ნორმა „...გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1_370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება).
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, როგორც ნორმა პრინციპი, იმავდროულად, სუბსიდიური ტვირთის მატარებელია დანარჩენი პუნქტებისათვის.
რაც შეეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების შეზღუდვას, ეს მისი შინაარსის (შემადგენლობის) შეზღუდვაა. კანონმდებელი ვალდებულია, სწორად გაავლოს საკუთრების შეზღუდვის ზღვარი. შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, „საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის №1 /1 / 103 / 117 / 137 /147_48, 152_53 გადაწყვეტილება).
ის ფაქტი, რომ შეზღუდვის შედეგად ფორმალურად მესაკუთრეს რჩება საკუთრების შინაარსისათვის დამახასიათებელი ელემენტები, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრებაში ჩარევა გამართლებულია. უფლების შინაარსის შეზღუდვის ფარგლებზეა დამოკიდებული ამ უფლების არსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ შინაარსია არსის განმსაზღვრელი გარემოება. საკუთრების შინაარსის შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება.
25. კონსტიტუციის აღნიშნულ პუნქტებთან მიმართებით, სადავო აქტები უნდა შეფასდეს 30-ე მუხლთან ერთად და უნდა გაირკვეს ამ უკანასკნელის დარღვევას მოსდევს თუ არა შედეგად, იმავდროულად, საკუთრების უფლებაში გადამეტებული შეჭრა. ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლების ორგანული კავშირისა, შესაძლებელია, რომ 30-ე მუხლის დარღვევას ყოველთვის არ მოჰყვეს შედეგად 21-ე მუხლის დარღვევაც. ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე, საკუთრების ობიექტის ფუნქციურობაზე და სამეწარმეო საქმიანობის ხასიათზეა დამოკიდებული, 30-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში დაირღვევა თუ არა 21-ე მუხლიც. სავსებით შესაძლებელია, რომ სუბიექტმა, რომელსაც შეელახა სამეწარმეო თავისუფლება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შედეგად, წარმატებით გამოიყენოს თავისი ქონება სხვა მიზნით და სრულად განახორციელოს მესაკუთრის ყველა უფლებამოსილებანი. სხვა საქმეა, როცა ქონება თავისი ბუნებით ფუნქციურად მკაცრად განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. საკმარისია, ასეთი მიზნობრივი საქმიანობა აეკრძალოს სუბიექტს, რომ სახეზე იქნება საკუთრების უფლებაში არათანაზომიერი შეჭრა.
26. თუკი აღნიშნული პოზიციებიდან შევაფასებთ მოსარჩელეთა მოთხოვნებს, აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს არა მარტო 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევას, არამედ 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევასაც. მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებითაა განპირობებული ის, რომ ერთი უფლების დარღვევას შედეგად მოსდევს მეორის არათანაზომიერი შეზღუდვა. ამ შეფასების გაკეთებისას, გასათვალისწინებელია მოსარჩელეთა ქონების ფუნქციური, მიზნობრივი დანიშნულება. მათ ეს ქონება შეიძინეს კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად და იმთავითვე იცოდნენ, რომ მხოლოდ ამ მიზნით იყო შესაძლებელი მისი ეფექტური გამოყენება. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობიდან მათ ჩამოცილებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ისინი პირდაპირი დანიშნულებისამებრ ვეღარ იყენებენ აღნიშნულ ქონებას, მიუხედავად იმისა, რომ, ფორმალურად, მათ არც სარგებლობისა და არც განკარგვის უფლებამოსილებანი არ წართმევიათ (კერძოდ, შეუძლიათ ეს ქონება იჯარით გასცენ ან საერთოდ გაასხვისონ). ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ მათი საკუთრებითი უფლებამოსილებანი მომეტებულად არ შეზღუდულა. ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლებები შინაარს გამოცლილი გახდება. საკუთრების შინაარსი მაშინაა გარანტირებული, როცა მესაკუთრეს შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება საკუთრების ობიექტის ფუნქციით დეტერმინირებული ნების მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს მისცეს თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების ობიექტებთან თავად მესაკუთრის პირად ურთიერთობას. სწორედ ეს წარმოადგენს საკუთრების, როგორც სანივთო უფლების პოზიტიური შინაარსის გამოვლინებას.
