შპს „ლილი და კომპანია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/404 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 15 ნოემბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: შპს „ლილი და კომპანია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 88-ე მუხლები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე შპს „ლილი და კომპანია“-ს გენერალური დირექტორი მ. კიკვაძე
I.
1. შპს „ლილი და კომპანია“-ს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 14 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის სარეგისტრაციო ნომერია 404. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადასცა 2006 წლის 20 ოქტომბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-10 მუხლებს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 88-ე მუხლებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით დარღვეულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ასევე კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რამდენადაც იწვევს თავისუფალი მეწარმეობის განადგურებას. სარჩელიდან და თანდართული საბუთებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის ქონებას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაედო ყადაღა, რამაც მოახდინა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის პარალიზება და მოსარჩელეს შეუქმნა პრობლემები სასამართლოსადმი მიმართვისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის თვალსაზრისით. იგივე მიზეზით მოსარჩელე ვერ ერთვება სასამართლო პროცესში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, თუმცა მოსარჩელე ჩაერთო სასამართლო პროცეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მოსარჩელე თვლის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარის ქონებას ან/და საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, სასამართლომ სავალდებულო წესით უნდა მოახდინოს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება. მოსარჩელის მოსაზრებით, იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობამ, როდესაც მის ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე დადებულია ყადაღა, არ უნდა დააბრკოლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საქმის განხილვა და გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის პარალელურად ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სთხოვოს საქართველოს პარლამენტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 88-ე მუხლებისათვის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისათვის ახალი ნაწილების დამატება და სთავაზობს სასამართლოს შესაბამისი ნორმების რედაქციას.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 1 ნოემბერს. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები და ძალაში დატოვა სარჩელში დასმული მოთხოვნა. მოსარჩელის ვარაუდით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას ექნება ის ეფექტი, რომ პარლამენტი გადახედავს სადავო მუხლებს და შეიტანს მათში დამატებებს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებიდან და მოსამართლეთა კითხვებზე გაცემული პასუხებიდან დაზუსტდა ის საკითხი, იყო თუ არა სადავო ნორმები გამოყენებული მოსარჩელის მიმართ და რამდენად შეეძლოთ მათ პოტენციურად დაერღვიათ მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები. ასევე დაზუსტდა კონსტიტუციური სარჩელის მიღებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით წარმოადგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2006 წლის 25 სექტემბრის წერილი, რომლითაც ხდება შეტყობინება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ჩაბმულია საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
II.
1. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს არა მხოლოდ ის, თუ რას მოითხოვს მოსარჩელე, არამედ საფუძვლიანი არგუმენტაციაც, თუ რატომ აყენებს და რით ასაბუთებს მოსარჩელე ამ მოთხოვნას. კონკრეტული ფაქტების მოყვანას კონსტიტუციურ სარჩელში შეიძლება ჰქონდეს არგუმენტის გამამყარებელი ხასიათი და ის თავისთავად, ცალკე აღებული არ გამოდგება საფუძვლიან არგუმენტად. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მითითებული გარემოებები წარმოადგენს მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობისა და შესაბამისი შედეგების აღწერას, რაც გამოწვეულია ქონებაზე სასამართლოს მიერ ყადაღის დადებით. კონსტიტუციურ სარჩელში, თანდართულ დოკუმენტაციაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი და 88-ე მუხლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებს, რომელიც მითითებულია კონსტიტუციურ სარჩელში. მოსარჩელის მოთხოვნის არც ერთი ნაწილი არ არის დასაბუთებული. მოსარჩელეს მოჰყავს მხოლოდ კონკრეტული ფაქტები, რომელთა შეფასებაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ობიექტურად შეუძლებელია. საერთო სასამართლოს მიერ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსარჩელის სურვილის მიუხედავად, სადავო ნორმების გამოუყენებლობის შემთხვევა და მოსარჩელის შეხედულებანი ნორმების არასრულყოფილების თაობაზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოდგენა შეგვექმნას მოსარჩელის პოზიციაზე სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის მოთხოვნებს შორის აზრობრივი და არსებითი ურთიერთმიმართების თაობაზე. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისად და არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
2. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან, ასევე მოსარჩელის განმარტებიდან ვერ გაირკვა სადავო ნორმებით მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დღეისათვის მოქმედი რედაქცია ძალაშია 2006 წლის 15 აგვისტოდან. მას არ აქვს უკუძალა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბუთები თარიღდება ადრეული პერიოდით. რაც შეეხება 2006 წლის 25 სექტემბრის წერილს, მასში არაფერია ნათქვამი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენებაზე მოსარჩელის მიმართ. გარდა ამისა, მოსარჩელის პრეტენზიაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საერთო სასამართლომ არ მოახდინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდის გადავადება (თუმცა ზოგიერთი თანდართული საბუთიდან საპირისპირო ირკვევა) ე.ი. არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ძველი რედაქცია, რომელიც ასევე ითვალისწინებდა მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადავადებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მსგავსი მდგომარეობაა ამავე კოდექსის 88-ე მუხლთან დაკავშირებით. ეს ნორმა ვერ დაარღვევდა მოსარჩელის უფლებებს იმის გამო, რომ ის არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ. მეტიც, მოსარჩელის ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ჩართულიყო საქმეში, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. სწორედ ამ პროცედურას და მესამე პირის უფლებებისა და მოვალეობების ზოგად ფარგლებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელით, თანდართული მასალებითა და მოსარჩელის განმარტებით ასევე არ ირკვევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით მისი რომელიმე კონსტიტუციური უფლების დარღვევის და საერთოდ, მოსარჩელის მიმართ მთლიანად ამ მუხლის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია ან არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალში უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი მხოლოდ ამ შემთხვევაში ანიჭებს საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. ამდენად, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - კონსტიტუციური სარჩელი არ არის შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების განმარტება რომელიმე კონკრეტული სუბიექტის მიმართ წარმოადგენს საერთო სასამართლოების კომპეტენციას და ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროში ასევე არ შედის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების წარდგენა პარლამენტისათვის და ამ წინადადებების მიღების თხოვნა მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მოსარჩელეს აძლევს უფლებას მიმართოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით.
III.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №404 (შპს „ლილი და კომპანია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი