მოსარჩელე ნელი ნებიერიძე, ზურაბ ინაშვილი და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/13/307 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზივშილი – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშივლი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელე ნელი ნებიერიძე, ზურაბ ინაშვილი და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინაამღდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მე-16, მე-17 და 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირევლ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 43-ე მუხლთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხივლის მონაწილენი: მოსარჩელე ზურაბ ინაშვილი და მისი წარმომადგენელი თამარ გოგრიჭიანი.
2004 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №307) მომართა მოქალაქე ნელი ნებრიძემ, ზურაბ ინაშვილმა და მოქალაქეთა ჯგუფმა. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა 2004 წლის 27 ოქტომბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტი, 39-ე მუხლის პირევლი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს კანონის “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის” 105-ე მუხლის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველი პუნქტთან, მე-16, მე-17 და 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 43-ე მუხლთან და 44-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელეებს არაკონსტიტუცირად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ სადავო ნორმები საერთო სასამართლოებში მოსამართლეებს ანიჭებთ პირადი შინაგანი რწმენის საფუძველზე, მტკიცებულებების შეფასების დასუბიექტური მოსაზრებით გადაწყვეტილებების უფლებას.
აღნიშნულმა სამართლებრივმა დათქმამ, მოსარჩელეების აზრით, მათ ერთ ნაწილს უკვე დაურღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებები, ხოლო მეორე ნაწილისათვის შესაძლოა ანალოგიური უფლებების დარღვევის საფუძველი გახდეს.
სარჩელის ავტორთა განცხადებით, სადავო ნორმებით მოსამართლეებისათვის მისი პირადი შინაგანი რწმენით და სუბიექტური მოსაზრებებით კანონის გამოყენების უფლებამოსილება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა პირებთან და ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
მოსარჩელეთა თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოაქვს საქართველოს სახელით (საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი), რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას ნორმატიული აქტების საფუძველზე და არა მოსამართლის შესაძლებლობას, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას იმოქმედოს არა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპით, არამედ შინაგანი რწმენით და მოსაზრებით, რაც მოსამართლის პოლიტიზირებას იწვევს და აკანონებს მის მიკერძოებას.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო 105-ე მუხლის არაკონსტიტუციურობას ადასტურებს ასევე “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი. კერძოდ, აღნიშნული კანონით, ნორმატიული აქტების საჯაროობის და საქართველოს მოქალაქეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტის გაცნობისათვის, დადგენილია მათი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების აუცილებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო მუხლი კი უფლებას აძლევს მოსამართლეს, ისე დავემორჩილოთ მის შინაგან რწმენას და უფლებას აძლევს მოსამართლეს, ისე დავემორჩილოთ მის შინაგან რწმენას და სუბიექტურ მოსაზრებას, რომ არც კი გვქონდეს საშუალება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გავეცნოთ მათ.
სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებები იწვევენ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შელახვას, რადგან საერთო სასამართლოები მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდნენ კანონის უზენაესობის საფუძველზე და არა სადავო ნორმებით დაკანონებული სუბიექტური მოსაზრებებითა და გაუგებარი შინაგანი რწმენით კანონების განმარტებისა და გადაწყვეტილებების უფლებით.
აღნიშნული სუბიექტური შეხედულების ინდივიდუალური ხასიათის გამო, შეუძლებელი ხდება სათანადო დაცვა, რაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლებასაც.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები მოსამართლეებს აძლევენ მანიპულაციის საშუალებას. სარჩელს თან ერთვის საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომლებიც მოსარჩელეთა აზრით ადასტურებენ მოსამართლეების მიერ საქმისადმი მიკერძოების ფაქტებს.
ასევე მოსარჩელეები ითხოვენ, რომ სასამართლო კოლეგიამ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე ექსპერტად იქნეს მოწვეული დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი და საქართველოს სახალხო დამცველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირვლ პუნქტთან, მე-16 მუხლთან, მე-17 და 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 43-ე მუხლთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმის გამწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მხარის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტებები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო აქტის კონსტიტუციურობის დადგენა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით უსაფუძვლოა. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ შეეძლო დაერღვია სადავო მუხლს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
2. რაც შეეხება სადავო აქტების საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუვალ უფლებად აღიარებულ სიცოცხლის უფლების შეზღუდვის საკითხს (საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი), საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტი და საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე განსხვავებულ საკითხებს აწესრიგებს. დავის საგანსა და სასარჩელო მოთხოვნას შორის არავითარი მიმართება არ არსებობს.
3. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტებები საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ შეძლო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობის დასაბუთება. მან ვერ დაასაბუთა, თუ როგორ დაარღვია სადავო აქტმა, ან შესაძლებელია მომავალში დაარღვიოს, მოსარჩელეების უფლებები საქართველოს კონსტიტუციის 16-ე მუხლთან მიმართებით.
4. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მოსამართლის უფლებამოსილება შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული მათი პატივისა და ღირსების ხელყოფის საფუძველი გახდეს. მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხანგრძლივი პროცესები საერთო სასამართლოებში იწვევს მის წამებას, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს კონსტიტუციური სარჩელის მიღების საფუძვლიანობის დამადასტურებელ გარემოებად.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ დაარღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებასაც.
მოსარჩელეების არგუმენტები ძირითადად ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ მოსამართლეები სადავო ნორმებს იყენებენ ბოროტად და გადაწყვეტილებებს იღებენ სუბიექტური შეხედულებით. სარჩელში მტკიცებულებად მოყვანილია საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები და კონკრეტული სამოქალაქო საქმეების მასალები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი განსჯადი არ არის საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმება და მით უმეტეს, მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე მჯსელობა. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ასევე მათ მიერ განმწესრიგებელ სხდომაზე მოყვანილი არგუმენტები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია.
6. სარჩელის ავტორთა განცხადებით, სადავო მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, აღრვევს, როგორც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი), ასევე ეფექტური დაცვის გარანტიასაც, რადგან სავსებით შესაძლებელია, აღნიშნული უფლება მოსამართლის მხრიდან გამოყენებულ იქნეს ბოროტად და სუბიექტური შეხედულებით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს.
მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ნორმები შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული და არ გამორიცხავს მოსამართლის მიკერძოებას, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, არ შეიძლება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი გახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს №2/6/205,232 გადაწყვეტილება.
რაც, შეეხება საქართველოს კონსტიტუციიის 42-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებთან სადავო მუხლის მიმართების საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი განსხვავებულ საკითხებს ეხება.
7. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო აქტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლიც, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისა და საქმიანობის ძირითად საკითხებს. რაც იმაში გამოიხატა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა, სადავო ნორმის საფუძველზე ვერ განახორციელა მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებები და ვერ უზრუნველყო მისი უფლებების დაცვა.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რადგან “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, მხოლოდ მაშინ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუცირი სარჩელის შეტანის უფლება, როდესაც დარღვეულია ან უშუალოდ შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ეს ნორმა გამორიცხავს პირის უფლებას, იდავოს სხვა პირის (კონკრეტულ შემთხვევაში სახალხო დამცველის) უფლების დარღვევის თაობაზე.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.
ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშავს, რომ კანონებს შორის შეუსაბამობის თაობაზე დავების განხილვის უფლებამოსილება მას კანონით არ გააჩნია.
9. მოსარჩლე ზ. ინაშვილი მოითხოვს სადავო მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია, ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელის არგუმენტები ძირითადად დაფუძნებულია მოსამართლის მიერ კანონის არასწორად გამოყენებაზე მითითებით, რაც სცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელის არგუმენტები ძირითადად დაფუძნებულია მოსამართლის მიერ კანონის არასწორად გამოყენებაზე მითითებით, რაც სცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს.
10. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას, სასამართლოს კოლეგიამ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე “საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობა თავისთავად გამორიცხავს კანონის მოქმედების შეჩერებას.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ხოლო საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის თანახმად: “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაარსობრივად კონსტიტუციური სარჩელი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ შეიძლება მიღებელ იქნას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე, 31-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 307-ე ნომრით რეგისტრირებული მოსარჩელე ნელი ნებიერიძის, ზურაბ ინაშვილის და სხვათა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-16 მუხლთან, მე-17 და 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 43-ე მუხლთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნ. ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ო. ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ლ. ჩორგოლაშვილი
ზ. ჯინჯოლავა