საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/521 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 13 ივნისი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 28.04.2006 wlis #2962 საქართველოს კანონის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N521) მიმართა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილმა. N521 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2011 წლის 28 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 13 ივნისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 28.04.2006 wlis #2962 კანონის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. სადავო ნორმის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა იმ პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სრგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2009 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელე გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოსთხოვა შემოწმება ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად. მოსარჩელემ უარი განაცხადა გაევლო აღნიშნული შემოწმება, რის გამოც მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და მას 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თავად გაიარა შემოწმება ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად და აღნიშნული დასკვნა წარადგინა საპატრულო სამსახურში. ამასთანავე, მან სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდგომ მიმართა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციას.
6. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა თავისი შინაარსით დისკრიმინაციულია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს ფულად ჯარიმას აკისრებს იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთმევა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმის ფორმულირება სამართალშემფარდებელს საშუალებას აძლევს, მასზე დაყრდნობით, პირს შეუფარდოს სანქცია აზრის (პროტესტის) გამოხატვისთვის, რაც ასევე ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი გულისხმობს პირის უფლებას, საკუთარი ქონების (ავტომობილის) სარგებლობით მიიღოს დამატებითი შემოსავალი. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის ანტიკვარული ავტომობილების კოლექციონერი და ავტომობილი წარმოადგენს მისი შემოსავლის დამატებით წყაროს. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას ერთმევა საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება, რის გამოც სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია აშკარად არაგონივრულია. ალკოჰოლური ზემოქმედების შემოწმებისთვის თავის არიდება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევას, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას მხოლოდ ფულადი დაჯარიმება მოსდევს.
8.მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არასწორად განიმარტება როგორც სამართალშემფარდებლის, ასევე საერთო სასამართლოების მიერ. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლო წესით გასაჩივრებით არ ხდება მისი შეჩერება და პირი მოკლებულია შესაძლებლობას სამართალწარმოების დასრულებამდე ისარგებლოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აზრი ეკარგება სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და ამასთანავე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვინაიდან სასამართლოში საქმის დასრულებამდე ივარაუდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და მის მიმართ არ უნდა მოქმედებდეს სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლს და 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლო წესით გასაჩივრების შემდეგ, მას აღარ გაუგრძელეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის გამოყენებით, პოლიცია თვითნებურად აღასრულებს სადავო ნორმით გათვალისწინებულ სანქციას, რითაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება“ განმარტებული არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამასთან, შემოწმების წესი განსაზღვრულია შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მოსარჩელის აზრით, პირს ევალება კანონის და არა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ კოდექსშივე უნდა იყოს გაწერილი ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად საჭირო პროცედურები, რათა პირმა იცოდეს, რომ აღნიშნული პროცედურებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციის ამოქმედებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია არ არის განჭვრეტადი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, ის აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები.
2. განსახილველი დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოსარჩელის მიერ სადავოდ მითითებული ნორმა წარმოადგენს თუ არა მოქმედ ნორმატიულ აქტს და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მიეკუთვნება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის N2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის N1/17/345 და 2008 წლის 4 აპრილის N1/1/426, 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება).
4. N521 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 28.04.2006 wlis #2962 საქართველოს კანონის რედაქციით მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას. აღსანიშნავია, რომ ეს არის 2010 წლის 2 ივლისამდე არსებული რედაქცია. აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მსჯელობის, ასევე კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული სადავო ნორმატიული აქტის ტექსტის შესწავლის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2010 წლის 2 ივლისის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ N3280 საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სადავო 117–ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის დარეგისტრირების მომენტისათვის (2011 წლის 23 დეკემბერი) სადავო ნორმა (სარჩელში მითითებული რედაქციით) უკვე აღარ მოქმედებდა.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალმა ნორმამ განსხვავებული სამართლებრივი მოწესრიგება დაადგინა, რაც მოსარჩელის მხრიდან ახალი შეფასების საჭიროებას ქმნის.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან N521 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ მითითებულია ძალადაკარგული ნორმა, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, სახეზეა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
6. ამასთანავე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის შემოტანის საფუძვლები შეიცავს გარკვეულ უზუსტობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ნაცვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კონსტიტუციური სარჩელის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე დავობს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომელზედაც მოსარჩელე მიუთითებს, შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს, რაც შემხებლობაში არ არის მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი #521 (საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
3. ქეთევან ერემაძე
4. მაია კოპალეიშვილი