27. ბაზრიდან გამოდევნამ მოსარჩელეებს წაართვა უფლება, თვითონ გამოეყენებინათ ქონება ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის. მათ გადაეკეტათ საკუთარ ქონებასთან ამ კუთხით მისასვლელი გზა, რითაც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საკუთრების შინაარსის ისეთი ელემენტი, როგორიცაა სარგებლობა. ვერ ამართლებს აღნიშნულ შეზღუდვას ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ, იჯარით გასცენ საკუთარი ქონება და ამ გზით გამოიყენონ იგი. ამ შესაძლებლობას მესაკუთრე არასდროს არ არის მოკლებული. განაწილების საქმიანობისაგან მოსარჩელეთა ჩამოშორებით, სარგებლობის შინაარსი იმდენად ვიწროვდება, რომ ეს იწვევს მესაკუთრის მისგან გაუცხოებას. კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას მაშინ აქვს გამართლება, როცა ლეგიტიმური მიზანი ისე მიიღწევა, რომ არ მოხდება შეზღუდვას დაქვემდებარებული სიკეთისა და მისი მატარებელი სუბიექტის ერთმანეთისაგან გაუცხოება. შეზღუდვა გულისხმობს ინტერესთა სამართლიან დაბალანსებას და არა ისეთ შემთხვევას, როცა ერთი ინტერესის ადგილს მეორე იკავებს. ჩვენს შემთხვევაში, საკუთრების შეზღუდვას კიდევ უფრო გაუმართლებელს ხდის ის ფაქტი, რომ იჯარის დროსაც არ არსებობს უფლების დაცვის მყარი გარანტიები, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, საიჯარო ურთიერთობაში შევიდეს მოსარჩელეებთან. გამანაწილებელ კომპანიებს სრული უფლება აქვთ, თვითონ ააგონ ელექტროენერგიის განაწილების ქსელები და ამით აბსოლუტურად უფუნქციოდ აქციონ მოსარჩელეთა ქონება. ასეთი შედეგი შეიძლება დამდგარიყო სადავო ნორმების არარსებობის დროსაც, მაგრამ ეს იქნებოდა ბაზრის ბუნებრივი დინების შედეგი და არა მასში ხელოვნური ჩარევის შედეგი. მართალია, ნებისმიერ შემთხვევაში, არასასურველი შედეგები მტკივნეულია მეწარმისათვის, მაგრამ ამას არა აქვს გამართლება, როცა უფლებაში ჩარევა ხდება ისეთი გზით, რომელიც გაუმართლებელია და ვერ აკმაყოფილებს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს.
28. მოსარჩელეებს თავიანთი ქონების გასხვისების შესაძლებლობანი ახლაც იმავე ხარისხით აქვთ შენარჩუნებული, როგორიც მათ გააჩნდათ, როცა განაწილების საქმიანობას ეწეოდნენ. აქედან ვერ გაკეთდება ის დასკვნა, რომ საკუთრების უფლება არ შეზღუდულა ან შეზღუდვა გამართლებულია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ, როცა საკუთრების შინაარსის შეზღუდვაზეა საუბარი, ეს არ ნიშნავს მესაკუთრის ყველა უფლებამოსილების ერთდროულად შეზღუდვას. შეზღუდვის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საკუთრების სუბსტანციის განმსაზღვრელია.
საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას. იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრის ნების გამოვლენა გარეგანი ნორმატიული იძულების საფუძველზე ხდება, შეუძლებელია საუბარი მის თავისუფლებაზე.
29. აღნიშნულიდან ჩანს, რომ სადავო აქტები ვერ ჩაითვლება მოპასუხეთა მიერ დასახელებული მიზნის მიღწევის გონივრულ საშუალებად. ამ გზის უვარგისობა მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ იგი იწვევს წვრილი კომპანიების ბაზრიდან განდევნას და მათი სამეწარმეო თავისუფლებისა და საკუთრების უსაფუძვლო შეზღუდვას, არამედ იმაშიც, რომ მისი გამოყენებით, რიგ შემთხვევებში, საერთოდ შეუძლებელია კანონმდებლის მიერ დასახული მიზნების მიღწევა. ეს ფაქტი იწვევს კანონმდებლის არა მარტო საშუალებისადმი გაუცხოებას, არამედ მიზნისგან გაუცხოებასაც. ვინაიდან, ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნის და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული.
30. ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმაზეც, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებული საშუალება არ არის გამოწვეული აუცილებლობით. მოპასუხეთა მსჯელობიდან არ გამოჩნდა, რომ უფლების შეზღუდვის ეს გზა ერთადერთი და გარდაუვალი გზაა, რომლითაც ყველაზე ნაკლებად შეიზღუდებოდა მოსარჩელეთა უფლებები. საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა.
III
ხელმძღვანელობს რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №411 (შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“ და გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ).
2. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4. შეწყდეს საქმე მოსარჩელე შპს „ენერგიის“ მიმართ.
5. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და უზენაეს სასამართლოს.
8. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე