პოლიტიკური მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/480 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 30 ივლისი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: პოლიტიკური მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1299 მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ მე–2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–5 მუხლის მე-2 პუნქტთან, 28–ე მუხლის პირველ და 50–ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №480) მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამ ,,სამართლიანი საქართველოსთვის“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2009 წლის 16 სექტემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2010 წლის 30 ივლისს.
2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი, მე–10 მუხლის პირველი პუნქტი და მე–15 მუხლი.
3. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1299 მუხლი განსაზღვრავს, რომ “საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში 2009 წლის 27 სექტემბერს გასამართი შუალედური არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის მაის–ივნისში”. სადავო ნორმა მიღებული იქნა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ (2009 წლის 10 აგვისტო, №1610-რს, მუხლი 1-ლი).
4. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ მე–2 მუხლი მიუთითებს, რომ “ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ კანონს შეუსაბამოს 2009 წლის 27 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი” (2009 წლის 10 აგვისტო, №1610-რს, მუხლი 2).
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ პოლიტიკურმა მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ რეგისტრაცია გაიარა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2009 წლის 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსში დამატების შეტანით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შუალედური არჩევნები გადაიდო ცხრა თვით, ხოლო ცალკეულ საარჩევნო ოლქებში სხვადასხვა ვადით: №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში – ერთი წლითა და 8 თვით, №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ერთი წლითა და ექვსი თვით, ხოლო №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ერთი წლითა და სამი თვით, რითაც ამომრჩეველს წაერთვა კონსტიტუციის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტით მინიჭებული უფლება, განახორციელოს ძალაუფლება თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.
6. მოსარჩელის აზრით, მას, როგორც საარჩევნო სუბიექტს – პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, სადავო ნორმების მოქმედებით, წაერთვა უფლება, მიეღო მონაწილეობა არჩევნებში და ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2009 წლის 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12.08.2009 წელს მიიღო №67/2009 და №68/2009 განკარგულებები, რომლებითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა: საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 27 ივლისის №37/2009 განკარგულება და საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით არსებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნულით დაირღვა არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისა და ამომრჩევლების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველი პუნქტი და 50–ე მუხლის პირველი პუნქტი.
8. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 50–ე მუხლის მე–3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ მიღებისას საქართველოში არ იყო გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და, შესაბამისად, არ არსებობდა არჩევნების გადადების აუცილებლობა.
II
1. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას გასარკვევია, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების საფუძვლებს.
მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტები. დასახელებული ნორმები განსაზღვრავენ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს დავა რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ. აღნიშნულ კომპეტენციას სასამართლო ახორციელებს უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის საფუძველზე. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე და 37-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, არჩევნების საკითხებზე სარჩელი შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ ნორმების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს. ხოლო მოსარჩელე – პოლიტიკური მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” არის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირი. ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, დასახელებული კომპეტენციის ფარგლებში იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1299 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ მე–2 მუხლის, როგორც არჩევნების/საარჩევნო პროცესის მომწესრიგებელი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია ამომრჩეველთა კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებული უფლებები. სასამართლო სარჩელის დასაშვებობის საკითხის გარკვევის მიზნებისათვის მიუთითებს, რომ დასახელებული კონსტიტუციური ნორმები არ განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიტანოს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც მიიჩნევს, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები. ამდენად, მოსარჩელე ამ მხრივაც ვერ იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლების მქონე სუბიექტი.
შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ აკმაყოფილებს “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ).
2. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით საარჩევნო სუბიექტებს დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება. მართალია, იგი ფორმალურად მიუთითებს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის დარღვევაზე, მაგრამ მოსარჩელეს საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს, რომ სადავო ნორმებით მოხდა მოსარჩელის, როგორც საარჩევნო სუბიექტის, კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა.
სარჩელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საკმარისი არ არის მოსარჩელემ მხოლოდ აღნიშნოს, რომ ის სადავო ნორმის ადრესატს წარმოადგენს, არამედ სარჩელი მაშინაა დასაბუთებული, როცა მოსარჩელე სათანადო არგუმენტებით მიუთითებს, რაში გამოიხატება სადავო ნორმებით მისი კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დარღვევა.Aანუ, მოსარჩელემ საფუძვლიანად უნდა წარმოაჩინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმასა და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის თაობაზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის და მე-16 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომელთა თანახმადაც, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, Aასევე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მოთხოვნის არსი, რაც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოში დასაბუთებული მოთხოვნის დაყენებას.
საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოარკვია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც მისი განსახილველად არმიღების საფუძველს ქმნის. კერძოდ, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ა)ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან óორგანოს (სუბიექტის) მიერ”.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” და “ვ ქვეპუნქტების და მე-18 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №480 (პოლიტიკური მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი