საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/458 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ივნისი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. ვახტანგ გვარამია – წევრი;
4. ბესარიონ ზოიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტისა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ №366 ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე დავით სართანიას და ალექსანდრე მაჭარაშვილის წარმომადგენლები ნათია კაციტაძე და ალექსი შოშიკელაშვილი.
I
1. მოქალაქეების - დავით სართანიასა და ალექსანდრე მაჭარაშვილის (რეგისტრაციის №458) კონსტიტუციური სარჩელებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს 2008 წლის 24 ივლისს. აღნიშნული სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2008 წლის 31 ივლისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 და მე-16 მუხლების პირველი პუნქტები.
3. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან მსჯავრდებულები და იხდიან სასჯელს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოსარჩელე დ. სართანია სასჯელს იხდის რუსთავის №2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას შესაძლებლობა აქვს შეხვდეს მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს ორ თვეში ერთხელ, ერთი საათით, მხოლოდ შუშის გამყოფი ბარიერის მიღმა ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ №366 ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტით. ხოლო მოსარჩელე ა. მაჭარაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პირველად ჩადენისათვის და სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დედასთან და არასრულწლოვან შვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მას ეძლევა თვეში ერთხელ.
4. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული შეზღუდვები პაემნის რაოდენობასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგბა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და 39-ე მუხლებს, ასევე 1950 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუვალია, ხოლო 39-ე მუხლის მიხედვით საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ,,ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას; დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად”.
5. ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-4 მუნქტი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ №366 ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პონქტის მიხედვით ,,მსჯავრდებულს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პირველად ჩადენისთვის, უფლება აქვს ყოველთვიურად ჰქონდეს არა უმეტეს ერთი პაემნისა”. იმ პირს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა დანაშაულის რეციდივის დროს, თუ იგი წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, უფლება აქვს პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს ორ თვეში ერთხელ”.
6. პატიმრებისათვის პაემნის შეზღუდვა თვეში ერთი და ორ თვეში ერთი პაემნის უფლებამდე, მოსარჩელეების აზრით, წარმოადგენს მათ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას და არ შეიძლება გამართლებული და პროპორციული იყოს იმ მიზნებისა რის მიღწევასაც ცდილობს სახელმწიფო მსგავსი შეზღუდვების დაწესებით.
7. სასარჩელო განცხადების თანახმად მოსარჩელეები არ აყენებენ ეჭვქვეშ პატიმრისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას, თუმცა მიაჩნიათ, რომ შეზღუდვების დაწესებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ხასიათი და მისი სიმძიმე და ყველა კონკრეტული გარემოება. მათი აზრით, ამ უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ იყოს უნდა იმაზე მკაცრი, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების, სხვათა უფლებების დაცვისა თუ დანაშაულის შემდგომი აღკვეთის მიზნებისათვის.
8. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელში მტკიცებულებებად მოყვანილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებიან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების განმარტებებს.
9. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლი სრულად მოიცავს პირადი ცხოვრების უფლებას, და მათ შორის, თავისუფლებაშეზღუდული პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასაც. აღნიშნული მუხლის თანახმად: “ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.” ამ ჩამონათვალს მოყვება შეზღუდვების დებულება, რომლის თანახმადაც “აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.”
10. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირ მოსმენით გაიმართა 2008 წლის 4 ნოემბერს.
II
1. უნდა აღინიშნოს, რომ განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ, 2008 წლის 26 დეკემბრის “”პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შეიცვალა “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“
2. აღნიშნული ნორმის ახალი რედაქციის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მათ შორის რეციდიული დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც, უფლება აქვთ ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, დამატებითი პაემნის გარდა. შესაბამისად, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი აღარ ადგენს განსხვავებულ წესს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან რეციდიული დანაშაულისთვის. მაგრამ ამავე დროს, უცვლელი დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც დანაშაულის რეციდივის შემთხვევში პაემანს მხოლოდ ორი თვეში ერთხელ ითვალისწინებს. შესაბამისად, ორივე მოსარჩელის მიმართ მოქმედებას განაგრძობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტის ახალ რედაქციას მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის მოქმედების ფარგლების გასარკვევად აუცილებელია, როგორც პირადი ცხოვრების უფლების, ასევე კონსტიტუციური ნორმის სტრუქტურული ანალიზი. სასამართლომ უნდა დაადგინოს შეიძლება თუ არა, რომ ეს ნორმა იცავდეს პირადი ცხოვრების ისეთ ინტერესს, როგორიცაა ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა
4. პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელს ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის ინდივიდის ავტონომიურობის, დამოუკიდებელი განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობა.
5. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართომ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების უფლება „... არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას. პირადი ცხოვრების თავისუფლების ფარგლებში იგულისხმება, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ინდივიდის ფიზიკური და სოციალური იდენტობა, სახელის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობა, ასევე პირის უფლება დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან და სხვ“.
6. უდაvოა რომ პირის, და მათ შორის პატიმრის, პირადი ცხოვრება მოიცავს კავშირსა და ურთიერთობებს ოჯახის წეvრებთან და მის „ახლო წრესთან“. ოჯახური ცხოვრება მოიცავს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან.
7. ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის თავისუფლებას, მისი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას. პიროვნებისთვის თავისუფლების აღკვეთით იზღუდება არა მხოლოდ პიროვნების გადაადგილების თავისუფლება, არამედ ასევე მისი თავისუფალი ნება აწარმოოს და განავითაროს ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. აშკარაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ავტომატურად ზღუდავს პატიმრობაში მყოფი ადამიანის კავშირს გარე სამყაროსთან. შეუძლებელია საპატიმროში პირადი ცხოვრების უფლების შეუზღუდავად განხორციელება.
8. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირის კანონიერი პატიმრობა, გარდა ოჯახური ცხოვრების უფლებისა, პირადი ცხოვრების სხვა ასპექტების და კონსტიტუციით დაცული ზოგიერთი სხვა უფლების შეზღუდვასაც იწვევს. საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით გათვალისწინებული პირადი მიმოწერის და ჩანაწერების ხელშეუხლებლობის უფლება ვერ იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი, ვინაიდან შეზღუდულია თავად შეტყობინების მიიღების და გავრცელების შესაძლებლობა. შეზღუდულია პატიმრობაში მყოფი პირის უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, გაავრცელოს ინფორმაცია, განახორციელოს შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან ერთად, ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც ჩვეულებრივად ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი იქნებოდა, საპატიმრო ცხოვრების თანმდევი შედეგია. საპატიმრო წესებს და რეგულაციებს ექვემდებარება პირის ინტიმური ცხოვრება, პირადი ნივთებით, მათ შორის, პირადი ჰიგიენის ნივთებით სარგებლობაც კი.
9. მიუხედავად ამისა, თავისუფლების აღკვეთა თავისთავად არ იწვევს პირადი ცხოვრების უფლების აბსოლუტურ შეზღუდვას, პირის კანონიერი დაპატიმრება ვერ გამოდგება პატიმრის პირადი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში შეუზღუდვად ჩარევის საფუძველად. პატიმრობაში მყოფი ადამიანი ინარჩუნებს უფლებას პირად ცხოვრებაზე, თუმცა მისი ოჯახური ან სოციალური ურთიერთობები, ისევე როგორც პირადი ცხოვრების სხვა ასპექტები, კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ექვემდებარება. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-10 მუხლთან (დაკავებულ პირთა უფლებები) დაკავშირებულ ზოგად კომენტარში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიუთითებდა, რომ “თავისუფლებაშეზღუდული პირები სარგებლობენ ყველა უფლებით, რაც გათვალისწინებულია პაქტში, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით რაც გარდაუვალია ჩაკეტილ გარემოში” (General Comment 21/44, par.3)
10. პატიმრობაში მყოფი პირი განაგრძობს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, გარდა იმ უფლებებისა, რომელთა აბსოლუტურ შეზღუდვას თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლი), თუმცა განსხვავებულია ამ უფლებებით სარგებლობის ხარისხი. ასე მაგალითად, პატიმარი უზრუნველყოფილია უფლებით შექმნას ოჯახი, მაგრამ შეზღუდულია შესაძლებლობაში შეხვდეს ოჯახის წევრებს. ვინაიდან პირადი ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური, შეზღუდვა გამართლებული იქნება თუ ის პროპორცულობის ტესტს დააკმაყოფილებს.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მიუთითებს, “პატიმრები ზოგადად აგრძელებენ კონვენციით გარანტირებული ყველა ფუნდამენტური უფლებით სარგებლობას გარდა თავისუფლებისა, სადაც კანონიერი დაკავება ხდება კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითად, პატიმრები...აგრძელებენ საოჯახო ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობას... რაიმე შეზღუდვა ამ უფლებების უნდა იქნეს დასაბუთებული, თუმცა გამართლების პოვნა ნამდვილად შესაძლებელია უსაფრთხოების, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის მიზნებიდან გამომდინარე, რაც გარდაუვლად უკავშირდება პატიმრობის გარემოებებს.”
12. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებში გვხდება ჩამონათვალი ურთიერთობების, მოვლენების ან ქმედებების, რომლებიც პირად ცხოვრებას უკავშირდება. განსხვავებულია აღნიშნული მუხლებით დაცულ უფლებაში ჩარევის საფუძვლები და პირობები. საქმეზე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრების შემადგენელი ცალკეული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა : 41 ; 16 ; 17.... – მორალური ხელშეუხებლობა; სიტყვისა და აზრის თავისუფლება (მუხ.24;), ოჯახის შექმნის უფლება და სხვა.”
13. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „...მე-20 მუხლის პირველ პუნქტში პირადი ცხოვრების მთელ რიგ უფლებრივ კომპონენტებთან ერთად თავშივე მოხსენიებულია ზოგადად «პირადი ცხოვრება», რაც თითქოს იმის ვარაუდს ქმნის, რომ ეს ცნება გულისხმობს პირადი ცხოვრების მთელ სფეროს ამომწურავად, შესაბამისად, მე-20 მუხლი მოიცავს პირადი ცხოვრების ყველა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის იმათაც, რომელთა დასაცავადაც კონსტიტუციაში არის სხვა სპეციალური ნორმები.
ბუნებრივია, იმის უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომ პირადი ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტის ხელყოფისას ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ზოგადად, თუმცა, ეს გარემოება არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ნებისმიერი ასეთი უფლებრივი კომპონენტის დარღვევით, აუცილებლად ირღვევა მე-20 მუხლი. ამ დროს გასათვალისწინებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების კონსტიტუციაში მოცემული კონსტრუქცია. ამის გათვალისწინების გარეშე მაღალია პირადი ცხოვრების ცალკეული უფლებრივი კომპონენტის შინაარსის, მათში დასაშვები ჩარევის ფარგლების არასწორი განმარტების საფრთხე“. („საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქმეზე სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, “პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთერთი უმთავრესი ასპექტია. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,..” (2008 wlis 30 oqtomberi, #2/3/406.408) .
15. ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირადი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმაში ხედავს.
16. უნდა აღინიშნოს, რომ პირადი ცხოვრების “... უფლების ჩამოყალიბების პერიოდში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად ასოცირდებოდა ინდივიდის იზოლირებულ სფეროსთან, რაც გამოხატულებას პოვებდა გარკვეულ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში: სახლის, ოჯახის და შეტყობინებების საიდუმლოების დაცვაში” (Manfred Nowak, U.N. Covenant on Civil and Political Rights, CCPR Commentary, 2nd revised edition, 2005, at 377) ამგვარი სტრუქტურების რიცხვი თანდათან გაიზარდა (ტელეკომუნიკაციები, პერსონალური მონაცემების დაცვა, ა.შ). ამ ინსტიტუციების დაცვას ისეთი მნიშნველობა ენიჭებოდა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის იდეა, რომელიც მის საფუძველს წარმოადგენდა ხშირად უკანა პლანზე გადადიოდა.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიზანი უკავშირდება მასში ჩამოთვლილი სიკეთის ხელშეუხებლობის დაცვას. რაც შეეხება ზოგადად “პირადი ცხოვრების’ ხსენებას, იგი ემსახურება იმ ინტერესის ხაზგასმას, რის გამოც პირადი მიმოწერის, სახლის ან სამუშაო ადგილის ხელშეუხებლობა არის დაცული. თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების კვალდაკვალ შეიქმნება ახალი ინსტიტუტები, რაც პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მატარებელი იქნება, ეს ზოგადი ფრაზა ჩამონათვალას გახსნის და იმ მოვლენების დაცვის საშუალებას მისცემს სასამართლოს, რაც ნორმაში პირდაპირ ჩამოთვლილი არ არის. ასე მაგალითად, მიუხედავად თითქოსდა დეტალური ჩამონათვალისა მე–20 მუხლი არ მოიცავს თავად ადამიანის ჩხრეკას, თუმცა უდაvოა რომ სწორედ მე–20 მუხლი იცავს პიროვნების ხელშეუხებლობას, მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით არის შესაძლებელი პიროვნების, მისი სხეულის, ტანსაცმლის ან/და პირადი ნივთების შემოწმებას.
18. პირადი და ოჯახური ცხოვრების ქვეშ შეიძლება მოვიაზროთ პირის კერძო ცხოვრების სფეროში დამყარებული და განვითარებული ისეთი ურთიერთობები, რომლებიც უფრო მეტი ინტიმურობით ხასიათდება, რის გამოც განსაკუთრებულ დაცვას იმსახურებს. სწორედ ამიტომ პირადი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტებში ჩარევა გაუმართლებელი იქნება, თუნდაც საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
19. საქართვერლოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა ან სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს საფუძვლად სახლის ან სამუშაო ადგილის, პირადი მიმოწერის, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის. მაგრამ გაუგებარი იქნება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ან თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეიზღუდოს პირის უფლება შექმნას ოჯახი. წარმოუდგენელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლი არეგულირებდეს პირადი ცხოვრების ისეთ ასპექტს როგორიცაა აბორტი, ჰომოსექსუალური ქორწინება, მშობლის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ აღზარდოს შვილი და განსაზღვროს მის განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
20. ბუნებრივია რომ პირადი ცხოვრების ზემოთმოყვანილი ასპექტები შეიძლება დაექვემდებაროს საკანონმდებლო რეგულაციებს. ასეთ უფლების შეზღუდვა შეიძლება მოხდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (მაგალითად, მშობლის უფლების ჩამორთმევა). ზოგიერთ შემთხვევაში, ჩარევის მიზნები და პირობები შეიძლება იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის მსგავსი, მაგრამ არა მათი იდენტური. ასე მაგალითად, მშობლის უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის უფლების დაცვის მიზნით, გაუმართლებელი იქნება მშობლის უფლებაში ჩარევა, რომელიმე სხვა ინტერესის მისაღწევად.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს, და მათ შორის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საკითხს. ოჯახურ ურთიერთობებს, ისვე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნვესაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი საგანგებოდ ითავლისწინებს თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო 36–ე მუხლი განამტკიცებს სახლემწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. აღნიშნული მუხლების შინაარსისა და ფარგლების დადგენა საკონსტიტუციო სამართლო პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ მოხდება.
22. რაც შეეხება სადავო ნომრის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან, უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადმიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევeბში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლების შენაარსი არის უფრო ფართო, ვიდრე ამას კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ითავლისწინებს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელები უკავშირდება ისეთ უფლებრივ ასპექტს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, და რადგანაც მოსარჩელეთა მიერ უფლების დამცველი კონსტიტუციური ნორმა არასწორედ არის მითითებული, სადავო ნორმის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით მიზენშეუწონელია.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად №458-ე კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ)
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ბესარიონ ზოიძე
ქეთევან ერემაძე
ვახტანგ გვარამია